შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უცხოური ენების ჯგუფის ხელმძღვანელი რუსუდან ტყემალაძე აბიტურიენტებს უზიარებს იმ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც მათ უცხოურ ენაში ერთიან ეროვნულ გამოცდაზე უნდა გაითვალისწინონ:
- ცხადია, ცხელი ზაფხული გელოდებათ, მაგრამ მინდა, დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ჩვენი გამოცდა იმ ცოდნის ადეკვატურია, რაც სკოლაში მიიღეთ. ვფიქრობ, კარგი მომზადების პირობებში, ამ გამოცდის ჩაბარება არ უნდა გაგიჭირდეთ. ჩვენი ტესტი ოთხივე ენაში ერთნაირია.
ტესტი 7 ნაწილისაგან შედგება. აქედან ერთი მოსმენის დავალებაა. ამით ტესტი იწყება. მოსმენის დავალება, დაახლოებით, 10 წუთი გრძელდება. 10 წუთში შედის როგორც პაუზები, მოფიქრებისათვის, ასევე ტექსტის ორჯერ გამეორება. თავად მოსმენის ტექსტი ძალიან გრძელი არ არის. მას 8 დახურული სახის კითხვა მოსდევს. მინდა გთხოვოთ, რომ ვარჯიშისას მიაქციოთ ყურადღება, რომ კითხვებზე უპასუხოთ არა მოსმენის შემდეგ, არამედ მოსმენისას. ეს მეხსიერების ტესტი არ არის. ეს დავალება მოსმენის უნარს ამოწმებს. ჩანაწერი ძალიან კარგია. შეგიძლიათ, შარშანდელი მაგალითი ნახოთ. ჩვენი მხრიდან ხარისხი უზრუნველყოფილია. თუმცა, თუ საგამოცდო სივრცეში ან ხმაური შემოდის, ან მოსმენაში რაიმე დისკომფორტი გაქვთ, გაქვთ იმის საშუალება, რომ თავიდანვე უთხრათ თქვენს დამკვირვებელს და ამას ყურადღებას მიაქცევენ. შემდეგ უკვე აღარ გაითვალისწინებენ.
შემდეგი დავალებები: წაკითხულის გააზრება, სიტუაციური დიალოგის დალაგება, ლექსიკა, გრამატიკა - ყველა დახურული სახის კითხვისგან შედგება. თითოეულ სწორ პასუხზე 1 ქულას მიიღებთ. გთხოვთ, ნუ იჩქარებთ. ტექსტი და შეკითხვები კარგად წაიკითხეთ. ლექსიკური დავალება შედარებით უფრო რთულია, რადგანაც ტექსტის კონტექსტი უნდა გაიაზროთ. შეიძლება კონკრეტული სიტყვა იცოდეთ, მაგრამ მას კონტექსტში როგორ ჩასვამთ, ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება.
მე-6 დავალება სიტუაციური დიალოგია. გამოტოვებული წინადადებები კონტექსტუალურად სწორად უნდა ჩასვათ. აქაც გთხოვთ, რომ მთლიანი კონტექსტი გაითვალისწინოთ, რაზეა საუბარი, სად უფრო ადეკვატურია ეს პასუხი დასმულ შეკითხვაზე და ასე შემდეგ.
ესე 16-ქულიანია და შეფასების მკაცრი კრიტერიუმებით სწორდება. მას 2 გამსწორებელი ასწორებს. თუ პირველსა და მეორეს შეფასებას შორის ქულობრივი განსხვავებაა, ეს ნაწერი მესამე გამსწორებელთან მიდის. სტანდარტი 120-170 სიტყვაა. გირჩევთ, სიტყვების რაოდენობას ძალიან ნუ გადააჭარბებთ. რაც არ უნდა კარგად იყოთ მომზადებული, რაც მეტს წერთ, ბუნებრივია, უცხო ენაა და მეტ შეცდომას უშვებთ. პასუხების ფურცელში ჩარჩო გავაკეთეთ და თქვენს პასუხს იქ ჩაატევთ. მოცემულია დებულება და ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი უნდა გამოთქვათ. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ფასდება თქვენი პირადი აზრი. დაზეპირებული, მზად მოტანილი შინაარსი ძალიან ცუდად ფასდება. თქვენი გულწრფელი აზრი დააფიქსირეთ. საკუთარი გამოცდილება, ცხოვრებისეული გამოცდილება ჩააქსოვეთ და მერწმუნეთ, რომ უფრო კარგ და მაღალ ქულას მიიღებთ.
ასევე, ჩვენთან აბიტურიენტის სახელისა და გვარის მითითება, ტრადიციულად, მინიშნებად ითვლება და ეს კონკრეტული ნაწერი არ ფასდება.
გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ სპეციალურად მომზადებული კრებული ოთხივე ენაში, რომელიც ჩვენმა ჯგუფმა თქვენთვის მოამზადა იმისათვის, რომ უკეთ გაეცნოთ ფორმატს, შეფასების კრიტერიუმებს... გარდა ამისა, ამ წლების განმავლობაში უამრავი ტესტი დაგვიგროვდა. ყველა ქვეყნდება. საგამოცდო დროს, რომელიც 2 საათ-ნახევარია, ძალიან კარგად უნდა იცნობდეთ, ფორმატს, დავალებების რაოდენობას. ჩვენი ძველი ტესტები ამაში დაგეხმარებათ. გთხოვთ, რომ ამაზე ივარჯიშოთ. ასევე, ივარჯიშეთ პასუხების გადატანაში. ტექნიკური მხარე ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შინაარსობრივი მხარე.