"სხვა ბავშვებს რომ ყიჟინა და ორომტრიალი აქვთ, ჩემი შვილი ცალკე დგას და მათ თამაშში არ ერთვება... ეს კარგია თუ ცუდი?" - როგორ დავეხმაროთ ჩაკეტილ ბავშვს ან სჭირდება თუ არა ეს დახმარება - მშობლები

"სხვა ბავშვებს რომ ყიჟინა და ორომტრიალი აქვთ, ჩემი შვილი ცალკე დგას და მათ თამაშში არ ერთვება... ეს კარგია თუ ცუდი?" - როგორ დავეხმაროთ ჩაკეტილ ბავშვს ან სჭირდება თუ არა ეს დახმარება

2025-05-15 11:06:05+04:00

ბავშვები ეზოში დარბიან, ერთად თამაშობენ, ხმაური და ჟივილ-ხივილი დგას. თქვენი შვილი კი სახლიდანაც ვერ გამოგყავთ, ან გამოდის და თავისთვის დგას, არ ერთვება გუნდურ თამაშებში. ასეთ გართობას ფაზლები, კონსტრუქტორები, ხატვა ურჩევნია და სულაც არ ცდილობს თანატოლებს შორის მეგობრები გაიჩინოს. კარგია ეს თუ ცუდი?

იმაზე, რომ მათი შვილი არ ურთიერთობს სხვებთან, ყველაზე ხშირად ისეთი მშობლები წუხან, რომლებიც თავად მოვლენების და მეგობრების გარემოცვაში იზრდებოდნენ. მათ ჰგონიათ, რომ პატარა მარტოობით იტანჯება, ამიტომ ცდილობენ დაეხმარონ მას, დაჰყავთ სხვადასხვა ზეიმებზე და წრეებზე, აბარებენ საბავშვო ბაღებში და უშვებენ საზაფხულო ბანაკებში. "იურთიერთე, იმეგობრე, ისაუბრე, ეს შენ გჭირდება" - ჩააგონებს დედა (ან უფრო ხშირად მამა), მაგრამ ნამდვილად სჭირდება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიგოთ ბავშვის არაკომუნიკაბელურობის მიზეზი.

ჯერ დრო არ დამდგარა

პირველი და მთავარი, რაზეც უნდა დაფიქრდეთ: ნამდვილად იტანჯება თუ არა ბავშვი მარტო ყოფნით? უჩივის თუ არა იმას, რომ ვერ ახერხებს თანატოლებთან თამაშს, თუ სავსებით ჰყოფნის ოჯახის წევრები? მოდის თუ არა საბავშვო ბაღიდან ან სკოლიდან დათრგუნული და შეწუხებული? და საერთოდ, როგორ თამაშობს?

მკვლევარებმა შენიშნეს, რომ ბავშვის გაზრდასთან ერთად თამაშის ტიპი თანდათანობით იცვლება - თავდაპირველად ინდივიდუალური (ბავშვი თავისთვის თამაშობს), შემდეგ პარალელური (ბავშვები ერთსა და იმავეს თამაშობენ, მაგრამ გვერდიგვერდ და თავისთვის), ერთობლივი (თამაშის პროცესში ხდება დაკვირვება და ერთმანეთთან ურთიერთობა) და ბოლოს, კოოპერაციული (ბავშვები ანაწილებენ როლებს, ათანხმებენ ქცევას, ავითარებენ საერთო მიზნებს).

ნორმის პირობებში, ოთხი-ხუთი წლის ასაკში ბავშვი აღწევს კოოპერაციული თამაშის დონეს და სიამოვნებით მონაწილეობს მასში. თუ ბავშვი "ჩარჩენილია" რომელიმე ეტაპზე და უარს ამბობს საერთო თამაშებში მონაწილეობაზე, შესაძლოა, ის უბრალოდ ჩამორჩება სოციალური განვითარებით. ხოლო თუ, ამის გაკეთების უნარის აქვს, მაგრამ მაინც ინდივიდუალურ ან პარალელურ თამაშზე გადადის, შესაძლოა, სტრესს განიცდიდეს.

ამრიგად, არაკომუნიკაბელურობის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სოციალური განვითარების შეფერხება, როდესაც ბავშვი ჯერ ვერ გრძნობს თანატოლებთან კონტაქტში შესვლის აუცილებლობას. სახლში, მისთვის კარგად ნაცნობი და მნიშვნელოვანი ადამიანების წრეში, ასეთი ბავშვები უმეტესწილად საკმაოდ კომუნიკაბელური და კონტაქტური არიან, და მათ სულაც არ აწუხებთ მეგობრების არარსებობა თანატოლებს შორის.

ოჯახური გარემო

სხვა მიზეზი შეიძლება თავად ოჯახში იმალებოდეს. შესაძლოა, მშობლები ჩაკეტილად ცხოვრობენ და არ უყვართ სტუმრები, ცოტას ურთიერთობენ ერთმანეთთან და ამჯობინებენ ჩუმად ისხდნენ კომპიუტერთან ან ტელევიზორთან. ამ შემთხვევაში ბავშვს უბრალოდ არ ექნება მისაბაძი მაგალითი და ასევე იჯდება სათამაშოების ან მულტფილმების გარემოცვაში.

მბრძანებლური, ზედმეტად მკაცრი დედა - კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია, განსაკუთრებით, თუ სიმკაცრე და სიცივე მონაცვლეობს გადაჭრბებულ მოფერებასთან. ბავშვი, რომელიც ვერ ხვდება, რა უნდა ელოდოს შემდეგ მომენტში ყველაზე ახლობელი ადამიანისგან, ინტუიციურად ცდილობს ნაკლებად იკონტაქტოს გარე სამყაროსთან, არ გამოხატოს თავისი დაინტერესება სხვა ადამიანებით.

თანდაყოლილი მორცხვობა

თუ ბავშვი აშკარად მოწყურებულია ურთიერთობას, მაგრამ ვერაფრით ბედავს, პირველი მიუახლოვდეს სხვებს, შესაძლოა, მორცხვი და მოკრძალებულია. არ უნდა აჩქარდეთ მის დადანაშაულებაში და არ უნდა უმეოროთ "რისი გეშინია, პატარა ხომ არ ხარ". ბავშვი დამნაშავე არაა - დიდი ალბათობით, ეს თვისებები მემკვიდრეობით ერთ-ერთი მშობლისგან მიიღო.

გენეტიკოსებმა, რომლებმაც გენომის გაშიფვრასთან ერთად ადამიანის ქცევის საიდუმლოებების უნივერსალური ახსნა შემოვთავაზეს, რატომღაც განსაკუთრებით დაინტერესდნენ მორცხვობით. ჰარვარდის უნივერსიტეტისა და უისკონსინის უნივერსიტეტის რამდენიმე კვლევის წყალობით დადგინდა, რომ მორცხვობა და მოკრძალებულობა გენეტიკურად არის განპირობებული. ზოგიერთი გენის არასაკმარისი აქტიურობა ნუშისებრი სხეულის უჯრედებში( ეს შიშის ცენტრია ჩვენს ტვინში), განაპირობებს იმას, რომ ადამიანს ზედმეტად ეშინია ახალი გარემოებებისა და შთაბეჭდილებების.

პროფესორმა ჯერომ კაგანმა, რომელიც 17 წლის განმავლობაში აკვირდებოდა 500 ბავშვს, აღმოაჩინა მორცხვობის დამახასიათებელი ნიშნები მუცლადმყოფ ბავშვებშიც კი - პულსის მნიშვნელოვანი მომატება გარე გამღიზიანებლებზე რეაგირებისას და ა.შ. ხოლო სტივენ სუომიმ ბავშვთა ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტიდან შეისწავლა რეზუს-მაკაკების ქცევა და დაამტკიცა, რომ მათგან ზოგიერთს ასევე აქვს გენეტიკური მიდრეკილება მორცხვობისკენ. მაგრამ ვინაიდან მსგავსი თანდაყოლილი მიდრეკილებების მქონე ადამიანების უმრავლესობა ასაკის მატებასთან ერთად ძლევს მათ და ხდება სოციალურად საკმაოდ წარმატებული, ხშირად რთულია მემკვიდრეობითობის თვალის მიდევნება. გამოკითხეთ თქვენი მშობლები, როგორები იყავით ბავშვობაში - და, შესაძლოა, თქვენი შვილის ქცევა გაცილებით გასაგები გახდეს თქვენთვის.

