ექიმი არჩილ მარშანია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ირანში ბირთვული ობიექტების დაბომბვის გამო იოდის გამოყენება არ დაიწყონ და არც პანიკას აჰყვნენ:
- ირანში ბირთვული ობიექტები დაიბომბა. ამიტომ, ყველაზე ხშირად ორი შეკითხვა ისმის: ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ამ დაბომბვის გამო, არსებობს თუ არა რადიაციის საფრთხე და დავლიოთ თუ არა იოდი.
პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ სანერვიულო არაფერი გვაქვს. არაფერი ამის გამო არ უნდა გავაკეთოთ და არა, არანაირი იოდი არ უნდა დავლიოთ. ჩვენთვის რადიაციული საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. ირანში ეს ბირთვული ობიექტები რეაქტორები არ არის, როგორიც მაგალითად, ჩერნობილში იყო. მათი უმეტესობა ურანის გამამდიდრებელი ობიექტებია და არა რეაქტორები. რადიოაქტიური იოდი კი მუშა რეაქტორში წარმოიქმნება. შესაბამისად, არც იმ ტიპის დაზიანება და საფრთხეა ჩვენთვის, რაც ერთი შეხედვით შეიძლება, ვიფიქროთ. ახლა ჩვენთვის არანაირი საფრთხე არ არსებობს და დიდი ალბათობით, არც მომავალში იარსებებს. თუ რაიმე მოხდება და ჩვენთვისაც საფრთხე აღმოჩნდება, რაც არა მგონია, რომ ასე იყოს, ეს ყველაფერი ოფიციალურ დონეზე გაცხადდება. ამიტომ, ჯობს, მშვიდად ვიყოთ და უაზრო პანიკას არ ავყვეთ. თუ ამ საკითხით დაინტერესდებით, მხოლოდ სანდო და ოფიციალური სააგენტოს ინფორმაცია წაიკითხეთ და არა ცალკეული სტატიები.