ტელეფონი, სამკაულები, გასაღები, ლოსიონები, თმის საღებავები... - ზაზა თელია განმარტავს, რა შეიძლება იწვევდეს ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტს და როგორ შეიძლება, ამოვიცნოთ ის - მშობლები

ტელეფონი, სამკაულები, გასაღები, ლოსიონები, თმის საღებავები... - ზაზა თელია განმარტავს, რა შეიძლება იწვევდეს ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტს და როგორ შეიძლება, ამოვიცნოთ ის

2025-07-02 14:50:50+04:00

ექიმი-დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ალერგიული კონტაქტური დერმატიტის შესახებ საუბრობს და ასახელებს იმ სიმპტომებს, რომლებითაც შეგვიძლია, პრობლემა ამოვიცნოთ:

- ხშირად, რასაც ადამიანი კანზე დაზიანებად ხედავს, ყველაფერს ალერგიულ დერმატიტს ეძახის. მათ შორის, ბავშვების შემთხვევაშიც. თავად სიტყვა დერმატიტი კანის ანთებას ნიშნავს. ის შეიძლება სხვადასხვა ხასიათის იყოს. მაგალითად, ატოპიური დერმატიტი კანის ბარიერის დარღვევასთან დაკავშირებული პრობლემაა, რომელიც ყველაზე ხშირი ბავშვებშია. თუმცა, მოზრდილებშიც შეიძლება, შეგვხვდეს. ის კანის სიმშრალესთან ასოცირდება.

ხოლო, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი აბსოლუტურად სხვა მიმართულებაა. არსებობს ალერგიული კონტაქტური დერმატიტი და გამაღიზიანებელი კონტაქტური დერმატიტი.

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ე.წ. მეოთხე ტიპის, დაყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციაა. ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ნიშნავს, რომ უცხო ანტიგენზე კონტაქტი უნდა მოხდეს კანთან, რომ ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია მოგვცეს. ეს დაყოვნებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ გვიან ვლინდება. 24, 72 საათი ან კიდევ რამდენიმე დღე და კვირაც კი შეიძლება, დასჭირდეს, რომ რეაქცია გამოვლინდეს.

ალერგიული კონტაქტური დერმატიტის სიმპტომებია:

  • ინტენსიური ქავილი
  • სიწითლე/ფერის შეცვლა
  • შეშუპება
  • გამონაყარი
  • ბუშტუკები
  • მშრალი, აქერცლილი კანი
  • წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება
  • კანის გასქელება - ქრონიკული ქავილი

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი შეიძლება, დაიწყოს იმ ადგილას, სადაც უშუალოდ კონტაქტია ალერგენთან, თუმცა მას გავრცელება ახასიათებს. შეიძლება, სხვა უბნებშიც გავრცელდეს.

რა იწვევს ყველაზე ხშირად ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტს?

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი საშუალებები კანთან კონტაქტში უნდა იყოს:

  • ლითონები: ნიკელი (გვხვდება სამკაულებში, ქამრის ბალთებში, ელვაშესაკრავებში, მობილურ ტელეფონებში), კობალტი, ოქრო.
  • პარფიუმი (Fragrance) გვხვდება სუნამოებში, ლოსიონებში, საპნებში, კოსმეტიკაში და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქტებში.
  • კონსერვანტები, რომლებიც პირადი მოვლისა და საყოფაცხოვრებო პროდუქტებში გვხვდება.
  • მცენარეები - შხამიანი სურო, შხამიანი მუხა, ჭინჭარი
  • რეზინის ნაწარმი - ხელთათმანები, ელასტიური ზოლი ტანსაცმელში.
  • ადგილობრივი გამოყენების მედიკამენტები: ნეომიცინი
  • თმის საღებავები
  • აკრილის ნაერთები, რომლებიც ფრჩხილის პროდუქტებში გვხვდება

ალერგიული კონტაქტური დერმატიტი დაყოვნებული ტიპისაა. შეიძლება, უშუალოდ მალე, რამდენიმე საათში არ გამოვლინდეს.

როგორია მკურნალობის მეთოდები?

  • ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებისა და პერორალური კორტიკოსტეროიდების გამოყენება, ჰორმონალური მალამოების სახით.
  • ალერგიის საწინააღმდეგო მედიკამენტები
  • დამატენიანებლები და დამარბილებლები საშუალებები
  • გრილი კომპრესები - შეშუპებისა და ქავილის შემთხვევაში გვიშველის
  • შვრიის აბაზანები
  • ფოტოთერაპია

იხილეთ გადაცემა ვრცლად