საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად „პალიტრა L-მა“ გამოსცა მარო მაყაშვილის დღიურები, რომელიც 26 მაისიდან სპეციალურ ფასად იქნება ხელმისაწვდომი „ბიბლუსის“ ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.
ერთი კვირის განმავლობაში წიგნის ფასი 10 ლარი იქნება, ხოლო დღიურის ლიმიტირებული საკოლექციო გამოცემის შეძენას 35 ლარად შეძლებთ.
წიგნში შესულია მაროს ჩანახატები და იმ ადამიანების ფოტოსურათებიც, რომლებსაც ის თავის ჩანაწერებში ახსენებს. ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა; გოგოს, რომელმაც გარდამტეხ დროს თქვა, „მე იქ უნდა ვიყვე, სადაც იღვრება სისხლი და ცრემლი თანამემამულეთაო.
მარო მაყაშვილი ჩვენი თავისუფლების სიმბოლოა, ოკუპაციის მსხვერპლი და საქართველოს ეროვნული გმირი. 1921 წლის 19 თებერვალს, ის მოწყალების და იყო, რომელიც თავისი დაჟინებული სურვილით იდგა თბილისში, იქ, სადაც ზარბაზნები ხმაურობდნენ. კიდევ უფრო ადრე, 1918 წელს იყო მოზარდი, რომელსაც ძალიან ბევრი მიზანი, ოცნება და გულისტკივილი ჰქონდა. სწორედ ამ დროს ის წერდა დღიურს, რომლის ფურცლებზე არაერთი აუხდენელი ნატვრა დარჩა. მარო ჰყვებოდა თავის ემოციებზე, სწავლაზე, წიგნებზე, მოგზაურობასა და მომავალ პროფესიაზე. ფიქრობდა პოლიტიკაზე და ქალების უფლებებზე, გვიზიარებდა წუხილს საქართველოს ბედზე.
R