რას უნდა მიაქციონ 40+ ასაკში ქალებმა ყურადღება, რომელი ანალიზები უნდა ჩაიტარონ და რა უნდა შეამოწმონ, რომ ჯანმრთელობისათვის სახიფათო პროცესები თავიდან აირიდონ, თემაზე გადაცემაში "დღის პოსტი" ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი მაკა ბულეიშვილი საუბრობს:
- 40+ ასაკი გადასარევი ასაკია. შეიძლება, ვთქვათ, რომ "დაღვინების" ასაკია. არის ასეთი მოსაზრება, რომ ეს ეტაპი ყოველთვის სერიოზულ პრობლემებთანაა დაკავშირებული და ქალის რეპროდუქციული სისტემა სხვა ფაზაში გადადის. თუმცა, ძალიან ბევრი შემთხვევაა, რომ ქალები არა მხოლოდ 40, არამედ 50 წლის შემდეგაც ხდებიან დედები. დამოკიდებულებაც შეიცვალა. 40 წელს გადაცილებული ქალბატონი საკმაოდ ახალგაზრდაა და კარგად გამოიყურება. ახლა უამრავი საშუალება არსებობს, რომ ლამაზად გამოვიყურებოდეთ, თუმცა, ყველაფერს თავისი ზომა გააჩნია. მათ შორის, კოსმეტიკურ ჩარევებსაც.
40 წელს გადაცილებული ქალები პრემენოპაუზურ პერიოდში არიან, რომლის დროსაც ძალიან სერიოზული ცვლილებები, მეტაბოლური დარღვევები მიმდინარეობს. ყველაზე ხშირ შემთხვევაში, ქალბატონებს წონის მატება აწუხებთ. ხანდახან, წონის მატების შეჩერება შეუძლებელია. არიან ქალები, რომლებთანაც არანაირი ჩარევა არ გვჭირდება. ზოგჯერ კი პირიქითაა. პოზიტიურ განწყობა ყოველთვის საჭიროა.
40 წელს გადაცილებული ქალები ყველაზე პროდუქტიულები არიან როგორც განათლების, ასევე განვლილი ცხოვრების წესითაც.
სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. საღამოს დაღლილებიც რომ მივიდეთ სამსახურიდან, აუცილებელია, ჰაერზე გავიდეთ, გავისეირნოთ.
ცხადია, ხშირად გარკვეული კვლევების ჩატარება აუცილებელია. არსებობს სკრინინგის პროგრამები. საშვილოსნოს ყელის სიმსივნეების პრევენციისათვის, სკრინინგი ხელმისაწვდომია. ასევე, მკერდის სიმსივნის პრევენცია მნიშვნელოვანია. ქალებთან, რომლებიც პოსტმენოპაუზურ პერიოდში არიან, რისკი იზრდება.
მენოპაუზის დროს შფოთვა, უძილობა ხშირად აწუხებთ. ჭარბი ოფლიანობა, უეცრად შეხურება აღენიშნებათ. დღეს ამის მართვა აბსოლუტურად შესაძლებელია. მაგრამ, პირველ რიგში, სკრინინგის პროგრამებში უნდა ჩავერთოთ. ფარისებრი ჯირკვლის სკრინინგიც მნიშვნელოვანია, რადგან ის ამ პერიოდში დისფუნქციას განიცდის.
ასაკის მატებასთან ერთად, ძვლის სტრუქტურის დეგენერაციული ცვლილებები არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც დამახასიათებელია. ქალებში პოსტმენოპაუზურ პერიოდში შესაძლოა, ძვალ-სახსროვანი სისტემის სერიოზული ტკივილი, დეგენერაციული ცვლილებები დაიწყოს. ცხიმი ჭარბობს, ხანდახან გადაადგილების პრობლემაა, ხან კი ჩივილები ლოკალურია. კალციუმის, D ვიტამინის, მაგნიუმის, ნუტრიენტების, ელექტროლიტების დეფიციტი გვაქვს. ესტროგენების დეფიციტის ხარჯზე, კარდიოლოგიური პრობლემებიც აქტიურდება. ეს ყველაფერი სწორად უნდა შევაჯამოთ. თუ ვხედავთ, რომ ამ ფაზაში ვართ, პირველი რიგის ამოცანაა, რომ სკრინინგი ჩავიტაროთ. ასევე, ჩავიტაროთ რუტინული კვლევები, რომლებსაც ოჯახის ექიმი დაგვინიშნავს. მათ შორის, სისხლის საერთო ანალიზი, კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის, D ვიტამინის განსაზღვრა, ქოლესტერინის რაოდენობის შეფასება, კოაგულოგრამა მნიშვნელოვანია. დენსიტომეტრიის ჩატარებაც აუცილებელია, რომ ძვალ-სახსროვანი სისტემის პრობლემები გამოვრიცხოთ.
ბევრი არც D ვიტამინია კარგი და არც კოლაგენი. მაგრამ, მოგეხსენებათ, ეს ის აუცილებელი კომპონენტებია, რომლებიც ქალის როგორც ზოგადი სილამაზისთვის, კანის სტრუქტურისა და ელასტიურობის შენარჩუნებისთვის, ასევე ძვლების სიჯანსაღისთვისაც საჭიროა. მაგალითად, ჟელატინი შესანიშნავი პროდუქტია.
ხაჭო, რძე - ამ პროდუქტების მიღებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია D ვიტამინი, კალციუმი. ამ დროს აუტოიმუნური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა პათოლოგია აქტიურდება, რის გამოც ჩვენს კუჭ-ნაწლავში კალიუმის, ნატრიუმის, მაგნიუმის, B12-ის, D ვიტამინის, ყველა სახის მაკრო და მიკროელემენტების კარგად შეწოვა არ ხდება. ნაწლავის მიკრობიოტაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირება უნდა მოვაწესრიგოთ.
40 წლის შემდგომ ასაკი სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი ასაკია. უნდა ვიცხოვროთ ჯანსაღად, ვიკვებოთ ჯანსაღად, ვიყოთ კარგ განწყობაზე. ქალებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია შოპინგიც...