იურისტი ელენე ჩორგოლაშვილი გადაცემაში "შუადღე" სამეზობლო დავების შესახებ საუბრობს და ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემებზე, რომლებიც მრავალბინიან კორპუსებში ადამიანებს ხშირად აწუხებთ:
- სამეზობლო სამართალი ძალიან საინტერესო თემაა. ეს არის იმ ნორმათა ერთობლიობა, რომელიც ცდილობს, მეზობლებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესი მეტ-ნაკლებად დააბალანსოს და გადაწყვიტოს. სამეზობლო სამართალი, პირველ რიგში, ურთიერთპატივისცემის პრინციპზე დგას. მოვალეობასთან ერთად თმენის ვალდებულებაც გვაქვს. კოდექსში გაწერილია, რომ თუ თქვენი ინტერესი უმნიშვნელოდ ზიანდება, შესაძლოა, შეთანხმდეთ. თუ პირებს შორის შეთანხმება ვერ ხდება, ამისთვის არსებობს სასამართლო. ასეთ დროს ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. მაგალითად, შესაძლოა, მეზობელს პირუტყვი ჰყავდეს და უვლიდეს, ან სახლში ელექტროწისქვილი ჰქონდეს და საკუთარ საქმეს აკეთებდეს. თუმცა, თუ დადგინდა, რომ ნეგატიური ზემოქმედება კანონის ფარგლებს სცდება, რეალურად ნამდვილად შემაწუხებელი და დამაზიანებელია მეზობლისთვის, ასეთ დროს კანონმდებლობით მას კომპენსაციის მოთხოვნის უფლება აქვს.
- ზოგადად, მრავალბინიან კორპუსებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არსებობს. ის, რაც ინდივიდუალური საკუთრება არ არის, ლიფტი, სარდაფი თუ სახურავი, საერთო საკუთრებაა, აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ვალდებულია, მათ მოვლა-პატრონობაში წვლილი შეიტანოს. იქნება ეს ფინანსური დახმარება თუ სხვა რამ. თუ ურთიერთშეთანხმება ვერ ხდება, უფლებების დაცვის საშუალება სასამართლოა. საბოლოო ჯამში, მაინც სასამართლოში წასვლა და დავის წარმოება გვიწევს. იქნება ეს მეზობლებისთვის კონკრეტული მოქმედების განხორციელების დავალება თუ ფინანსურად ხარჯის გაღება. შესაძლებელია, მესაკუთრემ, ვისაც წყალი ჩადის, შეაკეთოს, გაწიოს ფინანსური ხარჯი და შემდეგ ანაზღაურება მოითხოვოს.
- როდესაც სახლს, კერძო საკუთრებას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, ასეთ დროს სამეზობლო სამართლიდან ვეღარ გამოვალთ, ვინაიდან ეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით რეგულირდება. თუ ჩვეულებრივ, სტატუსის არმქონე სახლში შეგვიძლია, სხვადასხვა სარემონტო სამუშაო ნებართვის გარეშე ვაწარმოოთ, მაშინ, როდესაც კერძო საკუთრებას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, ყველაფერზე, პატარა განხორციელებულ ცვლილებაზეც კი ნებართვა გვჭირდება. მით უმეტეს, სადარბაზოსა და ფასადზე.
- შეთანხმება ყველაზე კარგი გამოსავალია. სასამართლოს კუთხითაც, თავიდან ძალიან დიდ ხარჯს აირიდებენ. ყველა მშენებლობასთან დაკავშირებით შესაბამისი ნებართვა უნდა გაიცეს. არსებობს სპეციალური სტანდარტები, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს მშენებლობა და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, მეზობლების ინტერესებიც გათვალისწინებულია. თუ მეზობელი ხვდება, რომ მისი ინტერესი ზიანდება, მაშინ მშენებლობის ნებართვა უნდა გამოითხოვოს. თუ კონკრეტული მშენებლობა პროექტის მიხედვით სტანდარტებს არ შეესაბამება, გაასაჩივროს. თუ არ დაკმაყოფილდა, ისევ სასამართლოში მივდივართ.
შესაძლებელია, მშენებლობის დროს მეზობელი გასცდეს კიდევაც ფარგლებს და მეზობლის ტერიტორიაზე შეიჭრას. ასეთ საკითხს სამეზობლო სამართალი აწესრიგებს. მაგრამ, თუ მეზობელმა, რომლის ტერიტორიაზეც მეორე მეზობელი შეიჭრა, მაშინ, როდესაც ეს შეიტყო, არ დააფიქსირა და არ განაცხადა, რომ აღნიშნულის წინააღმდეგია, შემდეგ ერთმევა უფლება, რომ პრეტენზია დააფიქსიროს. გონივრული ვადა არსებობს. ფაქტობრივად, დაუყოვნებლივაც უნდა დააფიქსიროს წინააღმდეგობა. აქ ასევე მნიშვნელოვანია იმ მეზობლის ვალდებულება, რომელიც მეორე მეზობლის ფარგლებში გადაიჭრა. ეს განზრახ გაკეთებული არ უნდა იყოს. თუ შეჭრა გაუფრთხილებლად მოხდა და მეზობელმა წინააღმდეგობა არ დააფიქსირა, მას თმენის ვალდებულება ენიჭება. მან უნდა მოითმინოს თავის ნაკვეთში შეჭრა - თუ ეს განზრახ არ არის გაკეთებული. მიუხედავად იმისა, რომ მეზობელს თმენის ვალდებულება აქვს, კომპენსაციის მოთხოვნის უფლებაც აქვს.
- ტექნიკური რეგლამენტი აკუსტიკური ხმაურის ნორმებსა და დასაშვებ ზღვარს აწესრიგებს. დღის განმავლობაშიცაა მოწესრიგებული, მაგრამ დეციბელების დასაშვებობის რაოდენობა განსხვავდება. შესაბამისად, ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე სტანდარტი მაღალია. 11 საათის შემდეგ წვეულება რომ მოაწყოთ, შესაბამისი წესები უნდა დაიცვათ. ამის კონტროლი მეზობლების ან სხვა მოქალაქეების მიმართვიანობიდან გამომდინარეობს. არსებობს სპეციალური მოწყობილობები და თუ დადგინდება, რომ ხმაური დასაშვებზე მაღალია, ჯარიმა ან გაფრთხილება დაგეწერებათ.
-სანამ კორპუსი ექსპლუატაციაში შევა, ასეთ დროს ცალსახა პასუხისმგებელი მშენებელია, რომ უზრუნველყოს ქონების იმ მდგომარეობაში ჩაბარება, რასაც მოქალაქეებს შეჰპირდა.