პედიატრი, მედიცინის დოქტორი თემურ მიქელაძე გადაცემაში "იმუნიტეტი" ბავშვთა კვების, განვითარების, მეტყველების შეფერხებისა და იმ რეკომენდაციების შესახებ საუბრობს, რომლებიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ:
- მქონია შემთხვევები, ვიდრე ქალი შვილს გააჩენს, 2-3 კვირით ადრე მოდის და იღებს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოემზადოს მშობლობისთვის. ეს ახალი არ არის. ადრეც მოგვმართავდნენ. თუმცა, ბოლო პერიოდში მშობლები უფრო პასუხისმგებლიანები გახდნენ და გადაუდებელ ღონისძიებებს სწავლობენ. მისასალმებელია, რომ ისინი უფრო მეტ ინფორმაციას იღებენ.
მშობლობის ასაკმა წლებთან ერთად მოიმატა. სოციალური პრობლემებია. ბავშვის აღზრდა მარტივი არ არის. ამიტომ, ცდილობენ, რომ ყველაფერი გააკეთონ. ისწავლონ, იმუშაონ, ფინანსურად მოემზადნონ, რომ შვილს მაქსიმალური გაუკეთონ. ბავშვს ჩანასახიდანვე აქვს უფლება, იყოს დაცული. ამიტომ, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, სახელმწიფომ, რომ ახალგაზრდებს ხელი შევუწყოთ.
ბავშვთა კვების ოქროს სტანდარტი დედის რძეა. მთავარია ის, რომ ბავშვმა 6 თვემდე დედის რძე მიიღოს. ხშირად მოავადე ბავშვზე საუბრობენ. არავითარი კვლევა არ სჭირდება იმას, რომ ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები უფრო ნაკლებს ავადობენ და სხვანაირად ვითარდებიან. მაგრამ, თუ ამის საშუალება არ არის, რა თქმა უნდა, ხელოვნურ კვებას ვიწყებთ. აქაც უნდა განვსაზღვროთ, თუ რა ტიპის ხელოვნური კვება უნდა გამოვიყენოთ. თუ ბავშვს კონკრეტული საკვები ნივთიერების აუტანლობა აქვს, ვითვალისწინებთ. რაც შეეხება ჯერადობას, თუ რამდენ ხანში ერთხელ მივცეთ საკვები, განსაზღვრული არ არის. შუალედი ბავშვის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ თავისებურებაზეა დამოკიდებული. საშუალოდ, დღის განმავლობაში ჯერადობა 3,5-4-საათიანი შუალედით იყოს. 6-8-საათიანი ღამის შუალედი, რომ მშობელმაც მოისვენოს და ბავშვის საჭმლის მომნელებელმა სისტემამაც. ძუძუთი რძე კი შეიძლება, დედამ მცირე ულუფებით დღის განმავლობაში 15-20-ჯერ შესთავაზოს. დედამ ხარისხიანი საკვები უნდა მიიღოს. ცილებით, ცხიმებითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვები, ხორცი, რძის პროდუქტები მიირთვას. ძუძუთი კვების შემთხვევაში, 6 თვიდან დამატებას ვიწყებთ. ეს იქნება ფაფის, ბოსტნეულის პიურეს თუ სხვა სახით.
თუ ბავშვი თვითკვებაზეა, მშობელმა გადაუდებელი დახმარების ელემენტარული კურსი უნდა გაიაროს. ისწავლოს, როგორ უნდა მოიქცეს საკვების, წყლის, უცხო სხეული გადაცდენის დროს.
თემურ მიქელაძემ ამავე გადაცემაში ისაუბრა, რამდენად აუცილებელია, ბავშვს სხვადასხვა სახის წვნიანი შევთავაზოთ:
- წვნიანი, როგორც წესი, ხორცის, ბოსტნეულისა და წყლისაგან შედგება. ჯობს, ბავშვს ბოსტნეული ცოცხლად შევთავაზოთ და წყალი ცალკე დავალევინოთ. ხორცის ნახარშს ბავშვებში რეკომენდაციას არ ვუწევ. უნდა ჭამოს ცალკე მოხარშული ხორცი, ბოსტნეულის პიურეში შეზელილი ხორცი და წყალი მიირთვას. ასეთ შემთხვევაში, კვებითი ღირებულება უფრო მეტია, ვიდრე ნახარშის შემთხვევაში.
ხშირად მოდიან მშობლები და ამბობენ, რომ მათი შვილი უჭმელია. თუ კარგად ჩავეკითხებით, აღმოჩნდება, რომ ბავშვს დღის განმავლობაში ნახევარ კილოგრამამდე შოკოლადი აქვს მიღებული. ბავშვს ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლები მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ. ხილი შევთავაზოთ. ე.წ. ნამცხვარი ხილით სახლში გამოვაცხობინოთ და თავადაც მივაღებინოთ მონაწილეობა.
იშვიათად სწრაფი კვების პროდუქტები დასაშვებია. თუმცა, შესაძლოა, ბავშვი ერთი დღის განმავლობაში 3-4 გასართობ ცენტრში, დაბადების დღეზე მიდის და იქ ყველგან სწრაფი კვების პროდუქტები ხვდება. მაქსიმალურად უნდა დავიცვათ და ბალანსი შევინარჩუნოთ. თუ ბალანსს არ დავიცავთ, 50 წლის შემდეგ დაავადებები ეპიგენეტიკურად აისახება და გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია, გაცხიმოვნება, სიმსუქნე და სხვა პრობლემა გაჩნდება.
პედიატრი საუბრობს მეტყველების პრობლემაზეც და ასახელებს ასაკობრივ კატეგორიას, როდესაც მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ:
- მეტყველებას თავისი განვითარების ეტაპები აქვს. განვითარების ეტაპების დაყოვნება კლინიკურად 2-2,5 წლიდან ვლინდება. მანამდე უნდა შევეცადოთ, რომ ეკრანდამოკიდებულებას მაქსიმალურად ავარიდოთ. ამერიკის პედიატრთა აკადემია 3 წლამდე არც ეკრანისა და არც გაჯეტის გამოყენების რეკომენდაციას არ გვაძლევს. ძირითადი პრობლემა მაინც გაჯეტდამოკიდებულებიდან მოდის. ცნობილია, რომ გაჯეტდამოკიდებულება აუტიზმსა და განვითარების სხვა შეფერხებას არ იწვევს, მაგრამ საკმაოდ ძნელია, გარჩევა, როდესაც პაციენტი მომმართავს და უნდა შევაფასო, წლი-ნახევრის ასაკში ნეიროგანვითარების შეფერხებაა თუ გაჯეტდამოკიდებულების პრობლემა.
1,5 წლის ასაკში ბავშვს 2-3-სიტყვიანი წინადადების თქმა უნდა შეეძლოს. ძირითადად ამ ასაკიდან ვლინდება განვითარების ეტაპების დაყოვნება და დროული ჩარევა მნიშვნელოვანია.