პედიატრი ანა მაღრაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს იმ ნიშნებზე, რომელთა დახმარებითაც მშობელმა შეიძლება აღმოაჩინოს, რომ ბავშვს კონკრეტული ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი აქვს და ექიმს უნდა მიმართოს:
- D ვიტამინის დეფიციტით შეიძლება, რაქიტული ცვლილებები იყოს განპირობებული. ბავშვებმა 2 წლამდე D ვიტამინი უწყვეტად უნდა მიიღონ. ჰიპოკალცემიის შემთხვევაში შეიძლება, ბევრად უფრო მძიმე შედეგები გამოვლინდეს. მათ შორის: გულის რითმის დარღვევა, ძვლების დეფორმაცია. რკინის დეფიციტით განპირობებული ანემიის დროს შეიძლება, ზოგადი საერთო სისუსტე, სიფერმკრთალე, ფიზიკური განვითარების შეფერხება, გონებრივი განვითარების შეფერხებაც კი გამოიხატოს. ბავშვები აკადემიურ მოსწრებაში ჩამორჩებიან, მეხსიერების პრობლემები აქვთ და ასე შემდეგ.
თვალის უპეების სიმუქეს, ჩავარდნას ხშირად უჩივიან. ბავშვი წონაში არ იმატებს, შეიძლება ფერმკრთალი იყოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალეს ენიჭება. ტუჩებზე ნახეთქები, ტუჩების სიმშრალე, ენის წვა, კიდურებში დაბუჟება, სხეულზე სისხლჩაქცევები - B12-დეფიციტური ანემიისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია. ასევე, შეიძლება, გამოიხატოს ტაქიკარდია, განვითარების შეფერხება და ასე შემდეგ.
ვიტამინების დეფიციტით განპირობებული სიმპტომები მოიცავს: კანის სიმშრალეს, სიფერმკრთალეს, ტუჩის კუთხეში ნახეთქებს, ტუჩების სიმშრალეს, ენის წვას. ტაქიკარდიას ანუ გულის აჩქარებას, რასაც შეიძლება, მცირე ასაკის ბავშვი ვერ აღწერდეს, მაგრამ ობიექტური შეფასებისას ექიმმა დაადგინოს, რომ მისი გულისცემა ნორმაზე მაღალია. ზოგადი საერთო სისუსტე, რაც ასევე ვიტამინდეფიციტურ ანემიებზე მიუთითებს. თმის ცვენა, თმის სიმშრალე - ძალიან ბევრი სიმპტომია.
რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ლაბორატორიულად აუცილებლად უნდა დადასტურდეს, აქვს თუ არა ბავშვს რომელიმე მიკროელემენტის დეფიციტი. შემდეგ კი კონკრეტული მიკროელემენტი სწორად უნდა შევავსოთ.
იხილეთ გადაცემა სრულად: