ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს იმ საყურადღებო ნიშნებზე, რომლებიც ანაფილაქსიურ რეაქციაზე მიანიშნებს. ასევე, ასახელებს მწერების კატეგორიას, რომელთა ნაკბენიც ალერგიის განვითარების კუთხით განსაკუთრებით საფრთხილოა:
- ვიცით რამდენიმე ტიპის მწერი, რომლებიც განსაკუთრებულ ალერგიულ საშიშროებას წარმოადგენს. ესენია: ფუტკარი, ბზიკი და კრაზანა. დიდი მოცულობის მწერები საყურადღებოა. მცირედი დანესტვრა ქინქლით, რწყილითა და კოღოთი ადამიანისთვის იმდენად რისკის შემცველი არ არის. თუმცა, თუ მრავლობითი დაკბენაა, ბავშვს აწუხებს. შესაძლოა, მეორადი ინფექციაც განვითარდეს. ამიტომ, მთლად ნიველირებას არ ვუკეთებ, მაგრამ განსაკუთრებით საყურადღებო დიდი მწერების ნაკბენია. მათი დაკბენის შემთხვევაში საზოგადოებას უნდა ვასწავლოთ ანაფილაქსიის ამომცნობი ნიშნები. 10 სმ-მდე ნაკბენი მაინც ლოკალურ, ადგილობრივ რეაქციად ითვლება. მაგრამ, თუ ნაკბენი კიდევ მეტად გაიზარდა ან ნაკბენისგან უფრო მოშორებულ ადგილზე ვითარდება, უფრო სწრაფი რეაგირებაა საჭირო.
რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ანაფილაქსიური შოკი მაინცდამაინც გონების დაკარგვით მიმდინარე დაავადებაა. ეს ყველა შემთხვევაში ასე არ არის. მთლიანი ანაფილაქსიური რეაქციების 10%-ია ანაფილაქსიური შოკი, ანუ წნევის ვარდნა და გონების კარგვა. ანაფილაქსიაა დანარჩენი 90%, მაგრამ მას გონების კარგვა არ ახლავს. თუ რაიმე ტიპის ალერგიული რეაქცია მაქვს, მაქვს კანის რეაქცია. მაგრამ, თუ კანს რომელიმე სხვა ორგანოს ან სისტემის რეაქცია დაემატება, მაგალითისთვის, მუცლის ტკივილი, ღებინებისა და გულისრევის შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება, სურდო, ყელში მოჭერის შეგრძნება, ეს, რა საკვირველია, უკვე ანაფილაქსიაა. თუ ჩვენ გვაქვს ნაკბენი, ან საკვებით მოწამვლის შემთხვევაში, კანის რეაქციასთან ერთად, ის სიმპტომები, რაც ჩამოვთვალე, აქ სამედიცინო დახმარება აუცილებელია. მწერის ნაკბენის დროს შესაძლოა, რეაქცია 10-15 წუთში განვითარდეს. თუ საკვებით მოწამვლაზე ვსაუბრობთ, შოკის განვითარებამდე 30 წუთი მაინც სჭირდება, ამიტომ რეაგირების დრო არსებობს. თუ ანამნეზში ანაფილაქსიური შოკი იყო, ჯობს ასეთმა ადამიანებმა ექიმის რეკომენდაციების გარეშე სახლი არ დატოვონ და თან ყველა საჭირო პრეპარატი ჰქონდეთ. თუ არასდროს ჰქონიათ ასეთი რეაქცია, ყველა ადრენალინით ვერ ივლის. ამიტომ, თან გვქონდეს ანტიჰისტამინი, თუნდაც საინექციო ან დასალევი კორტიკოსტეროიდი, ცივის დადების გამოყენების რეკომენდაცია და ჩვევა და პრაქტიკულად, რეაქციათა უდიდესი ნაწილი ამით ჩერდება ხოლმე.
იხილეთ გადაცემა სრულად: