გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ტრადიციად ქცეული ინიციატივა და მკითხველის საყვარელი აქცია „გადაიხადე რამდენიც გინდა“, 15 მაისიდან კვლავ იწყება!
ამჯერად, განსაკუთრებული პროექტის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ ილია ჭავჭავაძის უკვდავი ნაწარმოები „კაცია – ადამიანი?!“ იმ ფასად, რამდენსაც თავად გადაიხდით. აქცია კი რასაკვირველია მხოლოდ წიგნის ყიდვით არ შემოიფარგლება.
კამპანიის „გადაიხადე რამდენიც გინდა“ ფარგლებში, ყოველი გადახდილი ლარი რეალურ დახმარებად იქცევა იმ ადამიანისთვის, ან საქმისთვის, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება. ამჯერად, საზოგადოება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ერთი პატარა ოჯახის, ლია ტერაშვილის და მის შვილის დასახმარებლად გაერთიანდება.
ქალბატონი ლია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები პენსიონერია. ის მარტო უვლის 42 წლის შვილს, რომელიც შშმ პირია. მწოლიარე უსინათლო და დამბლით დაავადებული. ახლა მას ახალი, რთული დიაგნოზიც დაემატა. საჭიროა უამრავი წამალი და სპეციფიკური კვება, მაგრამ მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური პენსიაა.
„ჩემი ბიჭი 42 წლისაა, ლოგინად ჩავარდნილია, უსინათლოა, დამბლით. ახლა კიდევ ახალი ავადმყოფობა დაუდგინდა და ძალიან ბევრი წამალი სჭირდება. ასევე, განსაკუთრებული კვება აქვს დანიშნული. ჩვენი შემოსავალი კი მხოლოდ პენსიაა“, - გვიყვება ქალბატონი ლია.
თქვენი გადაწყვეტილება, გადაიხადოთ წიგნში 2 ლარი თუ 20, შეიძლება ამ ოჯახის ყოველდღიური ბრძოლისთვის ერთადერთ ხსნად იქცეს.
როგორ ეხმარება თქვენი შენაძენი?
გადაიხადეთ ის ფასი, რომელიც თავად მიგაჩნიათ სამართლიანად ამ წიგნისთვის.
10 ლარამდე გადახდილი თანხის 10% გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში, ხოლო 10 ლარზე მეტი თანხის გადახდის შემთხვევაში, სრულად საქველმოქმედო საქმიანობას მოხმარდება.
ეს ყველაფერი კეთდება სრულიად გამჭვირვალედ, „პალიტრა L“-ის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.
წიგნი, რომელიც ვიღაცისთვის იმედის სხივია
„გადაიხადე რამდენიც გინდა“ ერთდროულადაა სიცოცხლის წიგნი, ერთიანობის ჟესტი და კითხვის პოპულარიზაცია. ის აერთიანებს ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა: თანადგომა, განათლება და ადამიანური პასუხისმგებლობა.აქციაში მონაწილეობით არამარტო წიგნს იძენთ, არამედ თქვენ თესავთ სიკეთეს.
აქცია დაიწყება 15 მაისს და გაგრძელდება ტირაჟის ამოწურვამდე.წიგნის შეძენა შესაძლებელი იქნება „პალიტრა L“-ის ვებგვერდებსა და „ბიბლუსის“ ქსელის მაღაზიებში.
R