მინი-სერიალი "მკაცრი სიყვარული: რუთ ელისის ისტორია" ლონდონელი მოდელის რეალური ისტორიის შესახებ მოგვითხრობს. ქალი საყვარელი მამაკაცის მკვლელობისთვის ბრიტანეთში სიკვდილით დასაჯეს. ის დიდ ბრიტანეთში უკანასკნელი ადამიანი იყო, რომლის მიმართაც სასჯელის ეს ფორმა გამოიყენეს...
1955 წელს მომხდარმა ტრაგედიამ არაერთი ადამიანი გააოგნა. ყველა გაზეთი რუთ ელისის შესახებ წერდა. სწორედ იმ პერიოდში მან საყვარელ მამაკაცს, ცნობილ მრბოლელს, არისტოკრატს დევიდ ბლეიკლის ლონდონის ერთ-ერთ ქუჩაში ესროლა და მოკლა. თავდაპირველად, საზოგადოება მის წინააღმდეგ იყო. თუმცა, შემდეგ საქმის სხვადასხვა დეტალი გაირკვა...
რუთი 1926 წლის 9 ოქტომბერს უელსში, მუსიკოს არტურ ჰორნბისა და მისი მეუღლის, ბერტას ოჯახში დაიბადა. ოჯახს ბევრი შვილი ჰყავდა და ფინანსურად უჭირდათ. არტურის ხელფასი ბავშვებისთვის საკმარისი არ იყო. ცოლ-ქმარი გამუდმებით ჩხუბობდა, მამაკაცი კი ალკოჰოლს მიეძალა. როდესაც რუთი 15 წლის იყო, მამამისი უკვე ალკოჰოლიკად ითვლებოდა. ამ დროს გოგონამ კაფეში მიმტანად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. რუთი გამორჩეული გარეგნობის ახალგაზრდა იყო, ამიტომაც მალევე არაერთი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. თმა პლატინისფერ ქერად შეიღება და საცეკვაო დარბაზების ხშირი სტუმარი გახდა. მალევე კანადელ ჯარისკაცს შეხვდა და დაორსულდა. თუმცა, მამაკაცმა რომ გაიგო, გოგონა ორსულად იყო, მიატოვა და მისი ცხოვრებიდან გაუჩინარდა. ელისი შვილთან, ენდისთან ერთად მარტო დარჩა. მაშინ ის მხოლოდ 19 წლის იყო.
დღეები გადიოდა, რუთის ფინანსური მდგომარეობა კი განსაკუთრებით რთული იყო. ამიტომაც, მალე ეროტიკულ მოდელად იქცა.
რაკი ეს სფერო ლონდონის ღამის, ბოჰემურ ცხოვრებასთან მჭიდრო კავშირში იყო, ელისმა არისტოკრატი მეგობრები შეიძინა. განსაკუთრებით მილიონერ მორის კონლისთან დამეგობრდა. მის ბიოგრაფიაში ბევრი ბნელი საიდუმლოა - წერდნენ, რომ მამაკაცი თაღლითი იყო, აზარტულ თამაშებს თამაშობდა და ადამიანებს იყენებდა. მორისმა მთელი თანხა ღამის კლუბებისა და ბარების გახსნაში ჩადო. მან რუთს შესთავაზა, რომ ღამის კლუბში "ლამაზი გოგოს" სტატუსით ემუშავა. მალევე ისინი საყვარლებად გადაიქცნენ. რუთი ძალიან ლამაზი გოგონა იყო და როგორც ცნობილია, მორისს ის ძალიან მოსწონდა, თუმცა დროდადრო სცემდა და შეურაცხყოფას აყენებდა.
კლუბში ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, ელისი განქორწინებულ სტომატოლოგს, ჯორჯ ელისს შეხვდა. ის გოგონაზე 17 წლით უფროსი იყო. როგორც ამბობენ, მამაკაცი ჭარბ წონას ებრძოდა და ფიზიკურადაც საუკეთესოდ არ გამოიყურებოდა. თუმცა, სამსახურის გაურკვევლობით, დამოკიდებულებითა და უფროსის მხრიდან ცემით დაღლილი რუთი იმედოვნებდა, რომ ამ ქორწინებაში სიმშვიდესა და თავდაჯერებულობას იპოვიდა. მაგრამ, არც ამჯერად გაუმართლა. მალევე გაირკვა, რომ სტომატოლოგი სვამდა და არაადეკვატურად იქცეოდა. რუთმა გადაწყვიტა, თუ შვილს გააჩენდა, ქმრის ხასიათს გამოასწორებდა. ამიტომ, მეორე შვილი, გოგონა, სახელად ჯორჯინა, გააჩინა. ბავშვს მეუღლის ხასიათი, რა თქმა უნდა, არ შეუცვლია. ქმარი რუთს სცემდა, ცუდად ექცეოდა, ამიტომაც ქალი მას მალე გაშორდა და 2 შვილთან ერთად ისევ ქუჩაში აღმოჩნდა.
