"31 წლის წინანდელი ბოლო ზარის პერანგით გავაცილე მის ბოლო ზარზე და ფაქტობრივად, მეორედ დავამთავრე სკოლა... მშობლები იმდენჯერ ხელახლა ვამთავრებთ სკოლას, რამდენი შვილიც გვყავს..." - მშობლები

"31 წლის წინანდელი ბოლო ზარის პერანგით გავაცილე მის ბოლო ზარზე და ფაქტობრივად, მეორედ დავამთავრე სკოლა... მშობლები იმდენჯერ ხელახლა ვამთავრებთ სკოლას, რამდენი შვილიც გვყავს..."

2025-05-20 12:43:07+04:00

დღეს საქართველოს სკოლების უმრავლესობაში ბოლო ზარი დაირეკა. ემოციური დღეა როგორც აბიტურიენტებისთვის, ისე მათი პედაგოგებისთვის და განსაკუთრებულად - მშობლებისთვის. ბევრი წერს თავის განცდებზე, აქვეყნებენ ფოტოებს შვილებთან ერთად და ულოცავენ გზას მომავლისკენ...

"გავაცილე სკოლის ბოლო დღეს და ფაქტობრივად, მეორედ დავამთავრე სკოლა... იმდენად ჩართულები ვართ ხოლმე, განსაკუთრებით დედები, შვილების სასკოლო ცხოვრებაში, მართლაც იმდენჯერ ხელახლა ვამთავრებთ სკოლას, რამდენი შვილიც გვყავს... ეს თან სახალისო ამბავია და თან - არც ისე, რადგან ურთულესია დღეს მშობლობა ნებისმიერი მშობლისთვის. ნამდვილი განსაცდელია ჯერ შვილისთვის სკოლის შერჩევა, მერე თვალის მიდევნება, ყურადღება, რომ რამე არ გამოგეპაროს, დაეხმარო განათლების სისტემის ლაბირინთებში და პრობლემებში გზის გაკვალვაში, დაეხმარო - დარჩეს ადამიანად და კარგ მოქალაქედ და გზა დაულოცო მომავალი ცხოვრებისკენ... ესეც რთულია მშობლისთვის - გააცნობიერო, რომ უკვე დასრულდა შენი შვილის ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელშიც შენც ძალიან დიდი როლი გქონდა, და იწყება ახალი გზა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ, სადაც შენი როლი უფერულდება და მან თავად უნდა გაიაროს გზა მორიგი და უფრო დიდი სირთულეებისკენ, რაც უკავშირდება თუნდაც სასურველი პროფესიის არჩევას, ცხოვრებისეულ არჩევანს, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალებას, თავისუფლად, ბედნიერად და ლაღად ცხოვრების საშუალებას და ა.შ. და ა.შ.
დღეს ჩემს შვილსაც თეთრი პერანგი აცვია და მეც - ჩემი 31 წლის წინანდელია, ჩემოდანში წლობით შენახული, დედაჩემის, ჩემი ძმის და კლასელების ნახატებითა და წარწერებით, მილოცვებით...
ლუკასი დღეს შეივსება სურვილებით და გეგმებით და როგორც პერანგზე დავაწერე, აქაც იმავეს ვიტყვი და ვუსურვებ: მთავარია, კარგი ადამიანი იყოს და იპოვოს თავისი ადგილი ცხოვრებაში, ბედნიერი იყოს იმით, რაც ექნება და ვინც ეყოლება გარშემო, დანარჩენი მოვა და წავა..."
ლელა ზურებიანი