ექიმ-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი ორსულობის დაგეგმვის შესახებ საუბრობს და ასახელებს იმ ასაკობრივ კატეგორიას, როდესაც კვერცხუჯრედების რაოდენობა და ხარისხი მნიშვნელოვნად ქვეითდება:
- თითქმის 25 წელია, რაც ექიმ-რეპროდუქტოლოგად ვმუშაობ. ამ 25 წლის მანძილზე ოჯახის დაგეგმვასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. იმ დროს წყვილებს კონტრაცეფციის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაცია ჰქონდათ და ორსულობის დაგეგმვა ხელოვნური აბორტით ხდებოდა. განსხვავებით იმ დროისგან, დღეს ეს ასე ბევრად უფრო იშვიათად ხდება. დღეს არსებობს კონტრაცეფცია, ამის შესახებ იციან და აქტიურად გამოიყენებენ. ქალები მუშაობენ, აქვთ კარიერა, არიან ძალიან წარმატებულები, ამიტომ მათ არ ჰყოფნით დრო იმისათვის, რომ თავიდანვე ორსულობა დაგეგმონ, რადგან ბავშვის ყოლა, მოგეხსენებათ, დიდი პასუხისმგებლობაა. ამავე დროს, დიდ ფინანსებსაც მოითხოვს.
ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ ქალმა 60, 50 წლის ასაკში იმშობიარა... 70 წლის ქალბატონზეც კი შემხვდა ინფორმაცია, რაც ჩემთვის, როგორც ექიმისთვის, დაუჯერებელია. მაგრამ, საქმე იმაშია, რომ დღეს ინვიტრო განაყოფიერება არსებობს, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ მენოპაუზაშიც კი ქალი დაორსულდეს და ბავშვი გააჩინოს.
50 და 60 წლის ასაკში შეუძლებელია, ქალს საკუთარი კვერცხუჯრედი ჰქონდეს. როგორც წესი, ეს დონორი კვერცხუჯრედით კეთდება. ან კეთდება საკუთარი კვერცხუჯრედით, თუ ის ქალს 20-25 წლის წინ აქვს შენახული.
ამ წლების მანძილზე ადამიანების ანატომია და ფიზიოლოგია არ შეცვლილა. რაც უფრო მეტია ქალის ასაკი, კვერცხუჯრედი მით უფრო ნაკლებია და მისი ხარისხიც უფრო დაბალია.
აქედან გამომდინარე, რაც უფრო მალე დაიგეგმება ორსულობა, მით უკეთესია ნაყოფისა და დედისთვის. რადგან, დედის ორგანიზმი ახალგაზრდა ასაკში უფრო ჯანმრთელია.
35 წლის შემდეგ კვერცხუჯრედის ხარისხი უფრო ინტენსიურად ქვეითდება. ასეთი მრუდი რომ წარმოვიდგინოთ - 25 წლის ასაკი პიკია, როდესაც ყველაზე კარგია დაორსულების შანსი. 25 წლის შემდეგ ნელ-ნელა დაბლა მიდის. 30 წლის შემდეგ კიდევ უფრო დაბლა, 35 წლის შემდეგ მრუდი დაბლა უფრო სწრაფად მიდის, 40 წლის შემდეგ კი მრუდი ვერტიკალური ხდება და ძალიან სწრაფად კრიტიკულ დონებზე ეცემა.
მინდა, რომ რასაც ვამბობ, მაყურებელმა სწორად გაიგოს. იმას არ ვამბობ, რომ ორსულობა აუცილებლად 20-დან 25 წლამდე ასაკში უნდა დაგეგმოთ. ყველა ადამიანს საკუთარი ნება აქვს და როცა უნდა, მაშინ დაგეგმავს. მაგრამ, როგორც ექიმი, სამედიცინო თვალსაზრისით ვამბობ, რომ ფიზიოლოგიურად ორსულობის დაგეგმვა 30 წლამდე ასაკში უკეთესია. 35 წლის ასაკის შემდეგ კვერცხუჯრედების ხარისხი მნიშვნელოვნად მცირდება.
47, 48 წლის პაციენტებიც მყოლია, რომლებიც ფიზიოლოგიურად, ბუნებრივად დაორსულებულან, მაგრამ ეს ცალკეული შემთხვევებია. მედიცინა სტატისტიკაა. სტატისტიკურად თუ შევხედავთ, ქალების უმრავლესობა უფრო ახალგაზრდა ასაკში ორსულდება და გართულებების რისკიც ნაკლებია.