მშობლებმაც პირველად ჩაიკრეს გულში მონატრებული შვილი რამდენიმე თვის წინ "კვირის პალიტრის" 12 იანვრის ნომერში დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით "ნათიას შვილები მხოლოდ ფოტოზე უნახავს - განაჩენი, რომელიც შვილების ყოლას გიკრძალავს!" პუბლიკაციაში საუბარი იყო სახელმწიფოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული ადამიანების შესახებ, რომლებიც გურჯაანში საოჯახო ტიპის სახლებში ცხოვრობენ. ამ ადამიანებმა პანსიონატები ნებით დატოვეს და საზოგადოებრივი ორგანიზაციის, "ხელი ხელს" დახმარებით დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობენ.
მართალია, მოქმედი კანონი ქმედუუნარო ადამიანებს შორის ქორწინებას კრძალავს, მაგრამ სიყვარული ხომ წესებს არ ემორჩილება და მათ შორისაც იქმნება წყვილები. სამწუხაროდ, ასეთ წყვილებს კანონი შვილების გაზრდის უფლებასაც არ აძლევს.
ქმედუუნაროდ აღიარებული პირის შვილებს გასაშვილებლის სტატუსი ავტომატურად ენიჭებათ. მათ აშვილებენ ან თავშესაფარში გადაჰყავთ. ბიოლოგიური მშობელი, დიდი ალბათობით, ვერასდროს გაიგებს, ვინ იშვილა ბავშვი.
ზემოთ ხსენებულ სტატიაში ჩვენ მოგიყევით გოჩასა და ნათიას ისტორია. მათ ერთმანეთი ჯერ კიდევ პანსიონატში ყოფნისას შეუყვარდათ. მართალია, ინსტიტუციის შინაგანაწესი წყვილების თანაცხოვრებას კრძალავს, მაგრამ გრძნობისა და სურვილების წინაშე ნებისმიერი აკრძალვა უძლურია და ნათიასა და გოჩას პანსიონატში ორი შვილი შეეძინათ. სამწუხაროდ, მარიამი და ნიკოლოზი მათ მხოლოდ ფოტოებზე ჰყავდათ ნანახი, რადგან ბავშვები თავშესაფარში სამშობიაროდან გადაიყვანეს.
"კვირის პალიტრაში" დაბეჭდილი პუბლიკაციისა და "პალიტრა TV"-ის სიუჟეტის შემდეგ, გოჩასა და ნათიას ცხოვრებაში სასიამოვნო მოულოდნელობა მოხდა - მონატრებული მშობლები პატარა ნიკოლოზს შეხვდნენ. გაგრძელება