ბავშვი - ინტროვერტი

უცნაურია, რომ ზრდასრულების ინტროვერტობას სრულიად გაგებით ვეკიდებით, კეთილგანწყობით ვეპყრობით, ბავშვებს კი უფრო მკაცრი საზომით ვუდგებით. ბავშვი, რომლის შინაგანი ცხოვრება უფრო აქტიურია, ვიდრე გარეგანი, ვინც მარტოობაში ისვენებს და კომპანიაში იღლება, შეიძლება იყოს სრულიად ბედნიერი და წარმატებული, თუ მისი ესმით და არ ცდილობენ ძალით "გაიყვანონ ხალხში". ისტორია იცნობს მრავალ მაგალითს. ინტროვერტები ხშირად არიან ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც ძალიან ჩაფლულნი არიან თავიანთი ინტერესების სფეროში და არ სურთ დრო და ძალები სხვა თემებზე საუბარში დახარჯონ. ამასთან, თქვენ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ არაკომუნიკაბელურობა არ არის დაკავშირებული დაავადებასთან, სტრესთან, დეპრესიასთან ან შიშებთან. როგორ გავიგოთ ეს? ჯანმრთელ ბავშვ-ინტროვერტს შეუძლია და უყვარს ურთიერთობა, თუ საუბრის თემა და თანამოსაუბრე მისთვის საინტერესოა, თუ მასზე ზეწოლას არ ახდენენ და არ იჭრებიან მის პირად სივრცეში. ასეთ ბავშვთან სასაუბროდ თქვენ მოგიწევთ შესაფერისი მომენტის შერჩევა და ძალიან ყურადღებით მოკიდება სიტყვებისადმი, მაგრამ ამავე დროს ურთიერთობა იქნება სრულფასოვანი და მშვიდი, ზოგჯერ კი - შთამბეჭდავად საინტერესო.

როგორ დავეხმაროთ არაკომუნიკაბელურ ბავშვს

რასაკვირველია, ბავშვი, უპირველეს ყოვლისა, უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის. თუ თქვენ ბავშვობაში მთელი დღეები ეზოში მეზობლების ბავშვებთან დაქროდით, დატოვეთ ეს ფაქტი თქვენს ცხოვრებაში და უბრალოდ სიამოვნებით გაიხსენეთ. შვილი საკუთარი ცხოვრებით იცხოვრებს, რომელშიც სიხარულის მიღების მრავალი სხვა გზა ექნება. ამასთან, აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ საკუთარი წყენა იმის გამო, რომ ბავშვი "არ არის ისეთი, როგორიც მე" და აღმზრდელობითი იმპულსები.

მაგრამ მაინც უნდა ვაღიაროთ, რომ თუნდაც მინიმალური ურთიერთობის უნარები აუცილებელია ყველასთვის, ვინც გეგმავს სწავლას, მუშაობას, ოჯახის შექმნას. ამიტომ, თუნდაც ყველაზე არაკომუნიკაბელურ ბავშვს შეიძლება ფრთხილად და თანდათანობით ვასწავლოთ გარშემომყოფებთან ურთიერთქმედება. ბრიტანული კვლევების თანახმად, რომლებიც ზემოთ ვახსენეთ, მორცხვობისკენ გენეტიკური მიდრეკილების მქონე ადამიანებს შორის დაახლოებით 80% სწორი მიდგომის პირობებში სოციალურად საკმაოდ დიდ წარმატებებსაც აღწევს. მაგრამ ამისთვის საჭიროა ნაბიჯ-ნაბიჯ, თანდათანობით მოქმედება.

