ოპალ სუჩატე ჩუანგსრი პირველი ტაილანდელია, ვინც ეს ტიტული მიიღო. 31 მაისს დასრულდა "მის მსოფლიოს" გამოსავლენი 72-ე კონკურსი ინდოეთის ქალაქ ჰაიდარაბადში. 21 წლის ტაილანდელი სტუდენტი 180 ქვეყნის გოგონებს შორის გამოარჩიეს.
კონკურსზე წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, გოგონა მრავალი წელია თავის ქვეყანაში მოდელობს და მსგავს კონკურსებში მონაწილეობს, ბევრჯერ გაიმარჯვა. შარშან "მის სამყარო 2024"-შიც მონაწილეობდა.
ოპალი 180 სმ სიმაღლისაა. გარდა მოდელობისა, ქველმოქმედებით არის დაკავებული - უსახლკარო ცხოველების დასახმარებელ ორგანიზაციაში და ძუძუს კიბოთი დაავადებულთა დასახმარებელ ორგანიზაციაში მოხალისედ მუშაობს.
"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო თითოეული ქალის ხმა - დის, დედის, შვილისა და მებრძოლის. "მის მსოფლიოს" დახმარებით მე მაქვს საოცარი შესაძლებლობა საუბრის, რათა მსოფლიომ დაგვინახოს და მოგვისმინოს - სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულებს და მედპერსონალს, რომელიც მათ ეხმარება", - აღნიშნა ოპალმა და ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა, ასევე პაციენტის მოვლასთან დაკავშირებულ ხარვეზებზე.
მეორე ადგილზე ეთიოპიელი გოგონა გავიდა, მესამეზე კი - პოლონელი.