სად შეგიძლიათ 1-ელ ივნისს ბავშვების წაყვანა და გართობა - ღონისძიებების ჩამონათვალი - მშობლები

სად შეგიძლიათ 1-ელ ივნისს ბავშვების წაყვანა და გართობა უფასოდ - ღონისძიებების ჩამონათვალი

2025-05-29 10:35:54+04:00

პირველ ივნისს, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მრავალი აქტივობა გაიმართება, ცენტრალური ღონისძიება კი დედაენის ბაღში შედგება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

"ახლოვდება პირველი ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, რომელსაც ტრადიციულად გამორჩეული სიყვარულით აღვნიშნავთ. უამრავი პატარა ელოდება ამ დღეს. დედაქალაქის სხვადასხვა უბანში გვექნება არაერთი აქტივობა. ცენტრალური ღონისძიება დაგეგმილია დედაენის ბაღში, სადაც განსაკუთრებული პროგრამა ელოდება ჩვენს პატარებს. გარდა საბავშვო კონცერტისა, 15:00 საათიდან დედაენის ბაღში გაიმართება სხვადასხვა სახის ღონისძიება: მოეწყობა ღია ბიბლიოთეკა და კინოს კუთხე, ჭადრაკის კუთხე, ხელოვნების სახლების საგამოფენო სივრცე.

გვექნება სპორტული აქტივობები, თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები, გაიმართება მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა, მოეწყობა ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, არტ თერაპია, იქნება სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი გასართობი შესაბამისი აქტივობები. ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე, ხოლო საკონცერტო ნაწილი 20:00 საათზე. გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. საკმაოდ საინტერესო სანახაობა გელოდებათ." - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

1-ელ ივნისს გასართობი პროგრამა ელოდებათ ბავშვებს მთაწმინდის პარკშიც.

ამჯერად გასართობი ღონისძიებები პარკის ორ ლოკაციაზე - ცენტრალურ მოედანსა და საბაგიროზე ზედა სადგურის ტერიტორიაზე გაიმართება.

ჩატარდება საბავშვო კონცერტები, ანიმატორების წარმოდგენები, შეჯიბრებები და საჩუქრების გათამაშებები, დაგხვდებათ საბავშვო კომპანიები თქვენთვის და თქვენი ბავშვებისთვის საყვარელი პროდუქციებით. მოგემსახურებათ ფუნიკულიორიც.

სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი ისთ-ფოინთშიც.

ადგილზე პატარებს დახვდებათ, უამრავი სიურპრიზი, საჩუქარი და სხვადასხვა გასართობი აქტივობა, როგორებიცაა:

  • საბავშვო მარათონი
  • მშვილდოსნობის ზონა
  • პენალტების შეჯიბრება
  • გიგანტური ბოულინგი
  • ბატუტზე გიმნასტიკა
  • ჭადრაკის ტურნირი

დასწრება თავისუფალია. ღონისძიებები კი 14:00-დან დაიწყება და საღამოს 8 საათამდე გაგრძელდება.

31 მაისსაა და 1-ელ ივნისს პატარებს გასართობი აქტივობები დახვდებათ თბილისი მოლშიც.

როგორც მუზეუმების გაერთიანებაში განგვიცხადეს, 1-ელ ივნისს გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში ღია კარის დღეა, შესაბამისად, შეგიძლიათ, შვილებთან ერთად უფასოდ ეწვიოთ და დაათვალიეროთ.

თამარ იაკობაშვილი