როდის შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათის ამობეჭდვას და რა ინფორმაციაა მასზე დატანილი - მშობლები

როდის შეძლებენ აბიტურიენტები საგამოცდო ბარათის ამობეჭდვას და რა ინფორმაციაა მასზე დატანილი

2025-06-06 10:32:40+04:00

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. აბიტურიენტები კი საგამოცდო ბარათებს ელოდებიან, სადაც იქნება მითითებული, თუ რომელ საგამოცდო ცენტრში მოუწევთ სხვადასხვა გამოცდის ჩაბარება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, საგამოცდო ბარათებს აბიტურიენტები, დაახლოებით, 20 ივნისისთვის მიიღებენ. თუმცა, დაზუსტებული თარიღის შესახებ ინფორმაცია მათ გვერდზე კიდევ გამოქვეყნდება.

აბიტურიენტს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა პირადი სარეგისტრაციო გვერდიდან შეუძლია. უფრო კონკრეტულად, ეს არის გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, საგანმანათლებლო პროგრამებს, ნახულობს შედეგებს.

ბარათზე მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:

  • აბიტურიენტის საიდენტიფიკაციო კოდი;
  • საგამოცდო ცენტრის მისამართი;
  • თითოეული გამოცდის თარიღი;
  • გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო;
  • საგამოცდო სექტორისა და სამუშაო მაგიდის ნომრები;
  • საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაცია ატესტატის წარმოდგენის შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაბეჭდილი იყოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტა, ლაქები და ა. შ.) გარეშე. საგამოცდო ბარათი პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად იქნება აბიტურიენტის საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

თამარ იაკობაშვილი

როდიდან შეძლებთ სკოლის ატესტატის აღებას და რა დოკუმენტები დაგჭირდებათ