მშობლები ხშირად სხვადასხვა მკაცრი აკრძალვით ცდილობენ, რომ თავიანთი შვილები დაიცვან და მათ საფრთხეები და შეცდომები თავიდან აარიდონ. თუმცა, მკაცრი აკრძალვები ზოგჯერ სრულიად საპირისპირო შედეგს იძლევა. ასეთ აკრძალვებს, აუცილებლად შესასრულებელ წესებს, რომელთა შესახებაც მშობელი შვილს არ ესაუბრება და არ განმარტავს, რატომაა საჭირო, შეუძლია, ბავშვის ფსიქიკა ისე გაანადგუროს, რომ მომავალშიც უამრავი კომპლექსი ჩამოუყალიბოს.
იმაზე, რომ ოჯახში გარკვეული წესები უნდა არსებობდეს და ბავშვისთვის ყველაფერი ნებადართული არ უნდა იყოს, არავინ დავობს, თუმცა ზედმეტად ხშირმა და მკაცრმა, ასევე - არაადეკვატურმა და გაურკვეველმა აკრძალვებმა შესაძლოა, ბავშვზე განსაკუთრებით ნეგატიური გავლენა მოახდინოს:
შეგიძლიათ, წარსულიდან გაიხსენოთ ისეთი სიტუაციები, როდესაც მშობლებმა უარი გითხრეს რაღაცაზე, მაგრამ როდესაც ჰკითხეთ, თუ "რატომ?", პასუხად მიიღეთ "იმიტომ!" და მეტი არაფერი... რა გრძნობები და ემოციები გაგიჩნდათ მაშინ? გაბრაზდით? უსამართლობის შეგრძნება გქონდათ? ვერ ხვდებოდით, რატომ იქცეოდნენ თქვენი მშობლები ასე? ეს ნიშნავს, რომ მსგავსმა გაურკვეველმა აკრძალვებმა დაგაზიანათ, ნეგატიური განწყობა შეგიქმნათ და მშობლების მიმართ ნდობა დაგაკარგვინათ, რადგანაც ისინი არ გესაუბრებოდნენ, თუ რატომ გიკრძალავდნენ რაღაცას. ანალოგიურად, თუ თქვენს შვილს მუდმივად შეზღუდავთ, უამრავ მკაცრს აკრძალვას დაუწესებთ ისე, რომ არაფერს აუხსნით, მის მენტალურ ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნით, მასში აჯანყებას გამოიწვევთ და შესაძლოა, აგრესია სიძულვილადაც კი გადაიქცეს.
უფროსების მხრიდან ხშირმა აკრძალვებმა შეიძლება ბავშვში შიშისა და შფოთვის შეგრძნება გამოიწვიოს. მუდმივი უარისა და აკრძალვების საფუძველზე, მას შესაძლოა დაეწყოს არა მხოლოდ შეცდომების დაშვების, არამედ ინიციატივის აღების, ნებისმიერი რამის გაკეთების შიშიც. უბრალოდ, კუთხეში დადგეს ისე, რომ აღარაფერი თქვას და აღარც რაიმეს გაკეთება მოუნდეს... თუ მისი აზრები, ქმედებები და სურვილები მუდმივად ნეგატიურად აღიქმება, მაშინ ის დროთა განმავლობაში თავისუფლად აზროვნებისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარს სრულად დაკარგავს.
მკაცრი აკრძალვების კიდევ ერთი შედეგი, რომელიც თავს ზრდასრულობაშიც იჩენს. მუდმივმა უარმა, მისი აზრების უგულებელყოფამ შესაძლოა, ბავშვი საკუთარ თავში ჩაკეტოს, სრულად შეწყვიტოს ინიციატივების გამოვლენა, იფიქროს, რომ არაფერი გამოსდის და მისი ყველა ქმედება ცუდია.
ხშირად მშობლების მხრიდან აკრძალვები ბავშვებთან კონფლიქტს იწვევს. თუ შვილს თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში არ დაარწმუნებთ და არ აუხსნით, რატომ აკეთებთ კონკრეტულ რაღაცას, მაშინ ის აუცილებლად აჯანყდება და ეს გაუცხოება შესაძლოა, იმაზე დამაზიანებელი აღმოჩნდეს, ვიდრე ის მიზეზი, რის გამოც აკრძალვას უწესებთ.
შეზღუდულობის განცდის გამო, ბავშვმა შეიძლება, კომუნიკაცია სრულად შეწყვიტოს, დაიწყოს მნიშვნელოვანი რაღაცების დამალვა და მშობელმა აუცილებელი ინფორმაციაც კი ვეღარ მიიღოს. ნდობის დეფიციტი კონფლიქტს გააჩენს, თქვენ კი აღარ გეცოდინებათ, რა მდგომარეობაშია თქვენი შვილი, ვისთან მეგობრობს, რას აკეთებს და რა ინტერესები აქვს.
მუდმივი შეზღუდვები და აკრძალვები ბავშვს დამოუკიდებლობის შეგრძნებას სრულად უკარგავს და ის ფიქრობს, რომ ყველაფერს არასწორად აკეთებს. ამიტომ, მომავალშიც სულ დასჭირდება ვიღაც, ვისაც დაეყრდნობა, ვის აზრსაც გაითვალისწინებს... ამიტომ, შეზღუდვებსა და თავისუფლებას შორის ბალანსის პოვნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.