აშშ-ის საელჩოს ცნობით, თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ინფორმაცია მიიღეს - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
“გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აშშ-ის საელჩომ თბილისის სამ სავაჭრო ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ ცნობები მიიღო:
“ისთ ფოინთ” სავაჭრო ცენტრში - ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. 2;
“გალერია თბილისი” სავაჭრო ცენტრში - შოთა რუსთაველის გამზირი 2/4;
თბილისის სავაჭრო სივრცე [“თბილისი მოლი”] - დავით აღმაშენებლის გამზირი 16.
თბილისის საელჩოს უსაფრთხოების რეგიონულმა ოფისმა ურჩია საელჩოს ყველა თანამშრომელს, მოერიდონ ამ ადგილებს შემდგომ გაფრთხილებამდე. გთხოვთ, თვალყური ადევნოთ ადგილობრივ ამბებს განახლებისთვის. დამატებით ინფორმაციას, როცა გვექნება, შეგატყობინებთ",- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში, რომელსაც ვებგვერდზე ავრცელებს.
განცხადებას გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური:
„მოქალაქეთა უსაფრთხოება სამსახურის უმთავრესი პრიორიტეტია და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახური ყველა საჭირო და გადაუდებელ ღინისძიებას ახორციელებს.
მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს, პატივი სცენ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამსახურების საქმიანობას, გამოიჩინონ მეტი პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ შესაბამის უწყებებთან შეუთანხმებელი განცხადებების გავრცელებისგან”, - წერია განცხადებაში.
„ევაკუაციის საჭიროება არ დამდგარა, თუმცა ჩვენი უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ შესაბამის ორგანოებთან და ცდილობენ, ყველაფერი მაქსიმალურად მოკლე დროში გაირკვეს.
მათი საქმიანობის სპეციფიკაზე და მიმდინარე სამუშაოების დეტალებზე საუბარი არ შემიძლია. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ჯერჯერობით ევაკუაციის საჭიროება არ არის“, - განაცხადა „ისთ ფოინთის“ წარმომადგენელმა.
„ჩვენთან არანაირი ტიპის ზარი და მეილი არ განხორციელებულა. ჩვენც ამერიკის საელჩოს ვებ-გვერდიდან გავიგეთ და შესაბამისი უწყებები ჩავაყენეთ საქმის კურსში.
ამ ეტაპზე ველოდებით მათგან შესაბამის მითითებებს. სხვა დამატებითი ზომები არ განხორციელებულა",-აცხადებენ "გალერია თბილისში".