უფროსების შეცდომები ბავშვებს სასტიკ მკვლელებად აქცევს... მკვლელების გახსენებისას ძარღვებში სისხლი გვეყინება, მაგრამ ყველაზე საშინელია, როცა ეს მკვლელები ბავშვები არიან. დაუჯერებელიც კია, რომ ბავშვს მკვლელობა შეუძლია, თანაც – ასეთი სასტიკი. თუმცა ისტორიას ცოტა არ ახსოვს ამგვარი ამბავი.
• მერი ბელი ერთ-ერთი ყველაზე "ცნობილი" გოგოა ბრიტანეთის ისტორიაში. 1968 წელს 11 წლის ბელმა თავის 13 წლის მეგობარ ნორმასთან ერთად ორი თვის შუალედში ორი პატარა ბიჭი დაახრჩო – 4 და 3 წლის. ბავშვები საშინლად იყვნენ ნაწამებნი, ნანემსრები და მაკრატლის კვალი ეტყობოდათ, ერთ-ერთს გენიტალიებიც ჰქონდა მოჭრილი... როგორც მოგვიანებით გაირკვა, მერი ბელის სისასტიკის საფუძვლები მის ოჯახსა და ბავშვობაში იყო.
მას წლები ეგონა, რომ დამნაშავის შვილი იყო (თუმცა სინამდვილეში მისი ბიოლოგიური მამის ვინაობა დღემდე უცნობია), დედა მეძავი ჰყავდა, რომელიც 4 წლიდან აიძულებდა მას, თავის კლიენტებთან სქესობრივ კავშირში შესვლას. სასამართლო რომ დასრულდა, ნათელი გახდა, რომ გოგონა მეტისმეტად პატარაა ციხისთვის, და მეტისმეტად საშიშია ფსიქიატრიულ კლინიკაში მოსათავსებლად ან დაწესებულებაში, სადაც პრობლემური ბავშვები არიან, თუმცა მაინც მიუსაჯეს 23 წლით პატიმრობა... მერი ციხიდან გამოვიდა და ახლა სხვა სახელითა და გავრით ცხოვრობს.
• 10 წლის ბიჭები ჯონ ვენეიბლსი და რობერტ ტომპსონი 1993 წელს უსასტიკესი დანაშაულის ჩადენისთვის გაასამართლეს. ორი წლის ბიჭის ჯეიმს ბულგერის დედამ პატარა ხორცის მაღაზიის კართან დატოვა – იფიქრა, რომ უკან მალე დაბრუნდებოდა, რადგან მაღაზიაში რიგი არ ყოფილა. თუმცა ვერც იფიქრებდა, რომ უკანასკნელად ხედავდა შვილს... ჯონი და რობერტი სწორედ იმ მაღაზიასთან იდგნენ და ჩვეულ საქმეს აკეთებდნენ – მაღაზიებში შესულ და გამოსულ ადამიანებს ძარცვავდნენ, სანამ გამყიდველები თავიანთ საქმეზე მიბრუნდებოდნენ, მათ გაძარცვასაც ცდილობდნენ.
ამჯერად, როცა პატარა ბიჭუნა დაინახეს მაღაზიის კართან, გადაწყვიტეს, ის მოეტაცებინათ და ფული გაეკეთებინათ. თუმცა სანამ ბიჭი იქაურობას გაარიდეს და უკაცრიელ ადგილას წაიყვანეს, სხვა "იდეებიც" გაუჩნდათ – სასტიკად სცემეს, შეურაცხყვეს, მერე კი რკინიგზის ლიანდაგზე დააწვინეს, რომ მატარებელს გადაევლო და უბედურ შემთხვევად ჩაეთვალათ მისი სიკვდილი. თუმცა საწყალი ჯეიმსი ჯერ არ იყო მკვდარი და მხოლოდ მატარებლის გადავლის შემდეგ გარდაიცვალა...
• 15 წლის ალისა ბუსტამანტმა თავისი უმცროსი მეზობელი მოკლა და გვამი სარდაფში გადამალა. ის დიდხანს გეგმავდა მკვლელობას, არჩევდა საჭირო დროს, მერე კი თავს დაესხა, გაგუდა და დანით მოკლა.
სასამართლოზე, 9 წლის ელიზაბეტის მკვლელმა 15 წლის გოგონამ აღიარა, რომ აინტერესებდა, რას გრძნობენ მკვლელები.
