"დაწყებით კლასებში საშინაო დავალება სტრესი, სასჯელი არ უნდა გახდეს... ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ შეცდომის დაშვებაც შეიძლება. რაღაცას თუ ვერ გაიგებს, ესეც ნორმალურია...“ - დაჩი ნანობაშვილი - მშობლები

"დაწყებით კლასებში საშინაო დავალება სტრესი, სასჯელი არ უნდა გახდეს... ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ შეცდომის დაშვებაც შეიძლება. რაღაცას თუ ვერ გაიგებს, ესეც ნორმალურია...“ - დაჩი ნანობაშვილი

2025-05-09 10:18:16+04:00

პედაგოგი დაჩი ნანობაშვილი გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს, როგორი მიდგომა უნდა ჰქონდეთ მშობლებსა და მასწავლებლებს დავალებებთან დაკავშირებით, რომ ბავშვმა მეცადინეობის პროცესი სასჯელად არ აღიქვას:

- პირდაპირ ცალსახად რაიმეს თქმა რთულია, რადგანაც საშინაო დავალება სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა დატვირთვას ატარებს. დოზა და შინაარსიც სხვადასხვა უნდა იყოს. ამ შემთხვევაში, დაწყებით კლასებზე ვისაუბრებ. დაწყებით კლასებში საშინაო დავალება სტრესი, სასჯელი არ უნდა გახდეს. ის, რომ ჩვენ, სამწუხაროდ, ვაჩვევთ ბავშვს, რომ შეცდომა არ უნდა დაუშვას, ყველაფერი სწორად უნდა ეწეროს - ამაში მშობელიც და მასწავლებელიც სცოდავს. მასწავლებელი შენიშვნებს აძლევს. მშობელს, ბუნებრივია, ჰგონია, თუ ყველაფერი კარგად ექნება და იმ დავალებაზე მეტსაც დაწერს, რაც სკოლაში მისცეს, უკეთესია. ზოგჯერ თვლიან, რომ დავალება ძალიან ცოტაა. ზოგჯერ პირიქითაც... დოზირება და ამავე დროს, მშობლის ინფორმირება ყოველთვის მნიშვნელოვანია. უნდა განვმარტოთ რა არის საშინაო დავალება და რისთვის არის ის. საშინაო დავალება აუცილებელი კომპონენტია. ცოდნის ფორმირება ასე ხდება: ბავშვი სკოლაში მივიდა, მოისმინა, რაღაც ახალი გაიგო, იქვე სცადა, შეეშალა, მიიღო მითითება, ჩაასწორა, მაგრამ შემდეგ საკუთარ თავთან მარტო უნდა დარჩეს. ანალოგიურ პრობლემაზე სახლში თავად უნდა დაიწყოს ფიქრი. ფიქრს იწყებს, თავის ვერსიას წერს და არა ის, რომ პირველ-მეორე კლასელს დედა გვერდით დაუჯდეს, ყოველ შეცდომაზე რვეულიდან ფურცელი ამოახევინოს და თავიდან დააწერინოს. ეს, რა თქმა უნდა, სტრესია.

ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ შეცდომის დაშვებაც შეიძლება. რაღაცას თუ ვერ გაიგებს, ესეც ნორმალურია. რომ მივიდეს და იკითხოს, პრობლემა არ არის - თუ ბავშვს ასე გავზრდით, მაშინ ზედა კლასებში აღარ გაუჭირდება. პირველი კლასიდან და არა მე-5 კლასიდან, სადაც უკვე ნიშნების წერას ვიწყებთ, უნდა დავიწყოთ საშინაო დავალების შინაარსის სწორად გაგება. დაბალი კლასები არ არის ის ეტაპი, რომ მოსწავლემ ერთხელ დავალების შესრულება ვერ შეძლოს და ამით პროგრამას ჩამორჩეს.

პროცესი, რომელიც სკოლაში მიმდინარეობს, ბავშვისთვის დამთრგუნველი, შეურაცხმყოფელი არ უნდა იყოს. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, რომ აზრის გამოთქმა, სხვისი მოსმენა, სხვისი აზრის გათვალისწინება, შეცდომის დაშვება პრობლემა არ არის. თუ მშობელი და მასწავლებელი მის შეცდომაზე, გამოთქმულ აზრზე არასწორად რეაგირებს, მაშინ ჩვენ მას ამ პროცესს ვაჯავრებთ. იმიტომაა, რომ ხშირად ბავშვს სკოლაში მისვლა აღარ უნდა. სულ შეცდომები, მითითება, საყვედურები ხვდება... ის გარემო, სადაც ბავშვია, მისთვის სასიამოვნო უნდა იყოს, მართლა იღებდეს ცოდნას და თავისი აზრის გამოთქმის არ ერიდებოდეს.