  1. იურთიერთეთ თავად. ნამდვილი სიამოვნების მიღებით მეგობრებთან და ახლობლებთან საუბრისგან, საერთო განცდებისა და აზრთა გაცვლისგან, თქვენ უჩვენებთ ბავშვს ურთიერთობის ყველა პლუსს და აჩვენებთ გზებს ამის მისაღწევად. ბავშვის ლაპარაკის წახალისებისას, თავდაპირველად შეგიძლიათ წარმოთქვათ მნიშვნელოვანი რამეები მის მაგივრად. მაგალითად, საბავშვო მოედანზე იმის მოთხოვნის ნაცვლად, რომ "წადი, გაიცანი ბიჭი!", თავად დაიწყეთ ეს გაცნობები: "გამარჯობა, ჩვენ აქ ყოველდღე ვსეირნობთ, შენ? რა გქვია?" ნუ იდარდებთ იმაზე, რომ თქვენი შვილი ჩუმად არის - ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც თავს დაჯერებულად იგრძნობს, აუცილებლად აგყვებათ ლაპარაკში
  2. ესაუბრეთ ბავშვს სწორად - ყურადღებით და ზეწოლის გარეშე. წაახალისეთ ის, რომ ისაუბროს თავის გრძნობებსა და სურვილებზე. პატარებთან ურთიერთობის უნარების გამომუშავება თამაშებისა და სათამაშოების დახმარებით შეიძლება. მაგალითად, დათუნია მივიდა მაღაზიაში (საავადმყოფოში, საბავშვო ბაღში) და თოჯინებს და კურდღელს რაღცებს ეუბნება. უფროსი ასაკის ბავშვებმა უნდა ისწავლონ დიალოგის წარმართვა, თანამოსაუბრის არავერბალური სიგნალების "წაკითხვა" იმის შესახებ, როდის სურს მას მოსმენა და როდის - საუბარი. ამის გაგება ბავშვს შეუძლია თქვენთან საუბრებში, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ წაახალისებთ მის მონაწილეობას და დაეხმარებით თავისი აზრების გამოხატვაში. კარგი რჩევაა - უყუროთ ერთად ტოქშოუებს ტელევიზორში გამორთული ხმით და სცადოთ გამოიცნოთ, რაზე მიდის საუბარი.
  3. ნუ გააკრიტიკებთ მის მეგობრებს. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ფსიქოლოგები თვლიან, რომ სულ რაღაც ერთი მეგობარი - ეს სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვმა თავი დაჯერებულად იგრძნოს და დაიკმაყოფილოს თავისი ურთიერთობის მოთხოვნილება. ასეთი ადამიანის პოვნა არაკომუნიკაბელური ბავშვისთვის არ არის მარტივი, ასე რომ, თქვენ რისკავთ წაართვათ მას მნიშვნელოვანი მიღწევა. შესაძლოა, თქვენ გეჩვენებათ, რომ ეს ურთიერთობა "უხარისხოა" - ისინი ერთად სულელურად კისკისებენ, ჩუმად თამაშობენ კომპიუტერულ თამაშებს, დაეხეტებიან ქუჩებში. მაგრამ შეყვარებული წყვილებიც ხშირად უცნაურად გამოიყურებიან გვერდიდან, არა? ქიმია, რომელიც ადამიანებს შორის წარმოიქმნება, ხშირად არ გამოიხატება სიტყვებით და მისი გვერდიდან შეფასება რთულია.
  4. დაეხმარეთ ბავშვს სოციალურ ქსელებში ორიენტირებაში. დიახ, თქვენ გეჩვენებათ, რომ ეს ხაფანგია, რადგან ბავშვები ისედაც ბევრ დროს უთმობენ ვირტუალურ ურთიერთობებს. მაგრამ ბევრი ჩაკეტილი და მორცხვი ბავშვისთვის შეტყობინების დაწერა ეკრანზე მნიშვნელოვნად უფრო ადვილია, ვიდრე ხმამაღლა თქმა, ხოლო სოცქსელები საშუალებას იძლევა ურთიერთობა ჰქონდეთ იმათთან, ვინც ფიზიკურად შორსაა, მაგრამ ახლოსაა ინტერესებითა და ტემპერამენტით. (სხვათა შორის, თუ ჩუმი ბავშვი აქტიურად იწყებს საუბარს და ინფორმაციის გაზიარებას ქსელში, ეს ნიშნავს, რომ სინამდვილეში მას სჭირდება ურთიერთობა). რა თქმა უნდა, აქაც საჭიროა, როგორც ყველგან, ბალანსის დაცვა - მაგალითად, შეთანხმდეთ იმაზე, რომ ვირტუალური საუბრები შესაძლებელია მხოლოდ იმათთან, ვისაც პირადად იცნობ და შეზღუდო კომპიუტერთან ყოფნის დრო დღეში რამდენიმე საათით.

ნუ დაუშვებთ შეცდომას - ნუ მოუყვებით ყველას, რა ჩაკეტილია თქვენი შვილი და ნუ ეცდებით მუდმივად დასვათ ისეთ კომპანიაში, სადაც არ სურს ყოფნა. წარუმატებლობებმა, შიშმა და ზედმეტად დაძაბულობამ შეიძლება უბიძგოს, რომ კიდევ უფრო ჩაიკეტოს გარესამყაროსგან. გაცილებით ეფექტურია წაახალისოთ თუნდაც მცირე წარმატებები, აიყოლიოთ იმ თემებზეც საუბარშიც კი, რომლებიც თქვენთვის ზედმეტად სერიოზული გეჩვენებათ და ყოველნაირად ხაზი გაუსვათ ბავშვის მიერ ნათქვამი სიტყვების მნიშვნელობას.