რუთი ისევ მორის კონლისთან, ღამის კლუბში მივიდა სამუშაოდ. პარალელურად, მდიდარმა და ახალგაზრდა არისტოკრატებმა მისი მოხიბვლა დაიწყეს და რამდენიმე მათგანთან ერთად დასასვენებლად წასვლაც მოახერხა. თუმცა, რუთის ცხოვრება მრბოლელ დევიდ ბლეიკლისთან შეხვედრამ თავდაყირა დააყენა. შრიუსბერის კურსდამთავრებული და არისტოკრატული შოტლანდიური ოჯახის შვილი, ბლეიკლი ლონდონის საზოგადოებრივი ცხოვრების გმირი და ნიჭიერი მრბოლელი იყო. ის გოგონებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
დევიდი და რუთი ერთმანეთს ღამის კლუბში შეხვდნენ. შეხვედრიდან 2 კვირის შემდეგ კი უკვე ერთად ცხოვრობდნენ. აღსანიშნავია, რომ მას მაშინ საცოლე ჰყავდა. როგორც ცნობილია, არაერთი პარალელური რომანიც ჰქონდა. თუმცა, რუთისთვის ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია, რომ მასთან ერთად ცხოვრება დაეწყო.
ურთიერთობიდან 6 თვის შემდეგ რუთი კვლავ დაორსულდა. თუმცა, დევიდმა შვილზე სასტიკი უარი განაცხადა. ამიტომ, გოგონამ აბორტი გაიკეთა. მალევე რუთმა თამბაქოს ბიზნესის მემკვიდრესთან, დეზმონდ კასენთან პარალელური რომანი დაიწყო. დეზმონდი "იდეალური საყვარელი" აღმოჩნდა. რუთს ფინანსურად უზრუნველყოფდა, არ ამცირებდა, მაღალი საზოგადოებისათვის მის გაცნობას ცდილობდა...
მაგრამ, ახალგაზრდა მოდელი დევიდზე ფიქრობდა, რადგანაც ის მართლა შეუყვარდა. რუთი პოპულარულ მრბოლელს დაუბრუნდა. მის სმასა და ვალებს, სხვა გოგონებთან ურთიერთობას, აგრესიას უძლებდა. თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მისი მენტალური მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა.
რუთის მოთმინება 1955 წელს ამოიწურა. მაშინ დევიდი დაჰპირდა, რომ შაბათ-კვირას მასთან და მის შვილებთან გაატარებდა და ქალაქგარეთ წაიყვანდა. თუმცა, დაპირება ტყუილი აღმოჩნდა. რუთი საყვარელ მამაკაცს მთელი დღე ელოდებოდა. დევიდის მეგობრებთან მივიდა, დევიდს ეძებდა, მაგრამ ვერსად ნახა. მალევე დეზმონდს ტირილით დაურეკა და სთხოვა, რომ იარაღი მიეცა...
რუთი დევიდის პოვნას ორი დღის განმავლობაში ცდილობდა. ბოლოს კლუბში მიაგნო. 1955 წლის 10 აპრილს მამაკაცი მეგობართან ერთად ლონდონში, ქუჩაში გავიდა. რუთი დევიდს ქუჩაში მიჰყვებოდა და ეძახდა, თუმცა ის ყურადღებას არ აქცევდა. სიარულს ისე აგრძელებდა, თითქოს, მისი ხმა არ ესმოდა. ელისმა იარაღი ამოიღო და მას 4-ჯერ ესროლა. მამაკაცს 3 ტყვია მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. რუთი დამალვას არ აპირებდა. იარაღი ასფალტზე დადო და პოლიციის მისვლას დაელოდა...
ელისმა რამდენიმე სამედიცინო შემოწმება გაიარა. აღმოჩნდა, რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი იყო. ბრალდებული სასამართლო დარბაზში ელეგანტური შავი კოსტიუმითა და თეთრი ბლუზით გამოცხადდა. არანაირი აღელვება ან სინანული არ ეტყობოდა. მან მშვიდად და უემოციოდ, ნაფიც მსაჯულებს უამბო, თუ როგორ ძალადობდა დევიდი მასზე, რეგულარულად სცემდა, ამცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა. მეტიც, როგორც ის ამბობდა, მკვლელობამდე 10 დღით მუცელში წიხლი ჩაარტყა, რომ ორსულობა შეეწყვიტა.
რუთი სასამართლოზე პირდაპირ ამბობდა, რომ ეს განზრახ მკვლელობა იყო. მას სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა....
ყველა გაზეთი რუთ ელისის საქმეზე წერდა. თავდაპირველად მას ყველა ლანძღავდა. თუმცა, შემდეგ გოგონას პირადი ცხოვრების, წარუმატებელი რომანების, ძალადობის, სასოწარკვეთილებისა და შურისძიების სევდიანი ისტორია ბევრ ადამიანს ემპათია აღუძრა. რუთმა განაჩენის გასაჩივრება არ ისურვა და გოგონას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
განაჩენი 1955 წლის 13 ივლისს აღსრულდა. რუთ ელისი ბრიტანეთში სიკვდილით დასჯილი უკანასკნელი ქალი გახდა.