L’Oreal-ის დამფუძნებლის, ეჟენ შულერის ქალიშვილი, ლილიან ბეტანკური, რამდენიმე წლის განმავლობაში მსოფლიოს უმდიდრესი ქალების სიის სათავეში იყო. მისი ქონება 80 მილიარდ დოლარად შეფასდა და უზრუნველს სიბერესა და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა, ქალის სახელი არაერთ სკანდალთან იყო დაკავშირებული. ერთ-ერთი კი მისი უცნაური სასიყვარულო ამბავი გახლდათ...
ლილიან ბეტანკური პრივილეგირებულ ოჯახში დაიბადა. L’Oreal-ის დამფუძნებლის მემკვიდრემ მამის გზა გააგრძელა და საკუთარი ქონება ფუჭად კი არ გაფლანგა, პირიქით, გაამრავალფეროვნა და საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღო.
მას შემდეგ, რაც ლილიანი კომპანიის სათავეში აღმოჩნდა, ქალმა ცნობილი ბრენდი - Lancôme შეიძინა. ხოლო 10 წლის შემდეგ Nestle-ს მფლობელი გახდა.
ხშირად ამბობდნენ, რომ ბეტანკურმა მეწარმეობის უნარი, მტკიცე ნებისყოფა და ბიზნესში განსხვავებული ალღო მემკვიდრეობით სწორედ მამისგან მიიღო. ქალს გოგონა, სახელად ფრანსუაზა ჰყავდა, რომელიც 1953 წელს მეუღლისგან, მემარჯვენე პუბლიცისტისა და კულტურის ყოფილი მინისტრის, ანდრე ბეტანკურისგან გააჩინა.
ქალიშვილი დედას საერთოდ არ ჰგავდა. ლილიანი პარიზის მაღალი საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. არაერთ ღონისძიებასა და წვეულებას ესწრებოდა. მისი შვილი კი ძირითად დროს სახლში, სიმშვიდეში ატარებდა. დაინტერესებული იყო რელიგიის ისტორიით, მსოფლიო მხატვრობით, თავისუფალ დროს ბიბლიოთეკებში ატარებდა და კათოლიკური სკოლაც კი დაამთავრა. 30 წლის ასაკში იუდეურ-ქრისტიანული ურთიერთობებისა და ბერძნული მითოლოგიის ისტორიის შესახებ წიგნი გამოაქვეყნა. იმავე წელს "ნესტლეს" თანამშრომლის, ჟან-პიერ მეიერსის შვილზე იქორწინა.
ბეტანკურის სიძე მოგვიანებით L’Oreal-ის დირექტორთა საბჭოს შეუერთდა, ხოლო 1994 წელს კომპანიის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. ფრანსუაზა 1995 წელს დირექტორთა საბჭოშიც შეიყვანეს. როგორც ცნობილია, დედა-შვილს რთული ურთიერთობა ჰქონდა და ბევრ რამეზე ვერ თანხმდებოდა, თუმცა ერთად მუშაობას მაინც ახერხებდნენ.
2007 წელს ლილიანმა ქმარი დაკარგა... მისი გარდაცვალებიდან სამი თვის შემდეგ, ფოტოგრაფი და საზოგადო მოღვაწე ფრანსუა-მარი ბანიე საცხოვრებლად მასთან გადავიდა… მაშინ ბეტანკური 85 წლის იყო, მისი მეგობარი მამაკაცი კი ნახევარი საუკუნით უმცროსი. თუმცა ჭორებს, რომ მათი რომანი ქმრის გარდაცვალებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, მთელი პარიზი განიხილავდა. ამ ამბავში საინტერესო იყო ისიც, რომ ბანიეს იქამდე ქალები არ მოსწონდა და ურთიერთობა მამაკაცებთან ჰქონდა. მას არც თუ ისე დადებითი რეპუტაცია ჰქონდა და ყველა, როგორც გამომძალველ და ცბიერ ადამიანს, ისე იცნობდა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამხელა მემკვიდრეობის, ცოდნისა და გამოცდილების ქალს მისი წარსულის შესახებ არ სცოდნოდა, მაგრამ როგორც ამბობენ, ლილიანს ახალგაზრდა ფოტოგრაფი განსაკუთრებით შეუყვარდა და თანახმა იყო, მისი ყოველი ახირება დაეკმაყოფილებინა.
