ფიტნეს მენტორი, ლუკა ჩიხლაძე გადაცემაში "შუადღე" კვების რაციონისა და იმ ვარჯიშების შესახებ საუბრობს, რაც წონაში კლების პროცესში დაგვეხმარება. ასევე სპეციალისტი გვირჩევს, თუ როგორ შეგვიძლია, მუცლის ცხიმი მოვიშოროთ:
- მუცლის ცხიმის მოშორება იმიტომაა რთული, რომ ბიოლოგიურადაა დაცული. ჩვენი ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია, რომ მუცლის არეში ცხიმი ჰქონდეს. გარდა ამისა, გენეტიკა ძალიან დიდ როლს თამაშობს. ძირითადად, ცხიმის დაგროვების ადგილი სტატისტიკურად მუცლის არეა. მუცლის ცხიმიც ცხიმის წვის დროს ისეთივე პროცესს გადის, როგორც ორგანიზმის სხვა ნებისმიერ ადგილას. თუმცა, მუცლის ცხიმი ბოლო იწვება ხოლმე, გრძელვადიანი პროცესია და ადამიანს ზოგჯერ საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავს.
გარდა გენეტიკური ფაქტორისა, ძალიან მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ, თუ რას ვჭამთ. შესაძლოა, ჰორმონალური პროცესები, სტრესი ახდენდეს გავლენას. ასევე, უმოძრაო ცხოვრების წესი, იმაზე მეტი საკვების მიღება, ვიდრე ჩვენს ორგანიზმს სჭირდება. ძილის უკმარისობაც შიმშილის ჰორმონების გააქტიურებას იწვევს. თუ დაჰკვირვებიხართ, ცუდი ძილის შემდეგ, მეორე დღეს იმაზე უფრო მშიერი ხართ, ვიდრე ჩვეულებრივ. ზოგჯერ 3 თვით ვდიეტობთ, შემდეგ ვუბრუნდებით იმას, რასაც იქამდე ვაკეთებდით, რაც არასწორია. ცხოვრების ჯანსაღი წესი უნდა შევიმუშაოთ.
ხშირ შემთხვევაში, დიეტა ან კლებასთან ასოცირდება ან ათლეტების სპეციფიკურ კვებასთან. არადა ჯანსაღი ადამიანებისათვის დიეტა ჩვეულებრივი მოცემულობა უნდა იყოს. უბრალოდ, იმდენად შეგვეცვალა გემოვნება, რომ რაღაცებს, რასაც ჩვეულებრივ უნდა ვიღებდეთ, მაგალითად, კვერცხს, ქათმის ფილეს, საქონლის ხორცს, მხოლოდ დიეტის ნაწილად მოვიაზრებთ...ინტერნეტ ერაში სხვადასხვა დიეტა გახდა აქტუალური. ხალხი ნახშირწყლებს არ იღებს, არც ჯანსაღ ცხიმებს. თვითნებურად მიირთმევენ სხვადასხვა პროდუქტს, რაც არ შეიძლება. ჩვენს ჰორმონალურ სისტემაზე ჯანსაღი ცხიმები მოქმედებს, ენერგიას ნახშირწყლები განაპირობებს და უბრალოდ არასწორი იქნება, იმიტომ, რომ იმის გამო, რომ წონაში დავიკლოთ, ეს არ უნდა მოვიკლოთ. ორგანიზმში ყველაფერი ჯაჭვურად მოქმედებს - ცილებიც მნიშვნელოვანია, ცხიმებიც და ნახშირწყლებიც.
კვება ცხიმის წვასთან პირდაპირ კავშირშია. ვარჯიშთან ერთად, გარდა იმისა, რომ კუნთი იზრდება, შეიძლება ორგანიზმს ენერგოდეფიციტი შევუქმნათ. ვარჯიშსა და ცხიმის წვას შორის ასე პირდაპირი კავშირი არ არის. შესაძლოა, გარკვეულ კონდიციაში ორგანიზმს საწვავად ცხიმი გამოვაყენებინოთ, თუმცა ყველაფერი მაინც კვებაზეა დამოკიდებული. სულ რომ ოლიმპიელი ათლეტებივით ვივარჯიშოთ, თუ არ გვექნება დიეტა, შედეგი არ გვექნება.
რაციონის შედგენა ძალიან ინდივიდუალური პროცესია. ყოველთვის ყველას ვურჩევ, რომ არ ჭამოთ ის საჭმელი, რაც არ გინდათ, იმიტომ, რომ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვერ გააკეთებთ. მე თევზს ვერ ვჭამ, ამიტომ რაციონში არ მაქვს. თუმცა, ამ დროს სხვა პროდუქტს ვიღებ.
ჯობს, ძილის წინ ნახშირწყლები არ მიიღოთ და ცილოვან პროდუქტებს მიანიჭოთ უპირატესობა.
სპეციალისტი ასევე გვირჩევს ვარჯიშებს, რომლებიც მუცლის ცხიმის წვისთვის დაგვეხმარება, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ, ნახოთ გადაცემაში: