ძალადობის და გაუპატიურების 13 წელი - პი დიდის მეგობარი ქალის გამაოგნებელმა ჩვენებამ საზოგადოება კვლავ აალაპარაკა - მშობლები

ძალადობის და გაუპატიურების 13 წელი - პი დიდის მეგობარი ქალის გამაოგნებელმა ჩვენებამ საზოგადოება კვლავ აალაპარაკა

2025-05-16 10:37:33+04:00

12 მაისს ნიუ-იორკში რეპერის, შონ კომბსის, იგივე პი დიდის, საქმის მოსმენა დაიწყო. რეპერის წინააღმდეგ მისმა ყოფილმა მეგობარმა ქალმა ჩვენება მისცა და წარმოუდგენელი დეტალების შესახებ ისაუბრა. კესი ვენტურა და პი დიდი ერთმანეთს 2018 წლამდე ხვდებოდნენ. ვენტურა რეპერის საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

1-1747377782.jpg
პი დიდი და კესი ვენტურა

როგორც ცნობილია, კესი ვენტურა რეპერს 19 წლის ასაკში შეხვდა. იმ დროს პი დიდი 37 წლის იყო და მუსიკალურ ინდუსტრიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლებოდა. გოგონა რეპერის ქარიზმითა და სტატუსით მოიხიბლა, მალევე მის ლეიბლთან - Bad Boy Records კონტრაქტი გააფორმა და სადებიუტო სტუდიური ალბომი - Cassie გამოუშვა.

სამსახურებრივი ურთიერთობა რომანტიკულ ურთიერთობაში მალევე გადაიზარდა. ისინი ოფიციალურად არასდროს დაქორწინებულან, თუმცა 13 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ. როგორც აღვნიშნეთ, წყვილი 2018 წელს დაშორდა.

2019 წელს მომღერალი ფიტნესის ინსტრუქტორზე, ალექს ფაინზე დაქორწინდა. ახლა მათ ორი ქალიშვილი ჰყავთ და მესამე შვილზეა ორსულად. ქალი შემოქმედებით საქმიანობას აგრძელებს, მონაწილეობს სატელევიზიო შოუებსა და სერიალებში. თუმცა, როგორც თავად ამბობს, წარსულის ტრავმებთან გამკლავებას დიდი დრო დასჭირდა.

2-1747377809.jpg
კესი ვენტურა ქმართან და შვილებთან ერთად

ცოტახნის წინ 8 თვის ორსულმა სასამართლოში პი დიდის წინააღმდეგ ჩვენება მისცა, რაც არაერთ წარმოუდგენელ დეტალს ამჟღავნებს.

შეგახსენებთ, რომ რეპერს უამრავი ადამიანი სექსუალურ ძალადობასა და ადამიანებით ვაჭრობაში ადანაშაულებს. ეს ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და ამავდროულად, მასშტაბური საქმეა. პი დიდი დანაშაულს არ აღიარებს, თუმცა მოწმეები, მათ შორის, კესი ვენტურა, საპირისპიროს ამტკიცებენ.

4-1747377853.jpg
პი დიდი და კესი ვენტურა

როგორც კესი იხსენებს, ურთიერთობის პირველივე დღეებიდან კომბსმა მისი ცხოვრების ყველა ასპექტს აკონტროლებდა. მანქანა და სახლი უყიდა, თუმცა შეეძლო, ეს ნივთები ნებისმიერ დროს წაერთმია, თუ ჩათვლიდა, რომ გოგონა "ცუდად მოიქცა". კესი ვენტურა იხსენებს, რომ ტოტალური კონტროლის ქვეშ იყო. რეპერი წყვეტდა, რა უნდა ჩაეცვა, ვისთან ჰქონოდა ურთიერთობა, რისი გაკეთება შეეძლო... თუმცა, მალევე ფსიქიკური ძალადობა ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა.

მომღერალი ამბობს, რომ პი დიდი სასტიკად სცემდა, იატაკზე აგდებდა და წიხლებს ურტყამდა. ზოგჯერ იარაღს თვალსაჩინო ადგილზე ტოვებდა, რომ კიდევ მეტი შიში გამოეწვია. როგორც ვენტურა იხსენებს, რეპერი ნებისმიერ რამეზე ან სულაც უმიზეზოდ ბრაზდებოდა, აშანტაჟებდა, ემუქრებოდა და მისგან გაქცევას ვერ ახერხებდა.