ლილიანმა ახალგაზრდა საყვარელს ბინა, ძვირად ღირებული მანქანა უყიდა, გაუფორმა სერიოზული კონტრაქტი და დიდი თანხა გადასცა, აჩუქა საკუთარი კოლექციიდან ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, არაერთი ძვირფასი ნივთი… მალევე, ფოტოგრაფის ქონებამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ლილიანის შვილი, ფრანსუაზა განსაკუთრებით ღელავდა. მან ბანიეს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ქალი ამბობდა, რომ ის დედამისით მანიპულირებდა, თანხას სძალავდა და სურდა, მთელი ქონება ხელში ჩაეგდო.
ლილიანი ქალიშვილის აჯანყებით განაწყენდა და მას მემკვიდრეობის ჩამორთმევით დაემუქრა. საფრთხის რეალობის გაცნობიერების შემდეგ, ფრანსუაზამ სარჩელი უკან გაიწვია და ახალი სტრატეგიის გამოყენება გადაწყვიტა.
2010 წელს ფარული ჩანაწერების დახმარებით, ფრანსუაზამ გაიგო, რომ დედამისს მეხსიერების პრობლემები ჰქონდა და საკუთარ ქმედებებს ვეღარ აკონტროლებდა.
მალევე ახალი სკანდალი ატყდა. აღმოჩნდა, რომ საფრანგეთის ბიუჯეტის მინისტრმა ერიკ ვერტმა ქალს მეუღლისთვის მაღალანაზღაურებადი სამსახურის მოწყობა სთხოვა. სანაცვლოდ, ჩინოვნიკმა მილიარდერს 30 მილიონი ევროს ოდენობის საგადასახადო შეღავათი შესთავაზა. როგორც ცნობილია, ბეტანკურმა ნიკოლა სარკოზის საპრეზიდენტო კამპანიისათვის მინისტრს 150 ათასი ევრო გადაურიცხა, რომელიც ოფიციალურად არსად ფიქსირდებოდა.
ფრანსუაზამ დედის ქმედუუნაროდ გამოცხადებისა და მეურვედ დანიშვნის მოთხოვნით სარჩელი კვლავ შეიტანა. ექიმებმა ბეტანკურს მწვავე დემენციის დიაგნოზი დაუსვეს, ხოლო კომპანია ლილიანის შვილიშვილმა, ჟან-ვიქტორ მეიერსმა გადაიბარა. ლილიანი 2017 წელს გარდაიცვალა. ფრანსუაზამ მემკვიდრეობით 82 მილიარდი დოლარის ქონება და არტ-დეკოს სტილის სასახლე მიიღო, სადაც ბეტანკურმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.
რაც შეეხება ბანიეს, ფოტოგრაფის სასამართლო პროცესი 2015 წელს დასრულდა. მას სამი წლით პატიმრობა და 350 ათასი ევროს ღირებულების ჯარიმის გადახდა მიესაჯა.
ბეტანკურის ისტორია მისმა მდიდარმა მეგობარმა, ჟან ოჟიემაც გაიმეორა. ნიცაში ლეგენდარული სასტუმროს, Le Negresco-ს მფლობელი 2019 წელს გარდაიცვალა. მილიონერს შვილები არ ჰყოლია და თავისი 500 მილიონი დოლარის ქონება, ცხოველთა დახმარების ფონდს გადაურიცხა.
სასტუმროს მფლობელის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ, მისმა ახალგაზრდა ასისტენტმა ქონებაზე პრეტენზია განაცხადა. როგორც ცნობილია, ქალმა ახალგაზრდა ასისტენტი 2005 წელს გაიცნო. მაშინ პიერი 24 წლის იყო... ჟან ოჟიეს გარდაცვალების შემდეგ, მამაკაცმა წარადგინა დოკუმენტები, რომლითაც ამტკიცებდა, რომ ძვირად ღირებული სასტუმროს ნახევარი ქალმა სწორედ მას დაუტოვა. სასტუმროს პერსონალი ამტკიცებდა, რომ ქალს დემენცია ჰქონდა. თუმცა, დოკუმენტზე მისი ხელმოწერა ნამდვილად იყო. უცნობია, მან აღნიშნულ დოკუმენტს თავად მოაწერა ხელი თუ ახალგაზრდა საყვარელმა მოაწერინა, მაგრამ ახლა სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს და შესაძლოა, პიერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სასტუმროს ახალი მფლობელი გახდეს.