"ზაფხულის პერიოდში უმჯობესია, თუ დღის განმავლობაში ფეხს რამდენჯერმე დავიბანთ. ფეხები კარგად გაიმშრალეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხის თითებს შორის სივრცეებს" - ზაზა თელიას რჩევები ფეხის ტერფის ჰიგიენისათვის - მშობლები

"ზაფხულის პერიოდში უმჯობესია, თუ დღის განმავლობაში ფეხს რამდენჯერმე დავიბანთ. ფეხები კარგად გაიმშრალეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხის თითებს შორის სივრცეებს" - ზაზა თელიას რჩევები ფეხის ტერფის ჰიგიენისათვის

2025-06-18 12:22:18+04:00

ზაფხულში ტერფის ჰიგიენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ დროს უამრავი დაავადება აქტიურდება. ტერფის კოჟრი, გაუხეშებული, გარქოვანებული ქუსლი და ბაქტერიული ინფექციები ხშირად იჩენს ხოლმე თავს. მათი გახშირება კი, გარემოს ტემპერატურის მომატებას უკავშირდება. სიმპტომებსა და ზაფხულის სეზონთან დაკავშირებულ რისკებზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია საუბრობს:

- ზაფხულის პერიოდში ტერფის ჰიგიენა ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. ტერფზე კანის დაზიანებით დერმატოლოგებს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიმართავს. ასევე, გაოფლიანება და ფრჩხილების დაზიანებაც ხშირი პრობლემაა. აღნიშნულ სიმპტომებს დახურული ფეხსაცმელი, ფეხის გაოფლიანება იწვევს. შემდეგ ბაქტერიული და სოკოვანი აგენტები აქტიურდება და სხვადასხვა ტიპის პრობლემას ქმნის.

ფეხის ჰიგიენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და რამდენიმე საკითხი უნდა გავითვალისწინოთ:

  • ყოველდღე კარგად დაიბანეთ ფეხები საპნითა და წყლით. განსაკუთრებით გარეთ, პლაჟზე ან აუზზე ყოფნისას. საპონში იგულისხმება დასაბანი საშუალება, რომელიც ანტისეპტიკურ საშუალებას ან ალკოჰოლს შეიცავს. ალკოჰოლი და ანტისეპტიკური საშუალებები ბაქტერიულ და სოკოვან აგენტებს ანეიტრალებს და მათ გამრავლებას ხელს უშლის. ზაფხულის პერიოდში უმჯობესია, თუ დღის განმავლობაში ფეხს რამდენჯერმე დავიბანთ.
  • სრულად გაშრობა - ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია! დარწმუნდით, რომ ფეხები კარგად გაიმშრალეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხის თითებს შორის სივრცეებს. გაშრობის გარეშე წინდა ან ფეხსაცმელი არ ჩაიცვათ. თუ თითებს შორის სივრცეებში სისველე დავტოვეთ, ეს ერთ-ერთი მაპროვოცირებელია იმისა, რომ შემდგომ, დღის განმავლობაში გარკვეული ტიპის პრობლემები დაიწყოს ან კანი დაზიანდეს. პაციენტებს ვურჩევ ხოლმე, თუ პირსახოცით ბოლომდე გაშრობას ვერ ახერხებენ, შეგვიძლია, თმის საშრობიც გამოვიყენოთ.
  • ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება - თუ ადამიანს ტერფების გაოფლიანებისკენ აქვს მიდრეკილება ან აქტიურად ვარჯიშობს, შეიძლება, ანტისეპტიკური საშუალებები ან დეოდორანტები გამოიყენოს. დეოდორანტი სუნის შემნიღბველია. მასში ალკოჰოლი შედის და ზუსტად ეს ალკოჰოლი სოკოვან და ბაქტერიულ აგენტებს ანეიტრალებს და მათ გამრავლებას ხელს უშლის. დეოდორანტი ოფლიანობას ვერ შეამცირებს. ოფლიანობის შესამცირებლად, ანტიპერსპირანტი დაგვჭირდება. ის ალუმინის ქლორიდს უნდა შეიცავდეს.
  • ანტიპერსპირანტის გამოყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძილის წინ. ძილის წინ უნდა გამოვიყენოთ, რომ მან საოფლე ჯირკვლებამდე მიაღწიოს. თუ ადამიანი დილითაც აპირებს გადავლებას, მაშინ შეუძლია, ანტიპერსპირანტი ამ დროსაც გამოიყენოს.

ფეხსაცმლის ჰიგიენა:

  • ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფეხსაცმელი მაღალი ხარისხის იყოს. როგორც წესი, ზაფხულის პერიოდში ბადის ტიპის, სუნთქვადი მასალისგანა დამზადებული ფეხსაცმელი გამოგვადგება. ასევე, შეგვიძლია ტყავი გამოვიყენოთ.
  • ალბათ, გინახავთ, რომ ფეხსაცმელს ზაფხულში შიშველ ფეხზე ატარებენ. ეს რეკომენდებული არ არის. სანდლებს ჩავიცვამთ თუ ბადისებრ ფეხსაცმელს, აუცილებლად წინდასთან ერთად უნდა გამოვიყენოთ. როდესაც კანს ფეხსაცმლის მატერიასთან პირდაპირი შეხება აქვს, განსაკუთრებული რისკია, რომ გარკვეული ტიპის პრობლემები დაიწყოს და კანის დაზიანება გამოიწვიოს. ყველაზე კარგი ბამბუკის წინდაა.
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორებიცაა, მაგალითად, აუზი, საუნა, საშხაპეები, გასახდელები ფეხშიშველმა არ უნდა ვიაროთ. აქ ძალიან დიდი რისკია, რომ ტერფის ინფექციები, მათ შორის, ფრჩხილის სოკოვანი ინფექცია, "ავიკიდოთ."

სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების პრევენცია:

  • არ გააზიაროთ ფეხსაცმელი და ჩუსტები.
  • სპორტული ფეხსაცმლისა და ინვენტარის დეზინფექცია აუცილებელია.
  • თუ ოფლიანობა გაწუხებთ, ალუმინის ქლორიდის შემცველი ანტიპერსპირანტი გამოიყენეთ. ასევე, ტერფის პუდრებიც არსებობს. ისინი ანტისეპტიკებს შეიცავს და ფეხს მშრალად ინარჩუნებს.
  • თუ კანის დაზიანების ადრეულ ნიშნებს შეამჩნევთ, აუცილებლად დერმატოლოგს მიმართეთ და თვითმკურნალობა არ ჩაიტაროთ.
  • მნიშვნელოვანია დამატენიანებელი საცხის გამოყენებაც. თუმცა, დამატენიანებელი თითებს შორის არ უნდა გამოვიყენოთ, რომ იქ ტენი არ დარჩეს.
  • სწორად მოიჭერით ფეხის ფრჩხილი, რომ ჩაზრდა თავიდან აირიდოთ. ასევე, როდესაც ადამიანები პედიკიურს იკეთებენ, ასეთ დროს ე.წ. ნუნების დამუშავება რეკომენდებული არ არის, რადგან მისი დამუშავების ან ფრჩხილის არასწორი ტექნიკით მოჭრის შემთხვევაში, შესაძლებელია, ფრჩხილი უფრო მეტად დაზიანდეს. შედეგად, ინფექციის განვითარების რისკი იმატებს.