საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, 14 წლის ასაკს მიღწევიდან 6 თვის ვადაში პირადობის მოწმობა აიღოს. პირადობის მოწმობის აღება იქამდეც შესაძლებელია, თუმცა, ეს სავალდებულო არ არის.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 4 ივნისიდან პირადობის მოწმობების დიზაინი იცვლება. შესაბამისად, ყველა ის ადამიანი, ვინც პირადობის მოწმობის აღებას 4 ივნისის შემდეგ გადაწყვეტს, განახლებული დიზაინის მოწმობას მიიღებს. როგორც ცნობილია, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის, დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობის, მუდმივი ბინადრობის ელექტრონული მოწმობისა და დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ტექნიკური მახასიათებლები იცვლება.
თუმცა, იმ ადამიანებს, რომელთა პირადობის მოწმობასაც ვადა აქვს, ახლით ჩანაცვლება არ მოუწევთ და სარგებლობას ჩვეულებრივ გააგრძელებენ. ხოლო, ვინც 4 ივნისიდან რაიმე მიზეზით ახალ მოწმობას აიღებს, როგორც აღვნიშნეთ, განახლებული დიზაინის პირადობის მოწმობას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 1-ელი ივლისიდან პირადობის არაელექტრონული (ლამინირებული) მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული, გაუქმდა. შესაბამისად, თუ თქვენ ჯერ კიდევ ასეთი პირადობის მოწმობები გაქვთ, მის გამოყენებას ვეღარსად შეძლებთ.
როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განგვიცხადეს, თუ მოქალაქეს კვლავ 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობა აქვს და ელექტრონული მოწმობა არასდროს აუღია, შეუძლია, აღნიშნული მოწმობა სრულიად უფასოდ გამოცვალოს. ამისთვის, შეგიძლიათ, მთელი საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლებს მიმართოთ.
სტანდარტულად, 10 სამუშაო დღეში ელექტრონული პირადობის მოწმობის დამზადება ფოტოსურათის ჩათვლით 65 ლარი ღირს.
პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
აღსანიშნავია, რომ პირადობის მოწმობაზე შეგიძლიათ, სტუდენტის სტატუსი დაიტანოთ და სხვადასხვა სახის ფასდაკლებითა და შეღავათებით ისარგებლოთ როგორც საჯარო, ისე კერძო დაწესებულებებში. ასევე, პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შშმ პირის სტატუსის დატანაც შეიძლება.
ინფორმაცია სტატუსის დატანის ან სხვა პროცედურების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე გაეცნოთ.
თამარ იაკობაშვილი