ახალგაზრდა მრავალშვილიანი წყვილი, რომელიც თბილისიდან სოფელში გადავიდა საცხოვრებლად - მშობლები

ახალგაზრდა მრავალშვილიანი წყვილი, რომელიც თბილისიდან სოფელში გადავიდა საცხოვრებლად - "თავიდან გვეშინოდა გამოუცდელობის. ვფიქრობდით, სოფლის ცხოვრებასთან ფეხის აწყობა გაგვიჭირდებოდა"

2025-05-23 09:41:27+04:00

ქეთი და სოსო 5 წლის წინ თბილისიდან სოფელ ქსოვრისში 4 შვილთან ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად. როგორც თავად ამბობენ, სოფლის ცხოვრებაზე ფეხის აწყობა მარტივი არ იყო, თუმცა მიწის სიყვარულით, მონდომებითა და დიდი შრომით წლიდან წლამდე ვითარდებიან. წელს მათ ეზოს ეკობოსტანი დაემატა, სადაც პატარებისთვის მასტერკლასები ტარდება, რომ მიწასთან მუშაობა მათაც შეაყვარონ. მიჰყვებიან მეფუტკრეობას და ნატურალურ თაფლს აწარმოებენ. 15-წლიანმა სიყვარულის ისტორიამ წყვილს საყვარელი საცხოვრებელი ადგილი და საერთო საქმე აპოვნინა. ახლა 5 შვილი ჰყავთ, მეექვსეს ელოდებიან და თავიანთი ყოველდღიურობის შესახებ გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობენ:

ქეთი დვალი: - ჩვენი სოფელში ცხოვრების ისტორია 5 წლის წინ დაიწყო. თბილისიდან 4 შვილით გადმოვედით და იმ დღიდან ჩვენი ცხოვრების სტილი რადიკალურად შეიცვალა. ეს ყველაფერი შვილების გამო გავაკეთეთ. ბავშვების რაოდენობასთან ერთად, მეტი სივრცე, ჯანსაღი გარემო, სუფთა ჰაერი და ეკოლოგიურად სუფთა საკვები გვჭირდებოდა. ეს ყველაფერი ერთად სოფელში ვიპოვეთ.

სოსო ლოხიშვილი: - სოფელი და სიმშვიდე ერთმანეთთანაა დაკავშირებული. სოფელში არაქაოსური, შედარებით მშვიდი ცხოვრებაა. რა თქმა უნდა, ადამიანის განვითარება, სულიერადაც და ხორციელადაც, სიმშვიდეშია შესაძლებელია.

ქეთი: - 4 გოგო გვყავს, მე-5 ბიჭია. მეექვსესაც ბიჭს ველოდებით. თავიდან გარკვეული სახის შიში გვქონდა. გვეშინოდა ჩვენი გამოუცდელობის. ვფიქრობდით, რომ სოფლის ცხოვრებისთვის ფეხის აწყობა გაგვიჭირდებოდა. გადავწყვიტე, რომ მეღვინეობაზე ჩამებარებინა და სოფლის ცხოვრებას საქმით დავკავშირებოდი. თუმცა, ახლა, ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ იმდენად სასიამოვნოა სოფელში ცხოვრება, რომ ყველაფერი შეგვიყვარდა. საჭირო დროს საჭირო ადგილზე მოვხვდით, თორემ არაფერს განსაკუთრებულს არ ვაკეთებთ.

სოსო: - ეს ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული და ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა, რაც ჩვენ ნამდვილად მივიღეთ.

ქეთი: - აქ ჩვენს თავში უამრავი ნიჭი და შესაძლებლობა აღმოვაჩინეთ. რაღაც ძალიან რომ გინდა, თითქოს, გარემო, სამყარო გეხმარება, რომ ამ მიზნამდე მიხვიდე. კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს. ერთხელ რომ გავბედეთ და გამოგვივიდა, ისეთი ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა მოგვემატა, რომ უფრო ადვილად მივდივართ რისკზე. დამწყებებს აუცილებლად ვეტყოდით, რომ არაფრის შეეშინდეთ. ყველაფერი გამოვა, თუ დიდი სურვილი და მონდომებაა. საბავშვო მასტერკლასებს ვატარებთ, აგრომიმართულებით. ვცდილობთ, საზოგადოებაში სოფლის ცხოვრებას პოპულარიზაცია გავუწიოთ და სხვა თვალით შევახედოთ. პატარებს ბუნება შევაყვაროთ და მასთან დავაახლოოთ. გვაქვს მეფუტკრეობის მასტერკლასი, რომელიც პირველია საქართველოში. ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, წლიდან წლამდე უამრავი ადამიანი გვსტუმრობს. ბევრი შვილის ყოლა რთულია, მაგრამ უფრო მეტად სიყვარული და ბედნიერებაა. მით უმეტეს, ასეთი მეუღლე რომ გიდგას გვერდით.

სოსო: - ამ პასუხისმგებლობასთან ერთად, რა თქმა უნდა, მამოძრავებელი ძალა დიდი სიყვარულია.