2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. აბიტურიენტებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დასრულდება. ამის შემდეგ ნაშრომების გასწორებისა და შედეგების გამოცხადების ეტაპი დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას და აბიტურიენტებს მნიშვნელოვან საკითხებს ახსენებს:
ყველა აპლიკანტი ვალდებულია საგამოცდო ცენტრში გამოცხადდეს საგამოცდო ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას, რადგან დაგვიანების შემთხვევაში ისინი გამოცდაზე აღარ დაიშვებიან და გამოეთიშებიან საგამოცდო პროცესს.
გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა რეგისტრაციის დროს. რეგისტრაცია იწყება ბარათზე მითითებულ დროს და გრძელდება 1 საათის განმავლობაში.
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დარჩენის შემთხვევაში, თქვენ დაიშვებით გამოცდაზე, თუმცა თქვენი ნაშრომი გასწორდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარადგენთ პირადობის მოწმობას გამოცდის შემდეგ საგამოცდო ცენტრში კონკრეტულად თქვენთვის განსაზღვრულ ვადებში.
სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია თან იქონიოს: წყალი პლასტმასის ბოთლით; საწერი კალამი შესაბამისი პარამეტრებით (გელიანი (ე. წ. ტუშის), შავი ფერის, 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით). გამოცდაზე არ შეიძლება მობილური ტელეფონისა და ნებისმიერი ელექტრონული ხელსაწყოს, მათ შორის, გამორთულ მდგომარეობაში შეტანა. ზედმეტი ნივთების დატოვება შესაძლებელი იქნება ნივთების შესანახ სივრცეში.
ყველა სექტორში დაგხვდებათ საათი, შესაბამისად, გამოსაცდელებს ექნებათ საშუალება აკონტროლონ დრო. ასევე, გამოცდის დასრულებამდე 10 წუთით ადრე დამკვირვებელი შეგახსენებთ, რომ დროულად დაასრულოთ ტესტზე მუშაობა.
გახსოვდეთ, არ შეიძლება:
ჩამოთვლილის გარდა, ნებისმიერი სხვა წესის დარღვევისას აბიტურიენტი იღებს გაფრთხილებას. მეორე გაფრთხილების მიღების შემთხვევაში დამკვირვებელი ვალდებულია გამოცდიდან მოხსნას აბიტურიენტი.
თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, პასუხების ფურცელს შეგიცვლიან ახლით. შეცვლას ექვემდებარება, აგრეთვე, ხარვეზიანი პასუხების ფურცელი. თქვენ ასევე მოგაწვდიან ფურცელს შავი სამუშაოსთვის - საჭიროების შემთხვევაში კი შეგიძლიათ მოითხოვოთ დამატება. გაითვალისწინეთ, რომ სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი, თუმცა ტესტირების დასრულებისთანავე თქვენ აბარებთ მეთვალყურეს ყველა ფურცელს, რომელზეც იმუშავეთ, მათ შორის ფურცლებს შავი სამუშაოსთვის და გადაცემის პროცესს ადასტურებთ ხელმოწერით შესაბამის უწყისში.
ნაშრომი არ სწორდება, თუ:
პასუხების ფურცელი ან შტრიხკოდი დაზიანებულია; აბიტურიენტი საგამოცდო დროის ამოწურვისთანავე არ შეწყვეტს მუშაობას და არ ჩააბარებს პასუხების ფურცელს; პასუხების ფურცელს დააწერს სახელს, გვარს ან პიროვნების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემცველ რაიმე სხვა ინფორმაციას, ან რაიმე სახის ისეთ გრაფიკულ გამოსახულებას, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან. გამოცდაზე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე გამოცხადების შემთხვევაში, როცა აბიტურიენტი არ წარუდგენს ცენტრს მას შესაბამის ვადებში.
ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება:
ა) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოცდის დროს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში არანაკლებ ერთი დღე-ღამით ყოფნის გამო;
ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო;
გ) დაუძლეველი ძალის გამო.
აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
თუ აბიტურიენტმა დაუძლეველი ძალის გამო ვერ შეძლო საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და, არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ასევე, სხვადასხვა ჯგუფში საგამოცდო ბარათებთან დაკავშირებით არაერთმა აბიტურიენტმა იკითხა. მათ აინტერესებთ, ბარათი ფერადი პრინტით უნდა იყოს დაბეჭდილი თუ - შავ-თეთრია მისაღები.
შეკითხვით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ ბარათი შავ-თეთრი იქნება თუ ფერადი, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, მონაცემები მკაფიოდ ჩანდეს.
თამარ იაკობაშვილი