ახალნამშობიარევი ქალების კიდევ ერთი პრობლემა გამოვლინდა, რაც ექიმებისთვის "განსაკუთრებით შემაშფოთებელი" აღმოჩნდა - მშობლები

ახალნამშობიარევი ქალების კიდევ ერთი პრობლემა გამოვლინდა, რაც ექიმებისთვის "განსაკუთრებით შემაშფოთებელი" აღმოჩნდა

2025-05-29 07:55:27+04:00

მეცნიერთა ჯგუფმა მშობიარობის შემდგომი უძილო ღამეებისგან მიყენებული ზიანის ზუსტი დონე გამოიკვლია. სპეციალისტებმა დაადგინეს: ახალნამშობიარევი დედებისთვის მთავარი გამოწვევა ძილის ნაკლებობა კი არ არის, არამედ უწყვეტი ძილის შეუძლებლობა. კვლევა ჟურნალ SLEEP-ში გამოქვეყნდა.

კვლევაში 26-დან 43 წლამდე ასაკის 41 ქალი მონაწილეობდა, რომლებიც პირველად გახდნენ დედები. ქალებს დაუმაგრეს მოწყობილობები, რომლებიც ავტომატურად აღრიცხავდა, როდის და რამდენ ხანს ეძინა ქალს. კვლევისთვის ეს მონაცემები ორი პერიოდიდან იყო აღებული - მშობიარობამდე ერთი წლის განმავლობაში და მშობიარობის შემდეგ პირველი წლის განმავლობაში.

ძირითადი აღმოჩენები

ბავშვის დაბადებიდან პირველ კვირაში მონაწილეთა ძილის საშუალო ხანგრძლივობა დღე-ღამეში მხოლოდ 4,4 საათს შეადგენდა, მაშინ, როდესაც ორსულობამდე ეს 7,8 საათი იყო.

განსაკუთრებით შემაშფოთებელი სხვა მოვლენა აღმოჩნდა: ძილის ყველაზე გრძელი უწყვეტი მონაკვეთი 5,6 საათიდან 2,2 საათამდე შემცირდა. უფრო მეტიც, თითქმის ყოველმა მესამე დედამ (31,7%) მშობიარობის შემდგომ პირველ დღეებში ერთ დღე-ღამეზე მეტი ხანი ვერ იძინა.

ძილის საერთო რაოდენობა თანდათანობით იზრდებოდა: მე-2-7 კვირაში 6,7 საათამდე და მე-8-13 კვირაში 7,3 საათამდე. თუმცა მესამე თვის ბოლოსაც კი გრძელი უწყვეტი ძილის მონაკვეთები "ორსულობამდელ" მაჩვენებლებზე ვერ დაუბრუნდა — მაქსიმუმ 4,1 საათი იყო ერთ ჯერზე.

მეცნიერთა დასკვნები

კვლევის ავტორი დოქტორი ტერეზა ლილისი, კლინიკური ფსიქოლოგი და ჩიკაგოს რაშის უნივერსიტეტის ლექტორი განმარტავს: "ყველაზე გასაოცარი სწორედ უწყვეტი ძილის მკვეთრი შემცირება იყო. მიუხედავად იმისა, რომ საერთო საათების რაოდენობით დედები რამდენიმე თვეში თითქმის ნორმას ბრუნდებიან, ძილის სტრუქტურა დარღვეული რჩება. სწორედ ამით აიხსნება მუდმივი დაღლილობა, ვითომ საკმარისი ძილის მიუხედავად."

მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ფრაგმენტული ძილი მშობიარობის შემდგომი დეპრესიისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკ-ფაქტორთაგან ერთ-ერთი შეიძლება იყოს.

კვლევა პოპულარულ რჩევას "იძინე, როდესაც ბავშვი იძინებს" ეჭვქვეშაც აყენებს. ამის ნაცვლად, როგორც ლილისი ხაზგასმით აღნიშნავს, სტრატეგიები დღე-ღამეში მინიმუმ ერთი გრძელი უწყვეტი ძილის მონაკვეთის უზრუნველყოფაზე უნდა იყოს მიმართული. მხოლოდ ძილის საათები საკმარისი არ არის, უნდა ფოკუსირდეთ ძილის ხარისხზე