მსახიობი, ტელეწამყვანი ნანუკა გულუა გადაცემაში "სიცრუის დეტექტორი" ამბობს, რომ გაშვილებულ ძმას ეძებს და მის პოვნაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან:
- ეს თემა ჩემი ყოველწამიერი საფიქრალი და სატკივარია. უძველესი ისტორიაა. მამაჩემი მაშინ 18 წლის იყო. ქალბატონიც, დაახლოებით, 17-18 წლის. მათ ზუგდიდში საერთო შვილი ეყოლათ. თუმცა, არ შეუღლებულან და ქალბატონის დედამ ბავშვი გააშვილა. ის ქალი ქართველი არ არის. არავის ცხოვრების არევა არ მინდა. მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ძალიან ცუდად მხდის ფაქტი, რომ სადღაც მისი შვილი, ჩემი ძმა დადის და შემიძლია, ვნახო. გარდა ამისა, სამი დები ვართ. სამივეს სხვადასხვა ასაკის შვილი გვყავს და ძალიან მეშინია, თუ რა შეიძლება ჩვენს პატარა ქვეყანაში მოხდეს... შეიძლება, ჩემი ძმისშვილი ჩემს შვილს შეხვდეს ან ჩემს დისშვილს და არ ვიცოდე, ის ვისი შვილია. ამიტომ, უნდა ვიცოდე, ვინ არის ჩემი ძმა. ეს არის ჩემი ერთადერთი მიზანი. არც ჩემი ძმის ცხოვრების არევას ვაპირებ. ამ ამბის ერთადერთი ცოცხალი მოწმე ჩემი ძმის დედაა. ამ ქალბატონის მესმის, ტრაგიკული ისტორია აქვს, რომელიც დაივიწყა, ახალი ცხოვრება დაიწყო, შვილები ჰყავს... სავარაუდოდ, მას პირველი შვილის გაშვილების შესახებ არაფერი ჰკითხეს. ქალბატონამდე ვერ მივდივარ იმიტომ, რომ არ მიშვებს. მეუბნება, რომ არ სურს, მისი სიბერე აირიოს. მეც არ მინდა, რომ მისი სიბერე ავრიო. ერთადერთი, მინდა შევევედრო, რომ მითხრას, რამდენი წლისაა ჩემი ძმა და სად გააშვილეს. საქმეს ართულებს ისიც, რომ ბავშვი საავადმყოფოდან გამოიყვანეს და რამდენიმე დღის შემდეგ გააშვილეს. კლინიკიდან არ გაუშვილებიათ, რომ საბუთებს მივსდიო. ძალიან მიჭირს. თან არ მინდა, ის საძიებო მექანიზმი ჩავრთო, რომელიც დედა-შვილებს ერთმანეთის პოვნაში ეხმარება. გენეტიკური ანალიზი გავიკეთე, მაგრამ ჩემს ძმას გაკეთებული არ აქვს. შეიძლება, მან არც იცის, რომ გაშვილებულია.
მე-6 წელია, რაც მამაჩემი გარდაიცვალა. როდესაც ეს ამბავი გავიგე და ძებნა დავიწყე, ქალბატონის ვინაობა, დეტალები, მისმა მეზობლებმა მომწერეს. მამაჩემი მთელი ცხოვრება პერიოდულად ამ უბანში დადიოდა და ყველას სთავაზობდა თანხას, სიყვარულს, სითბოს, რომ ეთქვათ, სად გააშვილეს მისი შვილი. მე და მამაჩემს ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია. ყურმოკრულად გვქონდა ინფორმაცია. მაგრამ, მისი გარდაცვალების შემდეგ უკვე ყველამ თქვა ის დეტალი, რაც იცოდა. ძიება დავიწყე, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.
თუ ვინმე 50+ ასაკისაა და აქვს ეჭვი, რომ გაშვილებულია, ყველას ვთხოვ, რომ გენეტიკური ტესტი გაიკეთოს. ამ ქალბატონსაც მინდა მივმართო - მთელი საქართველოს წინაშე ვდებ პირობას, რომ მის საიდუმლოს ჩემგან ვერავინ გაიგებს. მე მისი ცხოვრების დანგრევის არანაირი მონაწილე არ ვიქნები, უბრალოდ, პატარა მინიშნებები მინდა. ნუ მკრავს ხელს, რომ მეც ჩემს მიზნამდე მივიდე, რომელსაც უბედურების თავიდან აცილება ჰქვია და არა მხოლოდ ინტერესის დაკმაყოფილება.