მარტვილელი რძალ-დედამთილი, ანა ფირცხალავა და ნიალი ხურცილავა სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულები არიან. მათ სახალისო ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს. რძალ-დედამთილი გადაცემაში "შუადღე" ერთმანეთის შესახებ საუბრობს:
ანა ფირცხალავა: - ჩემს დედამთილს გაუმართლა, მე რომ ვყავარ. მეც რა მეშველებოდა, ასეთი საყვარელი, მხიარული რომ არ მყოლოდა. მას, პრინციპში, მანამდეც ვიცნობდი, შორიდან. მეუღლე მაჩვენებდა ხოლმე...
ნიალი ხურცილავა: - წინასწარ გაცნობა არ მინდოდა. ჩემს შვილს ვუთხარი: "მოიყვანე, ვნახოთ, თუ მომეწონება, გავაჩეროთ, თუ არა, გავუშვათ-თქო". (იცინის)
ანა ფირცხალავა: - პირველად რომ ვნახე, გულში ჩამიკრა... თავიდან მისი ვიდეოები ვნახე, ჩემი მეუღლე უღებდა და მულს უგზავნიდა. ძალიან საყვარელი და მხიარული იყო. შორიდან შემიყვარდა. ვფიქრობდი, როცა დავოჯახდებით, ტიკ-ტოკებს გადავიღებ-თქო. იდეები უკვე წინასწარ გვქონდა. მესამე დღეს გარეთ გავიყვანე და ტიკ-ტოკი გადავიღეთ. ძირითადად, მეუღლე გვიღებს. ერთმანეთს ვეხმარებით. თავიდან დედამთილის მერიდებოდა. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ მას ეთქვა. არ გვთანხმდებოდა.
ნიალი ხურცილავა: - ზოგჯერ ჩუმად მიღებენ. არ მინდოდა, მაგრამ...
ანა ფირცხალავა: - შეიძლება, ხალხს ჰგონია, რომ ასეთ ურთიერთობას კამერის წინ ვაჩვენებთ, მაგრამ სინამდვილეშიც ასეა. ორპირობა არ შემიძლია. ჩემს დედამთილთან სულით და გულით ვარ. მართლა ძალიან მიყვარს და ვაფასებ.
ნიალი ხურცილავა: - მისგან მაკიაჟის გაკეთებას ვსწავლობ. ის ჩემგან ხაჭაპურის დაცხობას სწავლობს.
ანა ფირცხალავა: - ყოველდღე სხვადასხვა კერძს აკეთებს. ძალიან მზრუნველი ადამიანია.
ნიალი ხურცილავა: - დედამთილებს მივცემდი რჩევას, რომ რძალი ისე მიიღონ, როგორც თავიანთი ქალიშვილი. მე ერთი გოგო მყავს და რძალს მისგან არ ვასხვავებ.
ანა ფირცხალავა: - მეც სულ შევეცდები, რომ ვასიამოვნო, ყურადღება მივაქციო და დედასავით მოვექცე.