დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საზაფხულო ბაღების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგისტრაცია 9 ივნისიდან დაიწყება:
"წელს საზაფხულო ბაღების მასშტაბი იზრდება. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ივლისში დედაქალაქში 50-ის ნაცვლად, 55 საბავშვო ბაგა-ბაღი იფუნქციონირებს. საზაფხულო ბაღები 20 ათასამდე აღსაზრდელს მოემსახურება. რეგისტრაცია ელექტრონულია და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე წარიმართება. რეგისტრაცია 9 ივნისს დაიწყება და თვის ბოლომდე გაგრძელდება. შესაბამისად, ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ, დარეგისტრირდეთ. პროექტით სარგებლობა შეეძლებათ თბილისის ბაღებში რეგისტრირებულ 2-დან 6 წლამდე ასაკის აღსაზრდელებს. მათ შორის, მათაც, ვინც ბაღს ამთავრებს და სექტემბერში სკოლაში მიდის.
გასული წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ საზაფხულო ბაღებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, რადგან დასაქმებულ თბილისელთა დიდი ნაწილი ივლისში გასვლას ვერ ახერხებს და დედაქალაქში რჩება. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბაღების რაოდენობა გავზარდოთ.
პროექტის განხორციელება საბავშვო ბაგა-ბაღებში დასაქმებული თანამშრომლებისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგანაც ისინი საზაფხულო ბაღებში მუშაობისთვის დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. წელს 55 ბაღში 3300-მდე თანამშრომელი იმუშავებს. პროექტი 2025 წლის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარით იქნება დაფინანსებული." - თქვა კახა კალაძემ.
საზაფხულო ბაღების სიას კი ვრცლად შეგიძლიათ, გაეცნოთ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გვერდზე.