ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი, ნუკრი მჭედლიშვილი, ოჯახთან ერთად "დღის პოსტს" ესტუმრა და თავიანთი ღირებულებების, ოჯახური ტრადიციების შესახებ ისაუბრა. ის და მისი მეუღლე, დეა ქუმსიაშვილი, 5 შვილს ზრდიან:
ნუკრი მჭედლიშვილი: - ღმერთმა ამრავლოს საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახები. სამწუხაროდ, ჩვენ ჯანმრთელობამ და არა სხვა რამემ, არ მოგვცა საშუალება, უფრო მეტი შვილი გვყოლოდა. გვინდოდა, კიდევ მეტი შვილი გაგვეჩინა. ჩვენი ოჯახი ნამდვილად ტრადიციულია. ვცდილობთ, ყველა წესი და ადათი, რაც ქართველ კაცსა და ოჯახს ეკადრება, დავიცვათ. მე და ჩემი მეუღლე არ ვართ ისეთები, როგორებიც უნდა ვიყოთ. მაგრამ, გვინდა, შვილები იყვნენ ისეთები, როგორებიც უნდა იყვნენ... ისინი ეკლესიურად, ქართულად ცხოვრობენ. დილიდან საღამომდე სწავლობენ, ხელოვნებით, სპორტით არიან დაკავებულები. ყველაფერი ქართულით არიან დაინტერესებულნი, რომ ხვალ და ზეგ ამ ქვეყანას გამოადგნენ.
თუ 5 წლის ბავშვის აღზრდა დააგვიანე, რამდენ დღესაც, რამდენ წელსაც დააგვიანებ, იმდენი წელი დაკარგულია აღზრდის თვალსაზრისით. ჩვენი მამა-პაპის წესის მიხედვით, აღზრდა 5 წლიდან იწყებოდა და 12 წლის ასაკში ვაჟს მამისეულ, პაპისეულ ხანჯალს გადასცემდნენ. 15 წლისას უკვე ხმალს გადასცემდნენ. იგივე ხდებოდა ქალის შემთხვევაში. მომცრო ზომის ხანჯალს მასაც გადასცემდნენ, რომელსაც დაფარულად ატარებდა. ეს ერთგვარი ნათლობა იყო. მეც ეს წესი გამოვიყენე. 30-35 წლის წინ, როდესაც იმ საქმეს შევუდექი, რომელსაც დღეს ვემსახურები, პირველი ქამარი გავიკეთე, პირველად როცა მივეახელი ხატს, როცა პირველად ჩავატარე ვარჯიში, ის ქამარი მოვიხსენი და ჩემი ვაჟი რომ 12 წლის გახდა, მას შევარტყი. ეს ფშავში, ხატისკარზე მოხდა. ხანჯლის შერტყმის რიტუალი ხევისბერმა შეასრულა. მომავალ წელს მას ხმალი შეერტყმება. სალოცავის მიბარების წესიც გაიარეს. ყველა შვილი ამას აუცილებლად გადის იმ ასაკამდე, სანამ სრულწლოვნები გახდებიან.
აღზრდა გარდატეხის ასაკამდე ხდება. მშობლის ვალია, ვიდრე გარდატეხის ასაკი დაიწყება, შვილი ისე აღზარდოს, რომ მისთვის გარდატეხის ასაკი მშვიდობიანი იყოს და ცუდისკენ არ წავიდეს.
დღევანდელობაში, ხშირ შემთხვევაში, მშობელი უშვებს შეცდომას და ჰგონია, რომ 6 წლის ბავშვი ჯერ კიდევ პატარაა და მისი საქციელი არ უნდა გაკონტროლდეს. ჰგონიათ, რომ 10 წლის ბავშვი პატარაა... ამბობენ: "ჯერ პატარაა, ასეთი მამის და ბაბუის შვილი ცუდი რატომ უნდა გაიზარდოს?!" მაგრამ, გარდატეხის ასაკის რომ იწყება, მშობელი გაოცებულია, რომ მშვიდი ბავშვი, რომელიც იქამდე ყველაფერს უჯერებდა, უცებ სულ სხვა ადამიანი გახდა. სინამდვილეში, მანამდე მას ზნეობა დალაგებული არ აქვს. ის ფიქრობს, რომ რაც მის თავში დაიბადა, ყველაფერი სწორია. ამ დროს, ნახევარი არასწორია. ზნეობა ამის გასაცხრილად სჭირდებოდა და მზად არ აღმოჩნდა. ეს ბავშვის ბრალი არ არის. ეს, პირველ რიგში, მშობლის, შემდეგ კი მასწავლებლის ბრალია.
როცა ჩემს მეთოდსა და აღზრდის წესს ხედავდნენ ის ადამიანები, რომლებიც შვილებს თანამედროვედ ზრდიდნენ, ხშირად მედავებოდნენ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემი აღზრდის წესში არავითარი ყვირილი, ხელით შეხება, ფიზიკური ძალადობა არ არსებობს. ჩემს შვილებს მათზე მოძალადე არ ვუნახივარ. მე მათი გარდატეხის ასაკი არ გამიგია. იმ ასაკში რომ შევიდნენ, "აურიეს", მაგრამ არასდროს ზნეობასთან დაკავშირებით არ გვიმსჯელია. არ გვიმსჯელია სამოსზე - უნდა ეცვათ ვულგარულად თუ მოკრძალებით, არ გვიდავია ქცევაზე, არ გვიდავია სადმე წასვლა-არწასვლაზე.
პირველი ჩემი სიტყვა არის ხოლმე და შემდეგ მეუღლე ალაგებს ყველაფერს.