ხშირად, როდესაც ცნობილ ადამიანებს პლასტიკური ქირურგიის შესახებ ეკითხებოდნენ, ქირურგიულ ჩარევაზე ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შესანიშნავი ფიგურისა და გარეგნობის შენარჩუნება ბევრი წყლის დალევით, 9-საათიანი ძილითა და ვარჯიშით მოახერხეს. ვარსკვლავებს პლასტიკურ ქირურგიაზე საუბარი დღემდე უჭირთ და მაქსიმალურად ცდილობენ, ინფორმაცია დამალონ. კიდევ ერთი ტაბუდადებულ თემად "ოზემპიკის" გამოყენება გადაიქცა. ბევრი ცნობილი ადამიანი არ აღიარებს, წონაში უეცრად გასახდომის საშუალების გამო დაიკლო და არა სწორი კვებითა და ვარჯიშით...
როგორც წესი, ცნობილ ადამიანებს საზოგადოების კრიტიკისა და დაცინვის ეშინიათ და მსგავს ინფორმაციას ამიტომაც მალავენ. თუმცა, კარდაშიან-ჯენერების ოჯახი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც განაცხადა, რომ გარეგნობა სწორედ პლასტიკური ქირურგიის დახმარებით შეიცვალეს და არაერთი პროცედურა ჩაიტარეს.
მაგალითად, კაილი ჯენერის ძველი ფოტოები სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება და აშკარაა, რომ ახალგაზრდა მოდელმა და ბიზნესვუმენმა არაერთი ნაკვთი შეიცვალა. კაილიმ თავად თქვა გულწრფელად, რომ მკერდის ოპერაცია გაკეთებული აქვს. რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია აქვს ჩატარებული მის დას კიმ კარდაშიანსაც.
როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში, პლასტიკური ქირურგიის შესახებ გულწრფელი საუბარი იმაზე უფრო აქტუალური ხდება, ვიდრე ამ ინფორმაციის დამალვა. მაგალითად, ქლოი კარდაშიანმა ცოტა ხნის წინ მოულოდნელი, თუმცა გულწრფელი აღიარება გააკეთა, რაც პლასტიკურმა ქირურგის მიერ მისი გარეგნობის შესახებ კომენტარს მოჰყვა.
სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ქლოი ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილში შესანიშნავად გამოიყურებოდა.
შემდეგ თავისი ვერსია დაასახელა, თუ რა აქვს მას პლასტიკური ქირურგიით შეცვლილი. როგორც ჩანს, ქლოიმ ეს ვიდეო ნახა, მას გამოეხმაურა და თავად თქვა, თუ რა პროცედურებს იტარებს ბოლო დროს:
ოპერაციებისა და კოსმეტიკური ჩარევების რიცხვი საკმაოდ დიდია. ქლოი კარდაშიანს ცხვირის ოპერაცია ცნობილმა ქირურგმა, რაჯუ კანოდიმ გაუკეთა. მას "ჰოლივუდის ქირურგსაც" უწოდებენ. ასევე, ქლოი კარდაშიანი ბოტოქსსა და კანის გასაჭიმ სხვადასხვა პროცედურას იტარებს.
როგორც ცნობილია, ქლოი კარდაშიანი ადრე ფილერს აქტიურად იყენებდა, თუმცა რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა. კარდაშიანი ამბობს, მის შემთხვევაში, პრეპარატის კანიდან სრულად ამოღება ვერ მოახერხეს, ამიტომაც მას გარკვეულწილად ეფექტი შენარჩუნებული აქვს.
კოლაგენის ძაფები ნიკაპის ქვეშ და კისერზე, სახის მოვლა ორაგულის სპერმით, პეპტიდებით, ვიტამინებითა და ყოველდღიური პროფესიონალური საშუალებებით - ეს ქლოი კარდაშიანის სილამაზის საიდუმლოს კომპონენტებია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი, რამაც ქლოი კარდაშიანის გარეგნობის გარდაქმნა გამოიწვია, წონაში დაკლებაა. კარდაშიანმა 36 კილოგრამი დაიკლო...
იმის გათვალისწინებით, რომ კიმ კარდაშიანი პირველი ცნობილი ადამიანი იყო, ვინც ოზემპიკის გამოყენება 2022 წლის მეთ გალას წინ სცადა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქლოი კარდაშიანმაც წონაში დიაბეტის საწინააღმდეგო ინექციით დაიკლო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქლოი კარდაშიანს წარსულში საკვებზე დამოკიდებულების პრობლემა ჰქონდა და ამის გამო, ფსიქოლოგთანაც დადიოდა.
ქლოი კარდაშიანს სახლში საკუთარი სპორტდარბაზი აქვს და მწვრთნელის მეთვალყურეობით ვარჯიშობს. ასევე, ჰყავს პირადი ნუტრიციოლოგი და კვებას აკონტროლებს. როგორც ცნობილია, კარდაშიანი დღეში შვიდჯერ, მცირე ულუფებით ჭამს. მთავარი პრინციპი კი არის ის, რომ ძლიერი შიმშილი და მადის გაძლიერება არ გამოიწვიოს.
მკაცრი დიეტის მიუხედავად, ქლოი კარდაშიანი ზოგჯერ საკუთარ თავს უფლებას აძლევს, რომ არაჯანსაღი პროდუქტი მიიღოს და საყვარელი ბურგერი, პიცა ან მაკარონი ჭამოს.
41 წლის მილიონერი ქლოი კარდაშიანი იმასაც ამბობს, რომ თუ ასაკის მატებასთან ერთად, გარეგნობასთან დაკავშირებული პრობლემები შეაწუხებს, პლასტიკურ ქირურგიას კვლავ მიმართავს. მისი თქმით, მედიცინა მუდმივად ვითარდება და ბუნებრიობის დემონსტრირება მაშინ, როცა ადამიანს საკუთარი თავი არ მოსწონს, უაზროა.
ამ მოსაზრებას ოჯახის უფროსიც, კრის ჯენერიც იზიარებს. ცოტახნის წინ ის საზოგადოების წინაშე განსხვავებული იმიჯით წარდგა. კრის ჯენერმა გამაახალგაზრდავებელი პროცედურები ჩაიტარა და ამისთვის 300 ათასი დოლარი დახარჯა. მან ოპერაციები ჰოლივუდის წამყვან ქირურგთან, სტივენ ლევაინთან დაგეგმა. საზოგადოება კიმ კარდაშიანისა და კენდალ ჯენერის პლასტიკურ ქირურგიაზეც ხშირად საუბრობს. თუმცა, მათ ამ თემის ირგვლივ ჯერჯერობით ბევრ დეტალზე არ უსაუბრიათ.