სასკოლო ექსკურსია ყოველთვის საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელ ნაწილად ითვლებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს სახალისო აქტივობა ბევრ სირთულესთან აღმოჩნდა დაკავშირებული. ტრანსპორტისა თუ საკვების სიძვირე, უსაფრთხოების პრობლემები და უზარმაზარი პასუხისმგებლობა ბევრ მშობელს აიძულებს, უარი თქვას მასში მონაწილეობაზე.
რას ფიქრობენ მშობლები ექსკურსიის საჭიროებაზე, რა უჯდებათ წელს ეს სიამოვნება და რა პობლემები აწუხებს უმრავლესობას - ამ ყველაფრის შესახებ მშობლები სოციალურ ქსელში წერენ.
- „რა საჭიროა ყოველ წელს წინ და უკან წოწიალში ამდენი ფულის გადაყრა, მით უმეტეს ხშირად გაუმართავი ტრანსპორტით? რომელი ღირშესანიშნაობა აინტერესებთ, ან რას აღიქვამენ პატარა ბავშვები? ჩვეულებრივი ღრეობებია ახლანდელი ექსკურსიები. ვიღაცეები კაი ფულს აკეთებენ, თან რომ ჰკითხო ხალხს, პურის ფული არა გვაქვსო.“
- „ვისაც უნდა მოკიდებს თავის შვილს ხელს და წავა სადაც უნდა თავის ჯიბის მიხედვით…რა საჭიროა ყოველი წლის ბოლოს 200ლ ხარჯი თითო ბავშვზე. ან 2-დღიანი და სამდღიანი ტურები 500ლარად. უხერხულ სიტიაციაშია ბევრი მშობელი, რომელსაც არ აქვს ამხელა თანხა და რატომ უნდა დაიჩაგროს ბავშვი?“
- „ასტრალშია გასული ფასები, რასაც მძღოლები ითხოვენ. არავის აინტერესებს ღირსშესანიშნაობები“
- „ჯერ ტრანსპორტის შოვნაა ფანტასტიკის სფერო და მერე თუ იშოვე, ფასებია ისეთი, ორი ბავშვის ექსკურსია თვის ხელფასი ჯდება.“
- „მძღოლებთან კაცები მიაგზავნეთ თანხაზე დასალაპარაკებლად და მაგდენი არ დაგიჯდებათ! ქალებს გატყუებენ!“
- „კახეთში გვინდოდა ორდღიანი ექსკურსია, დაახლოებით 500 ლარი გამოვიდა ხარჯი.“
- „მაგიტომაცაა მერე უამრავი მშობელი ვალს იდებს, რომ ბავშვი არ გამოაკლდეს. ვისაც 4 და მეტი ჰყავს, მან რა ქნას? მე შენ გეტყვი და ხელფასებია იმხელა...
- „ბევრი მშობელი ვერ ახერხებს ამდენი ფულის გადახდას და ბავშვი რჩება გულმოკლული, გიღირთ ასეთი სეირნობა?“
- „ჩემი უფროსი შვილი იყო 3-დღიან ექსკურსიაზე სამჯერადი კვებით, დაგეგმილი აქტივობებით( კლდეზე ცოცვა, ხეზე ცოცვა, კაიაკი, მშვილდისრის სროლა და მთის ველოსიპედით სეირნობა.) საღამოს გასართობი პროგრამებით და ეს ყველაფერი 350€. ვისურვებდი საქართველოშიც იგეგმებოდეს მსგავდი ექსკურსიები სკოლიდან , მშობლების გარეშე და 350 ლარად“.
- „მგონია, რომ ახლანდელ ბავშვებს ნაკლებად აქვთ რამის ნახვის სურვილი, უფრო მშობლებს უნდათ იქ გართობა და ჭამა“
- „არანაირი შემეცნებითი დატვირთვა აღარ აქვს ამ ექსკურსიებს… ჭამა და ტაშფანდური…ბავშვების გართობა/ურთიერთობაც ანიმატორებზეა და რაღა აზრი აქვს, ვერ ვხვდები…არც ის დრო არაა, რომ შვილის წაყვანა სადმე ვერ შეძლოს ოჯახმა და სკოლით იცნობდეს სამშობლოს. გართობა ამ თაობის ბავშვებს არ აკლიათ მშობლებისგანაც და ვერ ვხვდები რა საჭიროა ყოველ წელს ეს გასვლები, სადაც ბევრი რისკი და პასუხისმგებლობაა.“