2024 წლის აგვისტოს ბოლოს ჟურნალისტი ნინო თოლორდავა მეორედ გახდა დედა. ჟურნალისტს მეორე ქორწინებაში მეორე შვილი შეეძინა. თადა ერეკლე სუროგაციის საშუალებით დაიბადა. როგორც ნინომ გადაცემაში „სთორი“ აღნიშნა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბავშვის გაჩენა არ შეეძლო.
ნინოს მეუღლე ბიზნესმენი გიორგი დავითაიაა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ორი უფროსი შვილი ჰყავს.
თავად ნინოს პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი ჰყავს - ამიკო ხაზალია.
ნინო ბებიაცაა - ამიკო 3 წლის ნოას მამაა. ნინო ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს და ფოტოებს შვილთან და შვილიშვილთან ერთად და აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპია. ახლახან გამოქვეყნებულ ვიდეოზე კი ის ორივე ვაჟთან და შვილიშვილთან ერთად არის აღბეჭდილი, ოჯახურ იდილიაში.
ცოტა ხნის წინ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ვრცლად ისაუბრა ამ ახალ მდგომარეობაზე.
- როგორც კი ჩემი შვილი დავინახე, მაშინვე ეიფორია დამეუფლა და ამ დრომდე იმავე მდგომარეობაში ვარ. ეს ენით აღუწერელი ემოციაა – შინაგანი შფოთი, სიხარული, ბედნიერება – ყველაფერი ერთად ახლავს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემს პირველი და მეორე შვილის ასაკებს შორის სხვაობა 24 წელი იქნებოდა. ეს კიდევ უფრო საოცარს ხდის ამ ისტორიას.
ამიკო რომ დაიბადა, ალბათ, ოთხი წლის იყო, იმ პერიოდიდან მოყოლებული, ძალიან მინდოდა მეორე შვილი. მაგრამ არა და არ დგებოდა ეს ბედნიერი მომენტი ჩემს ცხოვრებაში. სულ 20 დღის წინ ახდა ჩემი ოცნება და თითქოს, ცხოვრება თავიდან დაიწყო, ხელმეორედ შეიძინა აზრი.
მთელი ცხრა თვე ერთი სული მქონდა, როდის დავინახავდი ჩემი შვილის სახეს. მე და ჩემი მეუღლე ვსაუბრობდით ხოლმე: შენი თვალი ექნება თუ ჩემი, შენი ცხვირი ექნება თუ ჩემი, ქერა იქნება თუ შავგვრემანი... სულ ამაზე ვფიქრობდი. ღამე რომ ვწვებოდი, ჩემი შვილის სახე მესიზმრებოდა. თან, შფოთი მქონდა, ძალიან ვნერვიულობდი. როდესაც პირველ შვილს ველოდი, ყველაფერი მარტივად იყო. არც ვნერვიულობდი, არც ვღელავდი. როგორი იქნება, ხომ ორივე ხელზე ხუთი თითი ექნება, ფეხზეც, არა? 24 წლის წინ ასეთ ელემენტარულ რამეებზე არ ვფიქრობდი (იცინის). ახლა ყველაფერზე ვღელავდი. სოციალურ ქსელში რამეს რომ წავიკითხავდი, ყველაფერს ჩემს თავზე წარმოვიდგენდი და ეს განცდებს მიმძაფრებდა.