• 1998 წლის 20 მაისს კიპლენდ კინკელი სკოლიდან გარიცხეს იმის გამო, რომ თანაკლასელისგან მოპარული იარაღის ყიდვას ცდილობდა. მან აღიარა დანაშაული და პოლიციიდან გაუშვეს. სახლში მამამ უთხრა, რომ მას სკოლა-ინტერნატში გაგზავნიდნენ, თუ პოლიციელებთან არ ითანამშრომლებდა. კიპლენდს ბევრი არ უფიქრია, მშობლების ოთახში შენახული თოფი აიღო, დატენა, შევიდა სამზარეულოში და მამა მოკლა. საღამოს დედამისი დაბრუნდა შინ. კინკელმა დედას უთხრა, რომ უყვარდა ის, და მასაც ესროლა – ოთხჯერ! მოგვიანებით ამტკიცებდა, რომ სურდა მშობლები დაიცვა იმ სირთულეებისგან, რომლებიც მას კანონის დარღვევის გამო გაუჩნდებოდა.
21 მაისს სკოლაში წავიდა დედის "ფორდით". გრძელი ლაბადა ეცვა, რომ სანადირო იარაღი, ტყვიები და დანა დაემალა. სკოლაში მისულმა ცეცხლი გახსნა, ორი მოსწავლე მოკლა, 24 დაჭრა... 1999 წლის ოქტომბერს 111 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასჯელის გამოცხადების დროს მან ბოდიში მოიხადა ჩადენილი დანაშაულებისთვის.
• 1983 წელს 14-15 წლის გოგონებმა, სინდი კოლიერმა და შირლი ვულფმა, დაიწყეს "გართობა". ძირითადად, ეს მანქანის გატაცება ან ვანდალური აქტები იყო, თუმცა მერე უკვე სერიოზულ დანაშაულში გადაიზარდა... უცხო სახლის კარზე დააკაკუნეს, რომლის კარიც მოხუცმა ქალმა გააღო. პატარა გოგონების დანახვაზე მშვიდად შეუშვა ისინი სახლში – იფიქრა, საინტერესოდ ისაუბრებდა მათთან ფინჯან ჩაიზე.
გოგონებმა მართლაც ისაუბრეს მასთან. მერე კი უცებ შირლიმ მოხუცი დაიჭირა, სინდიმ სამზარეულოდან დანა გამოიტანა და... ქალს 28 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. გოგონები დანაშაულის ადგილიდან მიიმალნენ, მაგრამ მალე დააპტიმრეს და გაასამართლეს.
• 1996 წლის 2 თებერვალს 15 წლის ბარი ლუკატისმა თავისი საუკეთესო – კოვბოის სამოსი ჩაიცვა და გაემართა კაბინეტში, სადაც მის კლასს ალგებრა უტარდებოდა. თანაკლასელების უმრავლესობას მისი კოსტიუმი სულელურად მოეჩვენა, თვითონ მისი გამომეტყველებაც ეუცნაურათ. მათ არ იცოდნენ, რას მალავდა კოსტიუმის შიგნით – ორ პისტოლეტს, სანადირო თოფს და 78 ტყვიას... ცეცხლი რომ გახსნა, მის პირველ მსხვერპლად 14 წლის მანუელ ველა გახდა. რამდენიმე წამში კიდევ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა. 10 წუთი ჰყავდა მძევლები, სანამ ფიზკულტური მასწავლებელმა არ ივაჟკაცა და გააუვნებელყო პატარა მკვლელი...
როგორც მერე იხსენებდნენ, ბარი გამუდმებით იმეორებდა: "ნუთუ ეს უფრო საინტერესო არ არის, ვიდრე ალგებრაზე ლაპარაკი?" როგორც გაირკვა, ეს სიტყვები იყო სტივენ კინგის რომანიდან "მძვინვარება", რომელშიც მთავარი გმირი ორ მასწავლებელს კლავს და კლასი მძევლად აჰყავს. სწორედ ამ რომანის გავლენის ქვეშ იყო ბიჭი, რომელსაც 205 წლით პატიმრობა მიუსაჯეს და ახლაც ციხეშია.
