ბოლო პერიოდში მოსახლეობა ქვეწარმავლების მომრავლებაზე საუბრობს. ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს, რეალურად, მომრავლდნენ თუ არა გველები დედაქალაქში, სადაა გიურზას გავრცელების არეალი და როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ქვეწარმავალს დავინახავთ:
- ქვეწარმავლები ცხოვრობდნენ და სულ იქნებიან. აქედან გამომდინარე, ადამიანსა და გველს შორის კონტაქტი ყოველთვის იქნება. მით უმეტეს, როდესაც ქალაქი ასე იზრდება, ბუნებასთან ახლოს გავდივართ და მათ საცხოვრებელ არეალში შევდივართ.
8 წლის განმავლობაში, თითო სეზონზე, 700-800 გამოძახება გვქონდა მხოლოდ თბილისში. ჩვეულებრივი მომენტია. დღეს, წინა წლებთან შედარებით, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. უბრალოდ, ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება და ხალხის თვალში იხატება ისეთი სურათი, თითქოს, რაღაც სერიოზულთან გვაქვს საქმე.
გიურზას გავრცელების არეალი თბილისის შემოგარენსაც მოიცავს. დაწყებული ახმეტიდან, ნეკრესის ქედი, დედოფლის წყარო, ქვემო ქართლი - გიურზა აღნიშნულ ტერიტორიაზე ბინადრობს. ასევე, აეროპორტის დასახლების მხარეს, აფრიკის სიახლოვეს, ფონიჭალაში, კრწანისში, შინდისში. ზოგან ცოტა დიდი პოპულაციაა, ზოგან ნაკლები. თუმცა, თბილისში მათი მხრიდან ადამიანების დაკბენის შემთხვევები არ გვაქვს. ათასში ერთხელ იყო ხოლმე, ისიც ბუნებაში და კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე. ისინი ქალაქის ტერიტორიაზე ყოველთვის იყვნენ. გიურზას აღმოჩენის 10-15 შემთხვევა არის ხოლმე. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც გიურზა იქ ხვდება, სადაც ბუნებრივად არ ბინადრობს. ეს უკვე მექანიკური გზითაა გამოწვეული. შესაძლოა, სამშენებლო მასალებს, ავტომობილს გადაჰყვნენ...
ასევე, მშენებლობის დროს იმ გველების ძირითადი ნაწილი, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ბინადრობენ, იღუპებიან. თხრის დროს მათი ბუნებრივი არეალი იშლება და ნაწილი კვდება. ხოლო, რაც გადარჩება, გარბის.
გველი უძრავ სხეულს ვერ აღიქვამს. შესაბამისად, აქ რომ "გავშეშდეთ" და 100 გიურზა დავყაროთ, არც ერთი მათგანი არ გვიკბენს... როგორც კი მოძრაობას დავიწყებთ, ის საფრთხეს იგრძნობს. გაშეშება ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა. თუმცა, ეს ის მომენტია, როდესაც ქვეწარმავალს თავზე წავადგებით და ვერაფერს ვასწრებთ. გველი ამ დროს ინტერესს დაკარგავს, საფრთხედ ვეღარ აღგვიქვამს.
სხვა დროს, როდესაც გველს ვხედავთ და სახეობებს ვერ ვცნობთ, არც ერთ შემთხვევაში, მისი მიმართულებით არ უნდა წავიდეთ. სტატისტიკურად, დაკბენის ძირითადი შემთხვევები ხდება მაშინ, როდესაც მის დაჭერას, მოკვლას ვცდილობთ. ფეხის დადგმა, შემთხვევითობის ამბები ძალიან იშვიათია. 99% შემთხვევაში ყველა გველი გაქცევას ცდილობს. არ აქვს მნიშვნელობა, გიურზა იქნება თუ სხვა სახეობა.
კანის შეცვლის დროს გველი თითქმის ვერაფერს ხედავს. ამ პროცესში თვალებიდანაც სძვრება კანი.
გოგირდი დაწვა, ცხვრის მატყლის დაყრა და სხვა საშუალებები - ყველაფერი მითია.
პირველ რიგში, აუცილებელია, გარემო მოწესრიგებული იყოს. ბალახის მოთიბვა მნიშვნელოვანია. ასევე, ბუჩქებიც ქვეწარმავლებისთვის თავშესაფარია. რაც არ უნდა მოვლილი იყოს გაზონი, ბუჩქი მაინც თავშესაფარია არა მხოლოდ გველისთვის, იქ თაგვიც, ხვლიკიც და სხვა ბევრი რამ შედის, რაც გველს თავშესაფართან ერთად, საკვებსაც აძლევს. ასევე, სამშენებლო მასალები, სხვა ნივთები, რომლებიც ერთადაა შეგროვებული და მიწაზე ყრია, გველისთვის პოტენციური თავშესაფარია. ამიტომ, აუცილებელია, გარემო შესაბამისად დავასუფთაოთ.