2000x1506-0xfmfh9kua-0377220220275740481-1747377921.jpg
პი დიდი და კესი ვენტურა სასამართლო დარბაზში

კესი ამბობს, რომ ურთიერთობის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ რეპერმა საკუთარ გარყვნილ წვეულებაზე წაიყვანა. მისი თქმით, პი დიდმა მოსთხოვა, რომ სხვა მამაკაცებთან ინტიმური ურთიერთობა ჰქონოდა. თავად რეპერი კი ამ პროცესს უყურებდა.

"თავს საშინლად ვგრძნობდი. მან ღირსება შემილახა." - თქვა ვენტურამ სასამართლო პროცესზე.

ვენტურა იხსენებს, რომ მოგვიანებით მსგავს წვეულებებზე სიარული უფრო გახშირდა და ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა, რომ რეალობის აღქმა შეეწყვიტა... მისი თქმით, კომბსი გარყვნილ ქმედებებში მონაწილეებს 1,5-6 მილიონ დოლარს უხდიდა.

7-1747377956.jpg
პი დიდი და კესი ვენტურა

კესი ვენტურას თქმით, პი დიდი მონაწილეებს თავად არჩევდა, ინტიმურ ურთიერთობებს კი იწერდა და ინახავდა. როგორც გოგონა ამბობს, გაქცევა რამდენჯერმე სცადა, თუმცა ის ყოველ ჯერზე მუქარითა და შანტაჟით უკან აბრუნებდა. ერთ დღეს, როდესაც ვენტურამ რეპერ კიდ კადისთან ურთიერთობა დაიწყო, კომბსმა მისი მანქანა ააფეთქა. ამიტომ, ქალმა ეს ურთიერთობა დაასრულა.

ვენტურას თქმით, მუდმივ ძალადობას ნარკოტიკების იძულებით მოხმარებაც ემატებოდა, რამაც კიდევ მეტი პრობლემა შეუქმნა. ის ქრონიკული დაავადებების, კუჭ-ნაწლავის პრობლემების და პირის ღრუს წყლულის შესახებ საუბრობს, რაც სწორედ იმ ცხოვრების წესით იყო გამოწვეული, როგორსაც პი დიდი მოითხოვდა.

კესი ვენტურა ამბობს, რომ რეპერთან ცხოვრება ჯოჯოხეთს ჰგავდა. მაშინაც კი, როდესაც ფაინზე დაქორწინდა, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა და ფიქრობდა, რომ პი დიდი მასზე ძალადობას ისევ მოახერხებდა. როგორც გოგონა ამბობს, შონ კომბსთან ურთიერთობის პერიოდში თვითმკვლელობაზე არაერთხელ უფიქრია.

სასამართლოში ვიდეოკამერების ჩანაწერებიც აჩვენეს, სადაც ჩანს, რომ პი დიდი კესი ვენტურას სასტიკად უსწორდება. მოგვიანებით ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელიც სასტუმროშია გადაღებული. პი დიდი ვენტურას იმის გამო სცემს, რომ გოგონამ წვეულების დატოვება დროზე ადრე გადაწყვიტა...

სასამართლო დარბაზში კესი ვენტურამ რამდენჯერმე შესვენება ითხოვა. მისთვის იმ ამბების გახსენება განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. რეპერი კი მის ჩვენებას მშვიდად ისმენდა.

შეგახსენებთ, რომ პი დიდის წინააღმდეგ 2023 წელს სარჩელი პირველმა სწორედ კესი ვენტურამ შეიტანა. მან ძალადობაზე, იძულებით სექსსა და ნარკოტიკების მოხმარებაზე ისაუბრა. სარჩელში ის კომპენსაციის სახით 30 მილიონ დოლარს ითხოვდა. 2024 წელს მედიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეპერი კესის სცემს.

ამის შემდეგ, პი დიდის მხრიდან ძალადობაზე არაერთმა ადამიანმა ისაუბრა. კომბსს ბრალი ედება სექსუალურ ძალადობაში, ადამიანებით ვაჭრობაში, კრიმინალური დაჯგუფების ორგანიზებასა და ადამიანის გატაცებაში. თუ მას ყველა ბრალდება დაუმტკიცდება, სამუდამო პატიმრობა ელოდება.