UFC -ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ორი წონის - ქვემსუბუქი და მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა და უდიდესი სიხარული მოუტანა ორ ქვეყანას - საქართველოს და ესპანეთს. როგორც ცნობილია, საქართველოში დაბადებული ქართველი ილია წლებია, ესპანეთში ცხოვრობს და იქვე ჩამოყალიბდა როგორც სპორტსმენი. მას ელ მატადორის მეტსახელითაც იცნობენ. ესპანელია მისი მეორე მეუღლე ჯორჯინაც, რომელთანაც ცოტა ხნის წინ ქალიშვილი შეეძინა. ჯორჯინა ილიას გვერდით არის ყველა მნიშვნელოვანი ბრძოლის დროს, ისევე, როგორც ილიას უფროსი ვაჟი ჰუგო. ილია ცდილობს, ბავშვებს ქართული გარემო მოუწყოს, ქართულ სიმღერებს ასმენინებს და ჰუგო ქართულად საუბრობს. რა თქმა უნდა, ამაში უდიდესი წვლილი შეაქვს ილიას ქართულ ოჯახს - დედ-მამას და უფროს ძმას. მიუხედავად იმისა, რომ წლებია ემიგრაციაში ცხოვრობენ, მშობლებმა ორივე ძმა ქართულად გაზარდეს და ილია პირველ რიგში ქართველების ჩემპიონია.
გუშინდელი ბრძოლის დროს ილიას გვერდით იყვნენ მშობლები, ძმა, ჯორჯინა და ჰუგო, და ასევე მისი ქართველი მეგობრები და გულშემატკივრები, მათ შორის, მეორე ჩემპიონი - მერაბ დვალიშვილი. ილიას დედა ინგა არენის გარეთ ქართველ გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნავდა ილიას გამარჯვებას. სპორტსმენს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ოჯახი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ძალის მიმცემია.