5 რჩევა მათემატიკის გამოცდისთვის ნაეკის ექსპერტებისგან: "დადებითი შეფასების მისაღებად, საკმარისი არ არის მხოლოდ სწორი პასუხის მითითება" - მშობლები

5 რჩევა მათემატიკის გამოცდისთვის ნაეკის ექსპერტებისგან: "დადებითი შეფასების მისაღებად, საკმარისი არ არის მხოლოდ სწორი პასუხის მითითება"

2025-06-26 11:38:28+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის მათემატიკის გამოცდისათვის აბიტურიენტებს 5 მნიშვნელოვან რჩევას უზიარებს, რომელთა გათვალისწინებაც შეცდომებს თავიდან აგარიდებთ:

5 რჩევა აბიტურიენტებს - მათემატიკის გამოცდა

  1. შეგახსენებთ, რომ საგამოცდო ტესტი შედგება 41 ამოცანისაგან. აქედან პირველი 37 ამოცანიდან თითოეულს თან ახლავს 4 სავარაუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. ტესტის ამ ნაწილში თითოეული ამოცანა ფასდება 1 ქულით სწორი პასუხის მითითებისას, ხოლო 0 ქულით - არასწორი პასუხის შემთხვევაში;
  2. ამოცანებში ოცდამეთვრამეტედან ორმოცდაერთის ჩათვლით, დადებითი შეფასების მისაღებად, საკმარისი არ არის მხოლოდ სწორი პასუხის მითითება - აუცილებელია ამოცანის ამოხსნის სრულად ჩაწერა. #38 და #39 ამოცანები ფასდება 3 ქულით, #40 და #41 ამოცანა ფასდება 4 ქულით. ტესტის მაქსიმალური ქულაა 51;
  3. გაითვალისწინეთ, რომ საჭირო არ არის ამოცანის პირობის გადაწერა - მუშაობა შეგიძლიათ პირდაპირ ამოხსნით დაიწყოთ, ამით დაზოგავთ დროსაც და ადგილსაც პასუხების ფურცელზე;
  4. ყურადღებით გაეცანით საგამოცდო პროგრამას. არ შეგხვდებათ არც ერთი ის საკითხი, რომელიც პროგრამაში არ არის მოცემული;
  5. არ სწორდება შავი ფურცლები. ამიტომ თქვენი მუშაობის შედეგი ზედმიწევნით უნდა გადმოიტანოთ პასუხების ფურცელზე კონკრეტულად ამ დავალების პასუხისათვის გამოყოფილ ადგილას.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. მათემატიკის გამოცდა კი 14 ივლისაა. აბიტურიენტები ბოლო გამოცდას 22 ივლისს, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში დაწერენ.