საქორწილო თაიგულს ბევრი გოგონა განსაკუთრებული მონდომებით არჩევს. თუმცა, იმას, თუ რომელი ყვავილებისაგანაა თაიგული შექმნილი, იმაზე გაცილებით დიდი მნიშვნელობა ჰქონია, ვიდრე შეიძლება, ვიფიქროთ. მეტიც, თუ ფლორიოგრაფიას დავუჯერებთ, თითოეულ კვირტს თავისი მნიშვნელობა და შინაარსი აქვს.
ულამაზესი სურნელოვანი პეონები დიდი ხანია, საქორწილო ცერემონიების ფავორიტებს შორისაა. ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან, დრიუ ბერიმორი, ნიკოლ კიდმანი, სწორედ პეონების თაიგული ჰქონდათ ქორწილში. ითვლება, რომ ქორწილში პეონები სიმბოლურად დიდ, ძლიერ და მეგობრულ ოჯახს განაპირობებს. შუა საუკუნეებშიც კი, ეს ყვავილები მრავალი შვილის ყოლის სიმბოლო იყო.
ორქიდეები უჩვეულო ფორმითა და გამორჩეული ფურცლებით ნამდვილად იპყრობს ყურადღებას. ორქიდეებით შექმნილი თაიგული ძალიან ლამაზი და დახვეწილია. ყვავილების ენაზე ორქიდეები ქალურ ხიბლს, ემოციურობას გამოხატავს. ითვლება, რომ თუ ორქიდეებით საკურთხეველთან მიხვალთ, მეუღლისთვის ნამდვილ მუზად გადაიქცევით. გარდა ამისა, ორქიდეები ძალიან გამძლე ყვავილებია და მთელი ცერემონიის განმავლობაში შეგიძლიათ, თავისუფლად გამოიყენოთ. შესანიშნავი არომატი აქვს და პატარძლის კოსტიუმთანაც, როგორც წესი, თანხვედრაშია.
ბოლო დროს, საქორწილო დეკორაციებში ბაღის ყვავილებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ერთ-ერთი მოთხოვნადი ყვავილი კი რანუნკულუსია. რანუნკულუსი სიმბოლურად გახსნილობას, გულწრფელობასა და პატიოსნებას გამოხატავს. ამ თვისებების გარეშე კი ბედნიერი ქორწინების წარმოდგენა ძნელია.
ბოლო დროს პატარა გვირილები, რომლებსაც ასევე მატრიკარიას უწოდებენ, ბევრი პატარძლისთვის ერთ-ერთი სასურველი ყვავილია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ყვავილი ხანგრძლივ და ერთგულ კავშირს განაპირობებს.
ულამაზესი, სურნელოვანი, დახვეწილი ფორმის ყვავილები ქორწილისთვის ასევე შესანიშნავი არჩევანია. ყვავილების ენაზე, ფრეზია დიდი ხანია, ღრმა გრძნობასთან, სიყვარულთან ასოცირდება.
ცოტამ თუ იცის, რომ ფრეზიები არა მხოლოდ თეთრი ფერის, არამედ სხვადასხვა ფერისაა. შესაბამისად, არჩევანი მრავალფეროვანია.
ანტურიუმი იშვიათი ყვავილია, რომელიც ტრადიციულ ფლორისტიკაში მიმზიდველობასთან, მარადიულ სილამაზესა და სიყვარულთან ასოცირდება.