რომელ დაავადებებზე შეგიძლიათ, სრულიად უფასოდ ჩაიტაროთ კვლევები - დეტალები - მშობლები

რომელ დაავადებებზე შეგიძლიათ, სრულიად უფასოდ ჩაიტაროთ კვლევები - დეტალები

2025-05-23 10:32:37+04:00

თბილისის მერია თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს სხვადასხვა დაავადებაზე უფასო სკრინინგის შესაძლებლობას სთავაზობს. ამის შესახებ 2025 წლის ჯანდაცვის პროგრამებშია აღნიშნული.

დაავადებათა სკრინინგის უფასო პროგრამაში შედის:

ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს:

  • ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას და მამოგრაფიულ გამოკვლევას 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წაკითხვით, ხოლო რადიოლოგთა მიერ განსხვავებული შეფასებებისა და/ან სკრინინგული დიაგნოსტიკის საჭიროების შემთხვევაში, კონსესუს კონფერენციას, რომელსაც უძღვება შემთხვევის ლიდერი მე-3 რადიოლოგი.);
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას.

ბ.ა) საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას და პაპ-ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით 25 წლიდან 30 წლამდე ასაკის ქალებში;

  • საშვილოსნოს ყელის დათვალიერებას, მასალის აღებას და HPV დნმ-ის განსაზღვრის ტესტის ჩატარებას 30 წლიდან 60 წლის ასაკის ჩათვლით ქალებში;
  • HPV ტესტით დადებითი შემთხვევების ტრიაჟს სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის საფუძველზე;
  • „ბ.ა“ და „ბ.ბ“ ქვეპუნქტებით გაწეული მომსახურებისას პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას;
  • საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას;

გ) პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, რომელიც მოიცავს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას;

დ) კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისთვის, რომელიც მოიცავს:

  • ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიურ კვლევას;
  • საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას

ე) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პილოტი 25-70 წლის ასაკის ჩათვლით რისკის მქონე ქალებში, რომელიც მოიცავს:

  • ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას;
  • პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევას;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას;
  • ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობას ენდოკრინოლოგის მიერ.

ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში რეგისტრაციის ადგილად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი.

აღსანიშნავია, რომ დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურება ფინანსდება სრულად, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.

კლინიკების ჩამონათვალი, სადაც უფასო კვლევების ჩატარებას შეძლებთ და ასევე, პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი საკითხები შეგიძლიათ, გადაამოწმოთ თბილისის მერიის ვებგვერდზე. სხვა შეკითხვებისთვის კი დაუკავშირდით მერიის ცხელ ხაზს: 032 272 22 22