"ჩემი რჩევა იქნება, ზუსტად რეგისტრაციის დაწყების დროს გამოცხადდეთ... დაგვიანებული აბიტურიენტი საგამოცდო სივრცეში ვერ შევა" - ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა - მშობლები

"ჩემი რჩევა იქნება, ზუსტად რეგისტრაციის დაწყების დროს გამოცხადდეთ... დაგვიანებული აბიტურიენტი საგამოცდო სივრცეში ვერ შევა" - ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა

2025-07-03 11:31:59+04:00

2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, პირველ სესიაზე ერთმა აბიტურიენტმა დააგვიანა. არსებული წესის მიხედვით, აბიტურიენტს, რომელიც გამოცდაზე დააგვიანებს, საგამოცდო სექტორში აღარ უშვებენ.

ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე 93%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მეორე სესიის აბიტურიენტებს ურჩევს, რომ საგამოცდო ცენტრთან ზუსტად 2 საათზე გამოცხადდნენ და ამ გზით, დაგვიანების რისკი თავიდან აირიდონ:

"ჩემი რჩევაა, რომ ზუსტად 8 საათზე და ასევე, მეორე სესიის დროს, ზუსტად 2 საათზე გამოცხადდეთ საგამოცდო ცენტრთან. ეს იქნება აბსოლუტური გარანტია იმისა, რომ არ დაიგვიანებთ. იცით, რომ ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა. იგივე დამოკიდებულებაა, რომ დაგვიანებული აბიტურიენტი საგამოცდო სივრცეში ვერ შევა და ის ჩარიცხვის უფლებას კარგავს. საგამოცდო ბარათის წარდგენა აუცილებელია. საგამოცდო ბარათი და პირადობის მოწმობა ეს ორი აუცილებელი ატრიბუტია, რითაც გამოცდაზე უნდა გამოცხადდნენ." - ამბობს ნინო წერეთელი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი რუსთავი 2-ის ეთერში.

აბიტურიენტები დღეს, მეორე სესიაზე, კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ გამოცდას. რეგისტრაცია 2 საათზე იწყება. საგამოცდო პროცესი კი 3 საათზე.