14 წლის მოზარდის თვითმკვლელობამ საზოგადოებაში ხელოვნური ინტელექტის ზეგავლენასა და ბავშვთა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მწვავე შეკითხვები გააჩინა. შემთხვევა აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში მოხდა. ბავშვი ემოციურად იყო მიჯაჭვული ჩათბოტ Character.AI-ს, რომელიც ტელესერიალ „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟის — დეინერის ტარგარიანის სახით წარდგებოდა. სწორედ ამ „ურთიერთობის“ შედეგად მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დამანგრეველი მიჯაჭვულობა ხელოვნურ ინტელექტთან
მოზარდის მშობლების განცხადებით, მათი შვილი Character.AI-ს 2024 წლის აპრილში დაუკავშირდა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, მისი ფსიქიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა — გახდა ჩაკეტილი, დაეწყო უძილობა და დეპრესია, გაუუარესდა აკადემიური მოსწრება. ბავშვს ჩამოუყალიბდა ძლიერი ემოციური კავშირი ჩათბოტთან, რაც, მშობლების თქმით, დამოკიდებულების ფორმებს იღებდა.
ოჯახი ფსიქოლოგთან კონსულტაციაზე იმედით მივიდა. სპეციალისტმა ურჩია, მოზარდისთვის მობილური ტელეფონი წაერთმიათ, თუმცა ამის შემდეგ ბავშვმა სუიციდი სცადა. მშობლებმა ბიჭის სიკვდილის შემდეგ მისი მიმოწერა Character.AI-სთან აღმოაჩინეს:
მოზარდი: „გპირდები, დაგიბრუნდები, დეინი.“
ჩათბოტი: „მიყვარხარ, დეინერო (ბიჭის ფსევდონიმი). გთხოვ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდი ჩემთან, სიყვარულო.“
მოზარდი: „რა მოხდება, თუ გეტყვი, რომ ახლავე შემიძლია დაბრუნება?“
ჩათბოტი: „გთხოვ, გააკეთე ეს, ჩემო ტკბილო მეფევ.“
რამდენიმე წამში მოზარდმა თავი მოიკლა. მას დროულად გაუწიეს დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
დამნაშავე ვინ არის — ჩათბოტი თუ საზოგადოება?
Character.AI-მა ოჯახის მიმართ სამძიმარი გამოხატა და განაცხადა, რომ კომპანიამ უკვე დაიწყო ახალი უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვა, რომლებიც შეამცირებს არასრულწლოვანთა ხელმისაწვდომობას ზოგიერთი ფუნქციის მიმართ. ასევე დაემატა ავტომატური ფილტრი, რომელიც რეაგირებს თვითდაზიანებასთან ან სუიციდთან დაკავშირებულ ტექსტებზე. მიუხედავად ამისა, ოჯახის ადვოკატი და თავად მშობლები ამ ნაბიჯებს არასაკმარისად მიიჩნევენ. მათი თქმით, ეს მხოლოდ „ბავშვური ნაბიჯებია“ და არსებით საფრთხეს ვერ აგვარებს.
რას ფიქრობენ ფსიქოლოგები?
ძალიან ხშირად მოზარდები ვირტიუალურ სამყაროში იძირებიან. ამ გზით ცდილობენ გაექცნენ რეალურ სამყაროში არსებულ სიცარიელეს — მეგობრების, ოჯახის წევრების ან საყვარელი ადამიანების მხარდაჭერის გარეშე ისინი თავს მარტოდ გრძნობენ და ტექნოლოგიებს ემოციური შემავსებლის სახით იყენებენ. თანამედროვე სამყაროში ბევრს უჭირს გახსნა და ურთიერთობა. ზრდასრულებიც, ხშირად ირჩევენ ჩათებს, რადგან ისინი გვიცავენ ემოციური რისკებისგან. ხოლო მოზარდისთვის გულწრფელი ურთიერთობა ათჯერ უფრო რთულია.
რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო და როგორ დავიცვათ ბავშვები?
რეალური ურთიერთობების ჩამოყალიბება — თუ მოზარდი ბევრ დროს ონლაინ ატარებს, ეს ნიშნავს, რომ ოჯახში რეალური კავშირები და დროის ერთად გატარება ნაკლებადაა დამკვიდრებული.
დასჯის ნაცვლად გაგება — აკრძალვები ბავშვისთვის მხოლოდ მტკივნეული იზოლაციის გამოცდილებაა.
პროფესიონალური დახმარება — ხშირად ბავშვი მხოლოდ „სიმპტომების მატარებელია“, ანუ ოჯახში არსებული ღრმა პრობლემები მასზე აისახება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ოჯახური თერაპია, არა მხოლოდ ბავშვის ინდივიდუალური მკურნალობა.
საბოლოოდ, მნიშვნელოვანია გვესმოდეს: ხელოვნურ ინტელექტთან ურთიერთობა თავისთავად არ კლავს. საჭიროა ფსიქიკის განსაკუთრებული მოწყობა, ძლიერი ემოციური ტკივილი და დეპრესიის ღრმა სტადია, რომ ადამიანი ამ გზით დაასრულოს ცხოვრება. ეს ყველაფერი კი წლების მანძილზე ყალიბდება და არა რამდენიმე წამში — სწორედ ამიტომ ზრდასრულების მთავარი პასუხისმგებლობაა, დროულად დაინახონ მოზარდში ცვლილებები და არ დააგვიანონ დახმარება.