თბილისის 159-ე საჯარო სკოლის ბოლო ზარის ღონისძიებიდან გამოსულ მშობელს სკოლასთან მანქანა დაეჯახა - "საჭესთან უცხო პირი იყო, არც მოსწავლე და არც კურსდამთავრებული..." - მშობლები

თბილისის 159-ე საჯარო სკოლის ბოლო ზარის ღონისძიებიდან გამოსულ მშობელს სკოლასთან მანქანა დაეჯახა - "საჭესთან უცხო პირი იყო, არც მოსწავლე და არც კურსდამთავრებული..."

2025-05-21 12:37:30+04:00

რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომ 159-ე სკოლასთან ,,ბოლო ზარის“ აღნიშვნის დროს 2 ქვეითს დაეჯახნენ. წერდნენ, რომ მოსწავლეები დაეჯახნენ. თუმცა როგორც 159-ე სკოლის დირექტორმა განგვიცხადა, სკოლასთან ბოლო ზარის ღონისძიებიდან გასულ მშობელს სრულიად უცხო პირი შეეჯახა.

- ძალიან განვიცდით. საბედნიეროდ, მშობელი გადარჩა. ის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის დედაა და ბოლო ზარის ღონისძიებაზე იმყოფებოდა. 5-შვილიანი დედაა. ოპერაცია გუშინ ჩაუტარდა. ამჟამად, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფეხი აქვს დაზიანებული და იმედი გვაქვს, ფეხის მოქმედება დროულად აღდგება და ნორმალური ცხოვრების გაგრძელებას შეძლებს. ბავშვებმა, რომლებიც აღნიშნულ ფაქტს შეესწრნენ, რა თქმა უნდა, განიცადეს. ჩვენ მათ ვესაუბრეთ, კომუნიკაცია მშობლებთანაც გვქონდა და ახლა თავს კარგად გრძნობენ.

მშობელი ბოლო ზარის დასრულების შემდეგ საკუთარ მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო, ამ დროს გამვლელი, უცხო პირი ავტომანქანით დაეჯახა. ის არც ჩვენი მოსწავლეა და არც წლევანდელი კურსდამთავრებული. ვიდრე სასწრაფო დახმარება მოვიდოდა, პირველადი დახმარება ჩვენი სკოლის მასწავლებლებმა და ექიმმა გაუწიეს. ამ ეტაპზე ქალბატონის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც გითხარით, ფეხი აქვს დაზიანებული და ახალ ინფორმაციას ველოდებით." - გვითხრა სკოლის დირექტორმა, თამილა გვარამაძემ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

თამარ იაკობაშვილი