„პალიტრა L-მა“ ღონისძიება „შეფლიტერატორზე“ მწერლებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს უმასპინძლა - მშობლები

„პალიტრა L-მა“ ღონისძიება „შეფლიტერატორზე“ მწერლებსა და საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს უმასპინძლა

2025-05-21 17:07:40+04:00

16 მაისს გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ ტრადიციული კულინარიული ღონისძიება „შეფლიტერატორი“ გამართა.

ღონისძიებაზე მოწვეულ მონაწილეებს 40 წუთში უნდა მოემზადებინათ სეზონური კერძი - აჯაფსანდალი, გამარჯვებულს კი ჟიური გამოავლენდა. ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: შეფი ენცო ნერი, ღვინის მუზეუმის დირექტორი რუსუდან ჭუმბაძე და მწერალი, პრემია „საბას“ ლაურეატი დავით ქართველიშვილი.

„შეფლიტერატორში“ მონაწილეობდა სამი გუნდი, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებისა და ავტორებისგან იყო დაკომპლექებული. პირველ გუნდში იყვნენ - მწერლები: ნიკოლოზ ტოტოღაშვილი და ლელა ცუცქირიძე; მეორეში - მწერალი და „ბიბლუსის“ კრეატიული დირექტორი გიორგი კეკელიძე და მწერალი და რეჟისორი მალხაზ ასლამაზიშვილი; ხოლო მესამეში - ასევე ცნობილი ავტორები, თაკო წულაია და ლექსო დორეული.

ჟიურიმ გამოავლინა თავისი რჩეული შეფლიტერატორები: ნიკოლოზ ტოტოღაშილი და ლელა ცუცქირიძე. ყველა სტუმარი და მონაწილე კი „პალიტრა L-მა“ წიგნებით დააჯილდოვა. ღონისძიების მიმდინარეობისას ასევე გაიმართა სახალისო გათამაშებაც, რომელშიც დოლურას პრინციპით 15 პრიზის მოგება იყო შესაძლებელი. მწერლებთან ერთად საღამოზე მოწვეულები იყვნენ სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებიც, მათ შორის მარკეტინგის სპეციალისტები, ცნობილი სახეები კულტურის სფეროდან, ინფლუენსერები და სხვა.

„შეფლიტერატორი“ გაიმართა „ოპუსის“ სივრცეში, რომელიც ქართულ რესტორანსა და შოკოლატერიას აერთიანებს. რესტორანი სტუმრებს უგემრიელესი ქართული და ევროპული კერძებით გაუმასპინძლდა. საღამოს აფორმებდა ცოცხალი მუსიკა, რამაც განსაკუთრებული ატმოსფერო შექმნა.

„პალიტრა L-ის“ მიერ ორგანიზებულ საღამოს თემატურად თან სდევდა ჯეინ ოსტინის სამზარეულოს მოტივები. სტუმრებმა დააგემოვნეს ოსტინის შემოქმედებით შთაგონებული შამპანურის გრანიტა და ფრენკ ჩერჩილის ილიანი ყავა, რამაც განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. გამომცემლობა „პალიტრა L-ისთვის“ 2025 წელი საიუბილეოა და წლის მანძილზე მკითხველს სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა და ღონისძიებას ჰპირდება.

R