სასამართლომ მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილ მინისტრს, მიხაილ ხუბუტიას, რომელმაც ყოფილი შეყვარებულის, იულია ვანის ცემა აღიარა, შინაპატიმრობა გაუხანგრძლივა. ამის შესახებ მოსკოვის საერთო სასამართლოების Telegram-ის არხმა განაცხადა.
59 წლის ხუბუტიამ ყოფილ მეგობარ ქალს სხვადასხვა დაზიანება მიაყენა. საქმეზე კიდევ რამდენიმე ექსპერტიზაა ჩასატარებელი. ამის გამო, გამოძიების ვადა 28 ივლისამდე გახანგრძლივდა. ადვოკატები კი ხუბუტიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ ხუბუტია ამ ეტაპზე შინაპატიმრობაში იმყოფება. სასამართლომ მისი ადვოკატების მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ხუბიტია გამოძიების დასრულებამდე პატიმრობაში დატოვა.
თავად ხუბუტია, რომელსაც მედიაში "იარაღის ბარონს" უწოდებენ, შინაპატიმრობის გახანგრძლივებას ეწინააღმდეგებოდა. მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მიხაილმა ნებაყოფლობით მისცა ჩვენება, დაზარალებულს 500 ათასი რუბლი გადაუხადა და აქამდე არაერთ საქველმოქმედო პროექტში ჩაერთო. სასამართლოზე თავის გამოსვლაში ხუბუტიამ თქვა, რომ თავს ცუდ ადამიანად არ თვლის.
"იშვიათად ვხვდები ჩემზე უფრო პატიოსან და წესიერ ადამიანს, ეს ჩემ გარშემო ყველამ იცის. არ გადის დღე, რომ სიკეთე არ გავაკეთო: ყოველ დილას ლოცვით ვიწყებ, კვირაობით კი ეკლესიებში ღარიბებსა და ავადმყოფებს ვეხმარები. მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ადამიანი, რომელიც არ დაადასტურებს, თუ რამდენად პატიოსანი ვარ, დაწყებული რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტით და დამთავრებული იმ ადამიანებით, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი. ყოველდღე ვეხმარები საზოგადოებას." - ამბობს ხუბუტია.
შეგახსენებთ, რომ მიხაილ ხუბუტიას ყოფილმა მეგობარმა ქალმა, იულია ვანმა განაცხადა, რომ ბიზნესმენი მის სახლში ნაჯახით შეიჭრა და მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. ქალი მოგვიანებით რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მათ საერთო ქალიშვილი ჰყავთ. როგორც ცნობილია, ქალს ხუბუტიასთან დაშორება სურდა, თუმცა ის ამის საშუალებას არ აძლევდა და ბავშვის წართმევით ემუქრებოდა. იულია ვანის განცხადებით, ბოლო ეტაპი მის სახლში ნაჯახით შეჭრა და ძალადობა იყო.
გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. მიხაილ ხუბუტიას ბრალის დადასტურების შემთხვევაში, 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მიხაილ ხუბუტია აცხადებს, რომ ქალი მას პაემნებისათვის ფულს ართმევდა. ეს მაშინაც გაგრძელდა, რაც მათ საერთო შვილი შეეძინათ. თავდაპირველად ბიზნესმენი ამბობდა, რომ იულია ცილს სწამებდა და მასზე არ უძალადია. თუმცა, მოგვიანებით დანაშაული აღიარა და თქვა, რომ ყოფილ მეგობარ ქალს სცემა.