სინამდვილეში რამდენი დღით უნდა დაისვენოთ კურორტზე, რომ შედეგი გქონდეთ და რომელი ქართული კურორტი რისთვის არის კარგი? - კურორტოლოგის რჩევები - მშობლები

სინამდვილეში რამდენი დღით უნდა დაისვენოთ კურორტზე, რომ შედეგი გქონდეთ და რომელი ქართული კურორტი რისთვის არის კარგი? - კურორტოლოგის რჩევები

2025-05-08 09:49:27+04:00

კურორტოლოგი თამარ ჩილინგარაშვილი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" განმარტავს, რამდენი დღით უნდა დავისვენოთ კურორტზე , რომ გავიჯანსაღოთ ორგანიზმი და კარგი შედეგი მივიღოთ:

- წინათ საკურორტო მკურნალობა 24 დღეს შეადგენდა. საბჭოთა კავშირის დროს საგზურებს პროფკავშირები განსაზღვრავდა. როგორც წესი, ეს საგზური 24-დღიანი იყო. ამაში ითვლებოდა ის, რომ პირველი-სამი დღე აკლიმატიზაციის პროცესი მიმდინარეობს. იმ დღეს მინერალური წყლისა და ტალახის პროცედურები არ ინიშნებოდა. ადამიანი კლიმატს ეგუებოდა. შემდეგ 12-15 პროცედურა ინიშნებოდა და ბოლო 2 დღეც პროცედურები აღარ ტარდებოდა და ისევ კლიმატოთერაპია გრძელდებოდა. 24 დღე საკმარისია. თუმცა, 2 კვირაც გამაჯანსაღებლად და პრევენციულად ძალიან კარგია. ზამთარში ქრონიკულად მოავადე ბავშვი კარგია, რომ ზაფხულში გავიყვანოთ. თუმცა, დღევანდელ დღეს მშობლებს არ აქვთ საშუალება, რომ დიდი ხნით გაიყვანონ. 24 დღეც კი მათთვის პრობლემაა.

ზღვის კურორტები განსაკუთრებით კარგია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისთვის. წინათ, როდესაც სტენტირება და შუნტირება არ იყო, ინფარქტგადატანილ პაციენტებს სარეაბილიტაციოდ ზღვის კურორტებზე ვაგზავნიდით. გადასარევი იყო ქობულეთი, გაგრა, სოხუმი, ბათუმი. სამკურნალოდ ინფრასტრუქტურა იყო შექმნილი. ციხისძირიც არაჩვეულებრივია.

მაგნიტური ქვიშა ყველაზე მეტად ურეკშია გამოხატული, შემდეგ ცოტა უფრო სუსტდება ეს ველი გრიგოლეთში და შეკვეთილში ნაკლებია. პაციენტი ქვიშაში წვება, რაც ძვალ-სახსროვანი, ხერხემლის დაავადებების დროს შესანიშნავია. კარგია ბავშვებში რაქიტის დროს, ვენების ვარიკოზის დროს, სარელაქსაციოდ და გამაჯანსაღებლად.

იხილეთ გადაცემა ვრცლად: