ჰოლივუდის ვარსკვლავი მელ გიბსონი ათონის მთაზეა ბერებთან. ის სერბულ მონასტერში ატარებს დღეებს, განმარტოვდა და ბერებთან ერთად ლოცულობს. ამბობს, რომ აქ ყველაზე მეტად გრძნობს ღმერთთან კავშირს. მისივე თქმით, "ქრისტეს ვნებების" შემდეგ, რომელიც თავად გადაიღო და მოგვიანებით ამბობდა, რომ ღმერთი ეხმარებოდა მის გადაღებებში, სულ უფრო ხშირად ეძებს სულიერ სიმშვიდეს ჰოლივუდის მიღმა.
არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მის რწმენაზე დიდი გავლენა იქონია ამ ფილმმა.
ორგზის "ოსკაროსანი" და "ოქროს გლობუსის" მფლობელი, ცნობილი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი მელ კოლმ-კილე ჯერარდ გიბსონი 1956 წლის 3 იანვარს ნიუ-იორკში დაიბადა, ავსტრალიურ-ირლანდიურ ოჯახში. მეექვსე იყო 11 ბავშვს შორის. საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდა - ბებია მამის მხრიდან ცნობილი ოპერის მომღერალი ევა მილოტი იყო, ბაბუა ჯონ ჰატონ გიბსონი - მილიონერი და თამბაქოს ბიზნესის მფლობელი.
პირველი სახელი წმინდა მელის პატივსაცემად მიიღო, მეორე - კოლმ-კილი - ირლანდიის წმინდა კოლუმბოს პატივსაცემად.
1968 წელს გიბსონების ოჯახი ავსტრალიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც კიდევ 5 ბავშვი დაიბადა. აქედანვე იწყება კათოლიკური, თუმცა ნაკლებად მორწმუნე ოჯახის ახალი ამბავი.
მელის მამა მრავალი წელი ათეისტი იყო. ერთხელ სამუშაოზე მანქანის ზეთზე აუსრიალდა ფეხი და იმდენად მძიმე ტრავმა მიიღო, სამ ადგილას ჰქონდა ხერხემლის მოტეხილობა. ექიმებმა უთხრეს, რომ მთელი ცხოვრება ეტლში უნდა მჯდარიყო. თუმცა მელის მამის თქმით, მალევე ღვთისმშობელი დაესიზმრა და დაპირდა, რომ გამოჯანმრთელდებოდა. რამდენიმე თვეში გიბსონ-უფროსი მართლაც ფეხზე წამოდგა და ამის შემდეგ ღრმად მორწმუნე გახდა, საკუთარი რელიგიური თემიც კი შექმნა ავსტრალიაში, რომელიც საკმაოდ კონსერვატიული შეხედულებებით გამოირჩეოდა. მელი მაშინ მოზარდი იყო. მელის მამა ამბობდა, რომ ვატიკანის მეშვეობით მასონები ეკლესიას მართავენ, ჰოლოკოსტს კი სიონისტების გამონაგონად მიიჩნევდა. მოგვიანებით მისი ეს მსოფლმხედველობა მელ გიბსონზეც აისახა...
ახალგაზრდობაში მელი საკმაოდ ბუნტისთავი იყო. ხშირად ჩხუბობდა, ბევრს სვამდა, მანქანის მართვის უფლებაც ჩამოართვეს ერთხელ ამის გამო და ამბობს, რომ ალკოჰოლიზმმა ლამის თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მორიგი დაპატიმრების დროს კი მთვრალმა ანტისემიტური განცხადება გააკეთა, რომ ებრაელები იყვნენ ისტორიაში ყველა ომის მიზეზი და ჰოლივუდელმა კოლეგებმა მაშინ მწარედ გააკრიტიკეს.1992 წელს ჰომოფობიური განცხადებებიც გააკეთა, ხოლო როცა ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს, ასე თქვა: "მაშინ მოვიხდი ბოდიშს, როცა ჯოჯოხეთი გაიყინება. იმის იქითაც წასულან..."
მოგვიანებით, როცა "ქრისტეს ვნებები" გადაიღო, თქვა, რომ მისი მსოფლმხედველობა მთლიანად შეიცვალა. ისიც კი თქვა, რომ ფილმს მისი მეშვეობით სულიწმინდა იღებდა და ის მხოლოდ მას მიჰყვებოდა.
ახალგაზრდობაში მელი ლოთობისა და დებოშების გარდა, მექალთანეობითაც იყო ცნობილი. თუმცა ერთხელაც ჩხუბში ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო, რასაც კინაღამ ემსხვერპლა, და კლინიკიდან გამოწერის შემდეგ არა მხოლოდ რწმენაზე და ქცევებზე დაფიქრდა, სამაგალითო მეოჯახეც გახდა და სამსახიობო ამპლუაც კი შეიცვალა.
1980 წელს იქრწინა რობინ მურზე, რომელთანაც 7 შვილი შეეძინა და მრავალი წელი ბედნიერად იცხოვრა.
2009 წელს გაჟონა ინფორმაციამ, რომ მსახიობი ოქსანა გრიგორიევა ელოდებოდა მისგან შვილს. მელი ცოლს გაეყარა, არც ოქსანასთან დარჩენილა, თუმცა თავის მერვე შვილზე ზრუნვის პასუხისმგებლობა აიღო. 2011 წელს რობინ მურს ოფიციალურად გაშორდა და ქონების ნახევარი გაუყო ცოლს. გარდა ამისა, სასამართლომ დაავალდებულა, რომ განქორწინების შემდეგაც მისი შემოსავალი ყოველთვის უნდა გაუნაწილდეს მის ყოფილ ცოლს.
2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელ გიბსონს და 26 წლის მწერალ როზალინდა როსს ვაჟი ეყოლათ. ის მელის მეცხრე შვილია.