საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ლუკა ლოჩოშვილი და მისი მეუღლე, სალომე ლაშხი გადაცემაში "ნოესთან" ერთმანეთის შესახებ საუბრობენ და სიყვარულის ისტორიას იხსენებენ:
სალომე ლაშხი: ლუკა ძალიან თბილი, ყურადღებიანი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ადამიანია. აქვს ის საქმე, რაც ძალიან უყვარს და კარგად გამოსდის. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თან ამით მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. ლუკას გრაფიკი ყოველთვის იცვლება. ამასთან შეგუება მოვახერხე. მარტო ყოფნა და სეირნობაც მიყვარს. მეგობრებთან ერთადაც გავდივართ ხოლმე და ასე ვაბალანსებთ.
პირველად თავად დამინახა. ძალიან მზრუნველი იყო. შესაძლოა, უცნაურად ჟღერს, როცა პირველად ხვდები ადამიანს, ასეთ რაღაცას ვერ ამჩნევ, მაგრამ ჯენტლმენური თვისებებით გამოირჩეოდა და ჩემი სიმპათია დაიმსახურა.
როდესაც ნაკრებში თამაშობს, სულ სხვა ემოციაა. სხვა გრძნობა და პასუხისმგებლობაა ლუკასთვისაც და ჩემთვისაც. სულ სხვა სიამაყის შეგრძნებაა, რადგანაც ქვეყანას ემსახურება და ქვეყნის სახელით თამაშობს.
ლუკა ლოჩოშვილი: როდესაც სალომე პირველად ვნახე, რესტორანში მეგობრებთან ერთად ვიყავით. არ ვიცნობდი, უბრალოდ, შორიდან დავინახე. ძალიან მომეწონა. მეგობრებსაც ვუთხარი, რომ ძალიან ლამაზი იყო და ვკითხე, იცნობდნენ თუ არა. მაგრამ არავინ იცოდა, ვინ იყო... ზოგადად, არ მჩვევია, რომ მივიდე და დაველაპარაკო. უბრალოდ, ისე დაემთხვა, იმ დროს ტელეფონზე ჩემმა ძმაკაცმა დამირეკა და სალომეზე ვუთხარი, რომ ძალიან მომეწონა. ძალიან გამიმართლა. ისე მოხდა, რომ ის სალომეს იცნობდა. მეგონა, რომ შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ ასე არ ყოფილა. უკვე ნელ-ნელა დავიწყე შესწავლა. შემდეგ ყვავილები გავუგზავნე, მიმოწერა დავიწყეთ და თბილისში რომ ჩამოვედი, სისტემატურად ვნახულობდი. ასე აგვეწყო ურთიერთობა. შეყვარებულობის პერიოდში უკვე დისტანციაზე ვიყავით, რადგან ავსტრიაში ვთამაშობდი. სალომე თბილისში იყო, სწავლობდა. რამდენჯერმე ვნახულობდით ერთმანეთს და ძნელი იყო. გადავწყვიტე, რომ ჩამომეყვანა. არაფერი იცოდა, მისი მშობლები ჩავაყენე საქმის კურსში, რომ ხელის თხოვნას ვაპირებდი.
ავსტრიაში ულამაზესი ადგილია, ტბასთან ხელის თხოვნა დავგეგმე. პატარა გემი იყო, მეგობრებთან ერთად გავედით. მაგრად ვინერვიულე იმიტომ, რომ მთელი დღე ისეთი წვიმა იყო, იდეა წყალში იყრებოდა. გამიმართლა, ცა გაიხსნა და ნახევარი საათი მზე გამოვიდა...
სალომე ძალიან ლამაზი, თბილი და ყურადღებიანი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, უკონფლიქტოდ იცხოვროს და სხვა ადამიანებთან საერთო ენა მარტივად გამოძებნოს. ჩვენი ურთიერთობაც ასე დაიწყო. საერთო ენა მარტივად გამოვნახეთ. ძალიან ჭკვიანია და ეს მეხმარება, რომ ჭკვიანური გადაწყვეტილებები მივიღო.