• 1998 წლის 3 ნოემბერს ჯოშუა ფილიპსი 14 წლის იყო, როცა მისი 8 წლის მეზობელი მედი კლიფტონი დაიკარგა. ერთ დილით ჯოშუას დედა მის ოთახს ალაგებდა და ლოგინის ალაგებისას რაღაც უცნაური შენიშნა. მატრასიდან მისი შვილის წინდა იყო გამოჩრილი, სველი და სისხლიანი. როცა კარგად დააკვირდა, ლეიბის შიგნით დაკარგული მეზობლის გვამი იპოვა...
ფილიპსს დღემდე არ გაუმხელია მკვლელობის მოტივები. რაც სასამართლოზე თქვა, ის არადამაჯერებლად მიიჩნიეს – თითქოსდა შემთხვევით მოარტყა ბავშვს თვალში ბეისბოლის ჯოხი, მან ყვირილი დაიწყო, და ჯოშუა შეშფოთდა, რომ სხვებსაც არ გაეგონათ და არ დაეტუქსათ. ბავშვი თავის ოთახში შეათრია და იქამდე ურტყამდა, სანამ არ გააჩუმა... ჯოშუას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
• 15 წლის ვილი ბოსკეტი რომ გაასამართლეს, მის ანგარიშზე უკვე 2000 დანაშაული დაგროვილიყო. ის არასოდეს იცნობდა მამას, მაგრამ იცოდა, რომ ეს ადამიანი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული და ეს "მამაკაცურ" დანაშაულად მიაჩნდა.
წვრილმანი დანაშაულების შემდეგ, 1978 წლის მარტში ვილიმ ორი მკვლელობა ჩაიდინა და ციხეშიც მოხვდა – სამუდამოდ.
• 13 წლის ერიკ სმიტს გამუდმებით დასცინოდნენ სქელლინზიანი სათვალის, ჭორფლის, გრძელი წითური თმის და პარტყუნა ყურების გამო. მისი ეს თავისებურებები გვერდითი ეფექტი იყო ეპილეფსიის წამლებისა, რომლებსაც დედამისი ორსულობის დროს იღებდა. სმიტი თანდათან აგრესიული და გულჩათხრობილი გახდა, 1993 წლის აგვისტოში კი ოთხი წლის ბიჭის მკვლელობისთვის გაასამართლეს – პატარა დამხრჩვალი იყო, თავი ქვით ჰქონდა გაჩეჩქვილი და გაუპატიურების კვალიც ჰქონდა.
ფსიქიატრმა ასეთი დიაგნოზი დასვა – პიროვნების ემოციურად გაუწონასწორებელი აშლილობა, რის გამოც ადამიანი საკუთარ შინაგან მრისხანებას ვერ უმკლავდება. სმიტი გაასამართლეს და ციხეში ჩასვეს. ბოლო წლებში რამდენჯერმე ითხოვა გათავისუფლება, მაგრამ უარი უთხრეს.
• ვინ იფიქრებდა, რომ ჭიდაობის შეჯიბრებების ყურება ექვსი წლის გოგონას მკვლელობას გამოიწვევდა. კეტლინ გროსეტ-ტეიტი ექვსი წლის ტიფანი ოუნიკის ძიძა იყო, ერთხელ ბავშვი სახლში ჰყავდა წამოყვანილი და თავის ვაჟს დაუტოვა, რომელიც იმ დროს ტელევიზორს უყურებდა, თვითონ კი ზედა სართულზე ავიდა ოთახის დასალაგებლად. დაახლოებით ათი საათისთვის ბავშვებს უყვირა, რომ ჩუმად ყოფილიყვნენ, თუმცა ქვემოთ არ ჩასულა, იფიქრა, რომ თამაშობდნენ. 45 წუთის შემდეგ ლაიონელმა დედას შეშინებულმა დაუძახა, რომ ტიფანი არ სუნთქავდა.
ბიჭმა დედას აუხსნა, რომ გოგონა ხმაურობდა და გადაწყვიტა გაეჩუმებინა – ტელევიზორში ნანახი ჭიდაობის ილეთი ჩაუტარა, შებოჭა, მერე კი თავით მაგიდას მიახეთქა. მოგვიანებით პათოლოგანატომებმა დაასკვნეს, რომ ბავშვის სიკვდილი ღვიძლის გახეთქვამ გამოიწვია. გარდა ამისა, მას თავის ქალისა და ნეკნის მოტეხილობა ჰქონდა... ბიჭს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა მოგვიანებით მისი საქმე გადახედილ იქნა და 2004 წელს, 3-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.
ამ თემაზე ასევე დაგაინტერესებთ: